GE

თქვენი ბავშვი ან მოსწავლე ვერ კითხულობს? – ალბათ, გაინტერესებთ რატომ

ნიკა მე-2 კლასის მოსწავლეა. არითმეტიკა კარგად  აითვისა.  ერთ-ერთი პირველი ასრულებს საკლასო სამუშაოს და სახლშიც დამოუკიდებელად  მუშაობს საშინაო დავალებაზე.  ანბანის ასოებიც სწრაფად დაიმახსოვრა. სიტყვებში ყველას ცნობს, თუმცა ვერ კითხულობს.  მაგ: სიტყვა „გოგო“-ში ყველა ასოს ამოიკითხავს ცალ-ცალკე, თუმცა გაერთიანებისას ღებულობს: „გულს“, „გოგრას“ და ა.შ. ნიკა მიხვედრით ასრულებს სიტყვას პირველ ასოზე დაყრდნობით.

ნიკას მეგობარი მე-3 კლასშია. ის ასოებს სიტყვაში აერთიანებს, თუმცა კითხულობს მარცვალ-მარცვალ და ტექსტის ამოკითხვაზე გაცილებით მეტ დროს ხარჯავს, ვიდრე მისი კლასელი ელენე.  გოგონა კარგად და სწრაფად კითხულობს. არ ამახინჯებს სიტყვებსა და წინადადებებს, თუმცა წაკითხულიდან  შინაარსი ვერ გამოაქვს და  შესაბამისად, ტექსტზეც ვერ მუშაობს დამოუკიდებლად.

კითხვის სირთულეების ჩივილით ბევრი მშობელი მოგვმართავს კლინიკაში. ძირითადად, პედაგოგი გადმოამისამართებს ხოლმე მათ სპეციალისტთან, მას შემდეგ რაც თავად ყველა გზა სცადა, წარმატებას კი ვერ მიაღწია. პედაგოგის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში ძალიან მართებულია, რადგან არსებობს კითხვის დარღვევის მრავალფეროვანი გამოხატულება და მიზეზი, შედეგად ჩარევის გზაც მხოლოდ პრობლემის სპეციფიკის დაზუსტების შემდგომ შეიძლება დაიგეგმოს.

ზემოთ აღწერილ სამივე ბავშვს საერთო პრობლემა აქვს: ვერ კითხულობენ. ან კითხულობენ, მაგრამ ეს არ არის ფუნქციური კითხვა. ბავშვი ვერ იყენებს კითხვას, როგორც ახალი ინფორმაციისა და განათლების მიღების გზას.

პრობლემა საერთოა, მაგრამ  სრულიად განსხვავებულია კითხვის დარღვევის სურათი, ე.წ. სიმპტომები თითოეული ბავშვის შემთხვევაში. რატომ?  ეს უკვე კითხვის დარღვევის მრავალფეროვანი მექანიზმის დამსახურებაა.

ალბათ გვახსოვს, ნიკა ასო-ასო კითხულობს სიტყვა „გოგო“-ს და შედეგად „გოგრას“, ან „გულს“ იღებს.  ამ ტიპის  კითხვის დარღვევის მექანიზმი  ე.წ. ფონოლოგიური ანალიზისა და სინთეზის პრობლემაა.

რას ნიშნავს ეს?

წიგნს ვხურავთ და ნიკას უბრალოდ ვთხოვთ მოგვისმინოს. ჩვენ მას ვკარნახობთ ასოებს: გ  ო  გ  ო  . ასოებს  ვაწოდებთ ხანმოკლე, თანაბარი პაუზებით. შემდეგ კი ვთხოვთ გააერთიანოს ასოები და გვითხრას რა გამოვიდა. ბავშვი  კვლავ  გვპასუხობს: გოგრა ? გოჭი ? გული ? და ა.შ.   ბავშვი ვერ ახერხებს ასოების სიტყვაში გაერთიანებას, რადგან  დანაწევრებულ ბგერებსაც კი  ვერ აერთიანებს სიტყვაში.  ეს პრობლემა გაცილებით ადრე დაიწყო,  ბავშვის სკოლაში შესვლამდე. ფონოლოგიური ანალიზისა და სინთეზის უნარის განვითარებაზე სპეციალისტები მუშაობენ სასკოლო მზაობის შექმნის ეტაპზე.

ნიკას მე-3 კლასელი მეგობრის პრობლემის სპეციფიკა განსხვავებულია. მარცვალ-მარცვალ კითხულობს და სიტყვებსაც აერთიანებს, თუმცა  ძალიან ნელია.

რა ხდება ამ შემთხვევაში?

ბავშვმა ვერ დაიმახსოვრა სიტყვის მხედველობითი ხატი , შესაბამისად ვერ გადავიდა მიხვედრით კითხვის ეტაპზე.

დაწყებით კლასებში ჩვენ ბევრი ახალი სიტყვის დამწერლობას ვეცნობით და ვიმახსოვრებთ მათ. ანუ, თუ სიტყვა ქალი უკვე 40 ჯერ მაქვს წაკითხული, 41-ე ამოკითხვის დროს მასზე გაცილებით ნაკლებ დროს დავხარჯავთ. რადგან უბრალოდ ასოების განლაგებით, მოხაზულობით ვიცნობთ სიტყვას და მიხვედრით სწრაფად ამოვიკითხავთ.  სიტყვა ქალის მხედველობითი ხატი დაახლოებით ასეთია: იწყება „ქ“ ასოზე, აქვს 2 ფეხიანი, ხაზს ქვემოთა ასო („ლ“ და „ქ“) ; ხაზს ქვემოთა და ხაზს ზემოთა ასოები განლაგებულია მონაცვლეობით (ჯერ „ქ“ შემდეგ „ა“ და ა.შ.)  მაგრამ თუ ბავშვი ვერ ახერხებს სიტყვების მხედველობითი ხატის დამახსოვრებას, მის ყოველ ამოკითხვაზე ხარჯავს იმდენივე დროს, რასაც თავდაპირველი ამოკითხვისას. შესაბამისად, კითხულობს ძალიან ნელა.

ელენე კითხულობს უშეცდომოდ და სწრაფად, მაგრამ ვერ გამოაქვს შინაარსი.  ამ შემთხვევაში მექანიზმი შესაძლოა მრავალფეროვანი იყოს.

ა )  ღარიბი ლექსიკური მარაგი-   ელენე უბრალოდ ვერ გებულობს კონკრეტული სიტყვის მნიშვნელობას და  შესაბამისად ვერ გამოაქვს მთელი წინადადების შინაარსი.

ბ) სმენითი აღქმის, ან მუშა მეხსიერების მწირი მოცულობა –   5-6 სიტყვიანი წინადადების წაკითხვის დროს, მე ვასწრებ მხოლოდ   1,2, ან 3  სიტყვის აღქმას და დამახსოვრებას გადამუშავებისთვის. შედეგად, ლოგიკურია რომ შინაარსი ვერ გამომაქვს. ამ დროს ბავშვისთვის ასევე რთულია წინადადებაში სიტყვების თანმიმდევრობის გარჩევა.  ვერ გებულობს: ბიჭი მისდევს ძაღლს, თუ ძაღლი მისდევს ბიჭს.

ეს არის კითხვის დარღვევის ტიპებისა და სიმპტომების ძალიან მოკლე ჩამონათვალი. მათი მექანიზმების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, თუ მშობლები, ან პედაგოგები მსგავს სიმპტომს შეამჩნევენ ბავშვს,  აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს (ფსიქოლოგი, სპეც.პედაგოგი).

მიმართვის მიზანია: პრობლემის დეტალური ანალიზი და ჩარევის  გზის გაწერა.  რაც უფრო ადრეულ ასაკში ვიწყებთ ბავშვის დახმარებას, შედეგი მით უკეთესია.

მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ პრაქტიკულ რჩევებსა და სპეციალურ სავარჯიშოებს კითხვის დარღვევის თითოეული ტიპისთვის.  ამ სავარჯიშოებით, შესაძლოა, იმუშავონ მშობელმა და ბავშვმა სახლში, ისევე როგორც პედაგოგმა და ბავშვმა  – სკოლაში.

რა სარგებლობა და ზიანი მოაქვს ბავშვისთვის ელექტროტექნიკასთან ჭარბ ურთიერთობას

საინტერესო ინფორმაცია მშობლებისთვის

ფსიქოლოგი მარი არევაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური