GE

თბილისში ათეულობით ბაგა-ბაღი დაიხურა – დაინფიცირებული ბავშვებისა და აცრილი მოზარდების სტატისტიკა

თბილისში არსებული 186 საბავშვო ბაღიდან, 27 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსული პანდემიის გამო 75 მთლიანად დახურულია. არ ფუნქციონირებს ასევე სხვა საბავშვო ბაღების 165 ჯგუფი. ინფიცირებულია 319 თანამშრომელი და 114 ბავშვი.

ახალი რეგულაციების მიხედვით, შემცირებულია კარანტინის პერიოდი და 14 დღის მაგივრად, 8 დღეში იხსნება, თუმცა, როგორც თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში დღეს EDU.ARIS.GE-ს უთხრეს, ბავშვების უმრავლესობა ბაღში ისედაც არ დადის.

როგორც უკვე ცნობილია, კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება ბავშვთა ასაკში. „იმედის“ ინფორმაციით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 27 იანვრის მონაცემებით 165 ბავშვი მკურნალობს. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტების ჰოსპიტალიზაცია „ომიკრონის“ შემთხვევაში მხოლოდ 2 დღეს გრძელდება. 165 პაციენტიდან 3 მათგანი მართვით სუნთქვაზეა. აღსანიშნავია, რომ კლინიკაში არცერთი 12 წლის ზემოთ ასაკის პაციენტი მოხვედრილა, რომელიც აცრილია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 27 იანვრის მონაცემებით, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 837, სრულად აცრილია 2 686. 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 390 სრულად აცრილია 10 804.

ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 686 220 აცრა. აქედან სრულად ვაქცინირებულია 1 215 005 ადამიანი. 27 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებულია კორონავირუსული ინფექციის 17 484 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 27 ადამიანი. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 840-ს შეადგენს.

ქვეყანაში 16-დან 18 წლამდე პირების აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით 2021 წლის 21 ივლისიდან არის დაშვებული, 12-დან-15 წლამდე მოზარდებისთვის იგივე ვაქცინა 2021 წლის 9 ნოემბრიდან გახდა ნებადართული.

ასევე იხილეთ:

მასწავლებლების სავალდებულო ტესტირება კოვიდზე დროებით შეჩერდება – ამირან გამყრელიძის განმარტება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური