GE

თბილისში „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერები და გამოცემები გამოიფინება

შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, წელს, 26 მაისს,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,  დამატებითი თემატური დატვირთვა მიეცემა – თბილისსა და მთელი საქართველოს მასშტაბით ღონისძიებები   ლოზუნგით – „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ გაიმართება.

სწორედ ამ მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ, 19 მაისს ვეფხისტყაოსანიდა რუსთაველის ეპოქა გამოფენა გაიხსნება, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერების, გამოცემებისა და ილუსტრაციების ნახვის შესაძლებლობა საზოგადოებას 27 მაისამდე ექნება.

დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ თსუ-ს ბიბლიოთეკასა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცულ უნიკალური მასალას, რადგან გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თსუ ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ,,ვეფხისტყაოსნის’’ ყველა საეტაპო მნიშვნელობის მქონე უნიკალური გამოცემა. მათ შორის, პირველი, 1712 წლის ვახტანგისეული ,,ვეფხისტყაოსანი’’. ასევე 1888 წლის ,,ქართველიშვილისეული’’ გამოცემა, რომელიც გაფორმებულია ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით.

დამთვალიერებელი ასევე იხილავს მსოფლიოს ხალხთა ენებზე თარგმნილ  (ფრანგული, გერმანული, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, უკრაინული,  მოლდოვური, სპარსული, არაბული, ჩეჩნური, ლატვიური, ოსური და ა.შ) და ბოლოდროინდელ გამოცემებს. მათ შორის ,,ვეფხისტყაოსნის’’ კორეულ თარგმანს, რომელიც პირველად 2016 წელს ითარგმნა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას თავად კორეის ელჩმა გადასცა საჩუქრად.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისთვის“ შესრულებული ილუსტრაციების ორიგინალებს, ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების შექმნამდე გადაღებულ ე. წ. „ცოცხალი სურათების“ ორიგინალებს („ვეფხისტყაოსნის“ დადგმითი სცენები), რომელბიც მხატვარმა გადაიღო თბილისსა და ქუთაისში და სწორედ ეს ფოტოები გამოიყენა ილუსტრაციების შესაქმნელად. ფოტოებზე  ასახულნი არიან XIX საუკუნის 80-იანი წლების გამორჩეული ქართველი სახეები: გიორგი შარვაშიძე, ბაბო დადიანი და სხვა; „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერების ზუსტ ასლებს. მათ შორის გამოიფინება  იმერეთის მეფის, სოლომონ II-ისეული ე. წ. „წერეთლისეული“ ხელნაწერი, ქართლის მეფის, გიორგი XI-ის მიერ დაკვეთილი ე. წ. „ბეგთაბეგისეული“ ნუსხა, ლევან II დადიანის დაკვეთით მამუკა თავაქარაშვილის მიერ გადაწერილი უნიკალური ხელნაწერი და სხვ.

„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ნუსხების ასლების გვერდით წარმოდგენილი იქნება რუსთაველის ეპოქის ხელნაწერების დიდი ოსტატობით შესრულებული ასლებიც: თამარ მეფის პირადი დაკვეთით რომანას ქართულ მონასტერში (კონსტანტინოპოლი) გადაწერილი ხელნაწერი – „ვანის სახარება“, რომელიც თამარის პირადი კუთვნილება იყო, და ასტროლოგიური ტრაქტატი (1188 -1210წწ.).

საქართველოში შოთა რუსთაველის დღე დაწესდება

“ვეფხისტყაოსნის” სწავლების მეთოდიკა IV კლასში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური