აბიტურიენტების მთავარი კითხვა: თემურლენგი, თემურ ლენგი თუ თემურ-ლენგი – რომელია სწორი ფორმა?
თემურლენგი, თემურ ლენგი თუ თემურ-ლენგი – რომელია სწორი ფორმა? – ეს 2018 წლის აბიტურიენტების ნაწილის ბოლო დღეების მთავარი კითხვაა.
საკითხით EDU.ARIS.GE მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აბიტურიენტებმა, 3 ივლისის, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ტექსტის რედაქტირებაში ეს სახელი გაასწორეს და მოგვიანებით დიდი დაინტერესება ჰქონდათ, სწორი იყო თუ არა მისი გასწორება.
როგორც აბიტურიენტები აცხადებენ, ნაწილმა ეს შეცდომად ჩათვალა და გაარედაქტირა – ნაწილმა დეფისით გადაწერა, ნაწილმა კი ცალ-ცალკე. აბიტურიენტებს ისიც აინტერესებთ ჩაითვლება თუ არა შეცდომად და გახდება თუ არა ქულის დაკლების მიზეზი მაგალითად თემურ ლენგის დეფისით დაწერა. ზოგიერთი აბიტურიენტი კი ამბობს, რომ ისტორიული სახელები სხვადასხვა წყაროში განსხვავებული სახით გვხვდება და არ არსებობს დაზუსტებული სწორი ფორმა, ამიტომაც მიიჩნევენ, რომ აღნიშნული დასახელება არ იყო გასასწორებელი და, შესაბამისად, რედაქტირებისგან თავი შეიკავეს.
გასული წლების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, გამოცდების ცენტრის გასწორების კომისია საორჭოფო პასუხებს აბიტურიენტებს შეცდომად არ უთვლის.
საკითხში პროფესიონალურ დონეზე გარკვევის მიზნით, ჩვენ ენათმეცნიერი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, თამარ ვაშაკიძე გვესაუბრა:
„თემურლენგი არის საკუთარი სახელი. ოდიდგანვე ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, ხან დეფისით იწერება და ზოგი ცალ–ცალკეც წერს. სპეციალური ლექსიკონი, რომელშიც ეს სახელი უნდა იყოს შესული არ არსებობს, საკუთარი სახელების და კონკრეტულად თემურლენგი. ამიტომ, თემურლენგს ვერავინ ვერ გაასწორებს. თუ ერთად იყო ტექსტში, არ უნდა ეხლოთ ბავშვებს ხელი და მეტსაც გეტყვით, არაფრით არ შეიძლებოდა ასეთი ნაწყვეტის მოტანა. თუ მოიტანეს, უნდა ეთქვათ, რომ ამას ხელი არ ახლოთ ან დატოვეთ ისე, როგორც არის, ეს არის დიდი შეცდომა. ამის გასწორება არ შეიძლება იმიტომ, რომ მე ვერ გაჩვენებთ თქვენ ორთოგრაფიულ ლექსიკონს, რომელშიდაც ეწეროს მაგალითად დეფისით და არაერთად, ან ერთად და არა დეფისით. ეს არ უნდა მოსულიყო გამოცდებზე და თუ მოვიდა, ბავშვებს ხელი არ უნდა ეხლოთ. ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ეს მოვიდა გამოცდებზე.“
–გამოდის, რომ ეს არის საორჭოფო, ასეა?
–რა თქმა უნდა, საორჭოფოა. შაჰაბასი ზოგჯერ დეფისით ეწერა, ზოგჯერ არა. ის ლექსიკონი ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ. ამიტომ, ამ სახელის გასწორების უფლება არავის არა აქვს, რადგან ხან ისე წერია, ხან–ასე.
–აბიტურიენტები კითხულობენ ჩაეთვლებათ თუ არა ეს შეცდომად, თუ შეცვალეს ტექსტში მოცემული სახელის დაწერის ფორმა…
–ეს არ ჩაეთვლებათ შეცდომად, მაგრამ არ უნდა მოსულიყო. ეს არის ჩემი პოზიცია, მე თქვენ ვერ გიჩვენებთ ლექსიკონს, თუ საქმე–საქმეზე მივიდა და ვინმემ მიჩივლა, რომ მაინცდამაინც დეფისით არის სადმე, ან მაინცდამაინც ცალ–ცალკეა. ვერცერთ პოზიციას ვერ დავიცავთ. თავად ამის გამოცდაზე მოტანაა შეცდომა და ამაზე ახლავე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ თუ ამ სიტყვის გასწორებას ბავშვებს შეცდომად ჩაუთვლის, ეს უნდა იყოს, უპირველესყოვლისა, აღნიშნული, და ეს არ შეიძლება.
განვმარტავთ, რომ, როცა ჩვენ ვამბობთ, თემურლენგი არც ერთ ლექსიკონში არ არის წარმოდგენილი, ცხადია, ვგულისხმობთ ორთოგრაფიული ლექსიკონის თანამედროვე გამოცემას (ვ. თოფურიასა და ივ. გიგინეიშვილის „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“, რომელშიც ეს ფორმა ორთოგრამადაა მოცემული, 1968 წელსაა გამოქვეყნებული. ამავეს იმეორებს „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“). ჩვენ მხოლოდ პოზიცია გამოვხატეთ ამ სახელის მართლწერასთან დაკავშირებით (ამ პოზიციას არც ახლა უარვყოფთ) და გამოცდების ეროვნული ცენტრის მუშაობასთან, ბუნებრივია, შენიშვნები არ გვაქვს.
ავტორი სალომე ზარიძე
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება