მოსწავლეთა მიღწევა კითხვასა და მათემატიკაში შემცირებულია – საქართველოს შედეგები PISA 2022-ის თანახმად
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2022 პირველადი ანგარიშის თანახმად, საქართველოში 15 წლის მოსწავლეების შედეგები მხოლოდ საბუნებისმეტყველო საგნებშია გაზრდილი და ისიც 1 ქულით. ამავე კვლევის შედეგების თანახმად, საშუალო მიღწევის მოკლევადიანი ანალიზის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით მათემატიკაში მიღწევა შემცირდა 8 ქულით, კითხვაში – 6 ქულით. თუმცა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის ძირითადი მიგნებების ამ ნაწილს ერთვის განმარტება – “არცერთი ეს ცვლილება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის”.
“საქართველოს შედეგებში 2022 წლის ციკლში შედეგების კლება დაფიქსირდა, თუმცა 2018 წლის მიღწევებთან შედარებით ეს შემცირება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) აფასებს 15 წლის მოსწავლეების ცოდნასა და უნარებს მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. PISA-ს შეფასების მიზანია დაადგინოს რამდენად შეიძინეს 15 წლის მოსწავლეებმა ის ცოდნა და უნარები, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებაში სრულყოფილი მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროებში. PISA-ს შეფასება 15 წლის მოსწავლეების მიერ ცოდნის რეპროდუცირების უნართან ერთად ზომავს, რამდენად კარგად შეუძლიათ მოსწავლეებს ნასწავლის ექსტრაპოლაცია და მისი გამოყენება უცნობ გარემოში, როგორც სკოლაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
PISA 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსწავლეთა 34%-მა მიაღწია მათემატიკის მე-2 საბაზო დონეს, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია OECD-ის ქვეყნების საშუალოზე (OECD-ის საშუალო: 69%). კითხვაში დაახლოებით 33%-მა მიაღწია კითხვის მე-2 ან უფრო მაღალ დონეს (OECD-ის საშუალო: 74%), ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში დაახლოებით 35%-მა (OECD-ის საშუალო: 76%).
ანგარიშის ავტორები წერენ, რომ PISA 2022-ში მონაწილე ქვეყნების/ეკონომიკების უმრავლესობაში მოსწავლეთა მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გაუარესდა შეფასების სამივე სფეროში. საშუალოდ OECD-ის ქვეყნებში 2018-დან 2022 წლამდე მათემატიკაში მიღწევების მაჩვენებლები თითქმის 15 ქულით გაუარესდა, რაც უპრეცედენტო კლებაა 2015-2018 წლებში სტაბილური ტენდენციის შემდეგ და 2018 წლამდე მიღწევების ცვლილებებთან მიმართებაში, სადაც ციკლიდან ციკლამდე სხვაობა 4 ქულას არ აღემატებოდა.
“საქართველო PISA 2022-ში მონაწილე იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებმაც სტაბილურობა აჩვენეს და შედეგები 2018 წელთან მიმართებაში სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ შეცვლილა შეფასების სამივე სფეროს მიხედვით. PISA 2022-ში მონაწილე 24-მა ქვეყანამ/ეკონომიკამ და, მათ შორის, საქართველომ მათემატიკის სფეროში (390 ქულა) შეინარჩუნა 2018 წლის მიღწევის მაჩვენებელი. კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველოს ქულაა 374 და 384”, – წერია ანგარიშში.
მრავალგვერდიანი კვლევის ძირითად მიგნებებში შედეგები მოცემულია სკოლის ტიპის, ადგილმდებარეობის, ტესტის ენისა და მოსწავლის სქესის მიხედვით, რომლის თანახმად ირკვევა, რომ კერძო სკოლების მოსწავლეები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით, როგორც მათემატიკაში (კერძო – 445, საჯარო – 384), ასევე კითხვასა (კერძო – 426, საჯარო – 369) და საბუნებისმეტყველო საგნებში (კერძო – 436, საჯარო – 379).
საქართველოში სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით, PISA 2022-ში მათემატიკაში მაღალი შედეგებით გამოირჩევიან თბილისის მაცხოვრებელი მოსწავლეები (417 ქულა), შემდეგ სხვა ქალაქებისა (383 ქულა) და სოფლად მცხოვრები მოსწავლეები (369 ქულა). ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ (344 ქულა). მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც.
PISA-მ დაადგინა, რომ საშუალოდ მონაწილე ქვეყნებსა და ეკონომიკებში გოგონები სჯობნიან ბიჭებს კითხვაში და, ბიჭები სჯობნიან გოგონებს მათემატიკაში. საქართველო PISA 2009-2022 წლებში მონაწილე იმ ქვეყნებს განეკუთვნება, რომლებშიც შედეგები საპირისპიროა და სტერეოტიპები გავლენას ნაკლებად ახდენს გოგონების მიღწევებზე – საქართველოში, გოგონებს უფრო მაღალი ქულები აქვთ შეფასების სამივე სფეროში, ვიდრე ბიჭებს.
PISA 2022 წლის შედეგებით, საქართველოში ბიჭები და გოგონები, საშუალოდ მსგავს დონეზე ასრულებდნენ მათემატიკის დავალებებს. კითხვაში გოგონები 35 ქულით სჯობნიდნენ ბიჭებს (გოგონა – 392 ქულა, ბიჭი – 357 ქულა). საბუნებისმეტყველო საგნებში გოგონებმა 14 ქულით მეტი (391 ქულა) მიიღეს, ვიდრე ბიჭებმა (377 ქულა).
საქართველო PISA 2022-ში მონაწილე იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც სქესის მიხედვით გოგონების შედეგები აღემატება ბიჭების მიღწევებს. საქართველოს მსგავსი მონაცემები აქვთ ბრუნეის, ჩრდილოეთ მაკედონიას, ფილიპინებს, მაროკოს, ალბანეთს, პალესტინას, მონღოლეთს, ბაქოს (აზერბაიჯანი), დომინიკის რესპუბლიკას, ფინეთს და კიდევ 6 სხვა ქვეყანას.
რაც შეეხება შედეგებს PISA-ს სოციალურ-ეკონომიკური ინდექსის მიხედვით, კვლევაში წერია, რომ მოსწავლეები საქართველოდან შედიოდნენ ყველაზე შეჭირვებულ მოსწავლეთა შორის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2022 წლის ციკლში. საქართველოს მსგავსი სოციო-ეკონომიკური ფონი ჰქონდა ყოველ მესამე მოსწავლეს თურქეთსა და ვიეტნამში.
“2015-2022 წლებში, საქართველოში სოციო-ეკონომიკური სტატუსით გამოწვეული განსხვავება მათემატიკის შედეგებში შემცირდა, ხოლო OECD-ის ქვეყნებში საშუალო სხვაობა სტაბილური დარჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში სოციო-ეკონომიკურად შეძლებულმა მოსწავლეებმა (სოციო-ეკონომიკური სტატუსის მიხედვით ზედა 25%) მათემატიკაში 65 ქულით აჯობეს შეჭირვებულ მოსწავლეებს (ქვედა 25%). ეს მაჩვენებელი ნაკლებია OECD-ის ქვეყნებში ანალოგიურ ორ ჯგუფს შორის საშუალო სხვაობაზე (93 ქულა). საქართველოს ეკონომიკურად შეჭირვებული 15 წლის მოსწავლეების დაახლოებით 14%-მა მათემატიკაში უმაღლესი ქულები მიიღო და მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეების ზედა 25%-ში მოხვდა. ეს მოსწავლეები შეიძლება ჩაითვალონ აკადემიურად მდგრადებად, რადგან მიუხედავად სოციოეკონომიკური სტატუსისა, საქართველოს სხვა მოსწავლეებთან შედარებით უმაღლეს შედეგებს მიაღწიეს. შედარებისთვის, OECD-ის ქვეყნებში, ეკონომიკურად შეჭირვებული მოსწავლეების მხოლოდ 10%-მა მიიღო მათემატიკაში უმაღლესი შეფასება და შეძლო მიღწევების ზედა 25%-ში მოხვედრა”, – წერია PISA 2022-ის ანგარიშში.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით 2000 წლიდან (სამ წელიწადში ერთხელ) ტარდება. შეფასება შემუშავებულია ერთობლივად, შეთანხმებულია თითოეულ მონაწილე ქვეყანა/ეკონომიკასთან და ტარდება ეროვნული ცენტრების მიერ. საქართველოში შეფასებას სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. საქართველო PISA-ში 2009 წელს ჩაერთო, მომდევნო შეფასებები ჩატარდა 2015, 2018 და 2022 წლებში.
PISA 2022-ში მონაწილეობდა 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690,000 მოსწავლე, რაც დაახლოებით 29 მილიონ 15 წლის მოზარდს წარმოადგენს. საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 267 სკოლის 6,583-მა მოსწავლემ, სკოლის დირექტორის კითხვარი შეავსო 267-მა დირექტორმა, მასწავლებლის კითხვარი 3,202-მა პედაგოგმა, ხოლო მშობლის კითხვარი 6,252-მა მშობელმა/მეურვემ. PISA 2022 წლის ტესტირების პერიოდში საქართველოში 15 წლის მოსწავლეების 76% მე-10 კლასში ირიცხებოდა.
PISA 2022-ის თანახმად, სასკოლო განათლების მიმართულებით ლიდერი სინგაპურია.
PISA 2022-ის საქართველოს შედეგებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება