რა სარგებლობა და ზიანი მოაქვს ბავშვისთვის ელექტროტექნიკასთან ჭარბ ურთიერთობას
ბოლო რამდენიმე წელია კრიტიკულად გაიზარდა მშობელთა რიცხვი, რომლებიც მიმართავენ სპეციალურ დაწესებულებებს შვილების მეტყველებისა და კომუნიკაციის პრობლემების გამო. ხშირ შემთხვევაში, ბავშვის მდგომარეობა დამძიმებულია ხოლმე ტელევიზორთან, კომპიუტერთან თუ მობილურ ტელეფონთან ბავშვის ჭარბი კომუნიკაციით.
რა სარგებლობა მოაქვს ბავშვისთვის ელექტროტექნიკასთან ჭარბ ურთიერთობას?
მიზანი „უფასო ძიძა“
გამოკითხული მშობლების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ძირითადი მიზეზი, რის გამოც ბავშვი დიდ დროს ატარებს ელექტროტექნიკასთან არის ის, რომ ეს გართობის კარგი საშუალებაა. ბავშვი საათობით უყურებს მულტფილმებს, ვიდეოებს და ხელს არ უშლის ოჯახის წევრებს საკუთარი საქმეების კეთებაში. შედეგად, ელექტროტექნიკასთან ურთიერთობა მომგებიანია როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის. ბავშვი იღებს სიამოვნებას, ხოლო მშობლები ახერხებენ მუშაობასაც და საოჯახო საქმეების კეთებასაც.
მიზანი – ქცევის მართვა
კვების, ძილის პრობლემების, ან დღის განმავლობაში ზოგადი ჭირვეულობის დროს, მშობლები ხშირად ურთავენ ხოლმე ბავშვს მულტფილმებს, აწოდებენ მობილურ ტელეფონს რომ გაჩუმდეს და არ იჭირვეულოს. შედეგად, ელექტროტექნიკა ხდება ბავშვის დამშვიდების, მისი ისტერიკის შეწყვეტისა და კვება/ძილის პრობლემების მოგვარების კარგი საშუალება. დროთა განმავლობაში ბავშვი ეჩვევა, რომ ტირილითა და ჭირვეულობით შესაძლებელია მისთვის სასურველი ნივთის მიღება და ეს პირიქით, უფრო მეტად ამწვავებს მისი ქცევის მართვის პრობლემას. მშობლები ხშირად ამბობენ ხოლმე : „არ ჭამს მუტფილმის გარეშე“, „არ იძინებს ამ მუსიკალური ვიდეოს ყურების გარეშე“ – რეალურად კი, ჭამის დროს მულტფილმის ყურების იდეა კვების პრობლემით გაწამებულმა მშობელმა თავად მიაწოდა ბავშვს, მან კი ეს კარგად დაიმახსოვრა. შემდეგ ყოველი კვებისას ის უკვე იწყებს მულტფილმის მოთხოვნას, რადგან ხვდება, რომ აღარ უნდა გააგრძელოს დედისთვის სასურველი ქცევის(კვება) განხორციელება უსასყიდლოდ, ჯილდოს გარეშე (მულტფილმები).
მიზანი – სწავლა, ახალი ინფორმაციის შეძენა
-„ჩემმა ბავშვმა ტელევიზორის ყურებით ისწავლა ციფრები, ინგლისური და ქართული ასოები და ა.შ“ – სიამაყით აღნიშნავენ მშობლები. მაშინ როცა, ბავშვი სულ 2-3 წლისაა და მიზანმიმართული მეტყველების მარაგში ფლობს მაქსიმუმ 5-10 სიტყვას. ამ ასაკში ბავშვს არ მოეთხოვება ასოებისა და ციფრების ცოდნა და ამ მიმართულებით მისი ინტერესის წახალისება აფერხებს მისი ასაკობრივი კრიტერტიუმების მიღწევას კონრეტულ უნართან მიმართებაში. მაგ : ციფრებისა და ასოების ცნობა/დასახელება – აკადემიური უნარია, რაც სასკოლო ასაკამდე ბავშვს არ მოეთხოვება. მაშინ როცა 2-3 წლის ასაკში ბავშვს უკვე მოეთხოვება 2 -3 სიტყვიანი წინადადებებით საუბარი, გარემომცველი გარემოს ობიექტებისა და აქტივობების უმეტესობის დასახელება. გამოდის, რომ მიუხედავად იმისა რომ ის ცნობს ციფრებსა და ასოებს, მისი განვითარება მაინც შეფერხებულია, რადგან მისი მეტყველების განვითარება არ შეესაბამება ასაკობრივ მოთხოვნას. ამას გარდა ციფრებსა და ასოებს ვერ იყენებს ფუნქციურად. ამ ასაკში არ იწყებს კითხვას, ან ანგარიშს. მნიშვნელოვანია არსებული ცოდნის ფუნქციური გამოყენება და არა ცოდნა-ცოდნისთვის.
ბავშვები ასევე ხშირად სწავლობენ ხოლმე მულტფილმებიდან და ვიდეობიდან ინგლისურ სიტყვებს, რაც ასევე უხარია მშობელს. თუმცა ამის პარალელურად, თითქმის ყოველთვის, შეფერხებულია ხოლმე ბავშვის მშობლიური ენის განვითარება. საქართველოში, ქართულენოვან გარემოში, სადაც ბავშვმა კომუნიკაციის მიზნით უნდა გამოიყენოს ქართული ენა , მშობლის მხრიდან არ უნდა წახალისდეს ინგლისური სიტყვების გამოყენება. ბავშვი იწყებს ფიქრს, რომ როცა ამბობს ინგლისურ სიტყვას- მაშინ ანხორციელებს კარგ ქცევას – ყველა აქებს, აჯილდოებს, ეფერება. მაშინ როცა, ქართულად იგივეს თქმის შემთხვევაში იგი ვერ იღებს ასეთ აღიარებას და ფიქრობს, რომ არ მოიქცა კარგად. დროთა განმავლობაში, იგი მეტად ცდილობს გამოიყენოს ინგლისური სიტყვები, თუმცა ვერც ინგლისურად საუბრობს როგორც მის ასაკს შეეფერება და ვეღარც ქართულად.
რა უარყოფითი ზეგავლენა აქვს ელექტროტექნიკასთან ჭარბ ურთიერთობას ბავშვის განვითარებაზე ?
დაზარელებული სფეროები : მეტყველება, კომუნიკაცია და წარმოსახვითი თამაში
მითი : მულტფილმები და მუსიკალური ვიდეობი ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას
რეალობა : ადამიანის თავის ტვინი გაცილებით ინტენსიურად რეაგირებს ადამიანის ხმაზე ცოცხალი კომუნიკაციისას, ვიდრე აუდიო ჩანაწერზე. შედეგად, მულტფილმი და მუსიკალური ვიდეო, თუნდაც ქართულ ენაზე- ვერ ააქტიურებს მეტყველებაზე პასუხისმგებელ უბნებს საკმარისი ინტენსივობით და ვერ ხდება ბავშვის მეტყველების განვითარება. ფაქტიურად, ბავშვი ხდება პედაგოგიური ხელმიშვებულობის მსხვერპლი. რადგან მას ჰქონდა მეტყველების განვითარების რესურსი, თუმცა მეტყველებით გამდიდრებული გარემოს არ არსებობის გამო, უნარი არ ვითარდება.
ელექტროტექნიკასთან ჭარბი ურთიერთობა ხელს უშლის ასევე სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განვითარებას. კომუნიკაციისთვის აუცილებელია : ორმხრივობა – დადებითი ან უარყოფითი უკუკავშირის მიღება იმ სუბიექტისგან/ობისექტისგან ვისთანაც/რასთანაც გვაქვს ურთიერთობა. ელექტროტექნიკა კი უსულო საგანია, იგი ვერაფრით მოგვცემს უკუკავშირს. მეტყველება/კომუნიკაციის განვითარების მიმართულებით საუკეთესოა ადამიანთან ურთიერთობა. თუმცა, ცხოველთან ურთიერთობაც კი შესაძლოა იყოს კომუნიკაციური უნარების განვითარების მასტიმულირებელი. მაგ, ძაღლთან. მათ აქვს კარგი არავერბალური კომუნიკაცია, სითბოზე სიყვარულით რეაგირებენ, შეუძლიათ მონატრება და ა.შ.
წარმოსახვითი თამაშის განვითარება ასევე ზარალდება ელექტროტექნიკასთან ჭარბი ურთიერთობით. ბავშვი ეჯაჭვება მუტფილმის, თამაშის სიუჟეტს და ვეღარ ახერხებს დამოუკიდებლად საკუთარი სცენარის მოფიქრებას. ვერ იყენებს სათამაშოებს მათი ფუნქციებისგან განსხვავებულად – „ვითომ-ვითომ“.
როგორ გამოვიყენოთ ელექტროტექნიკა ბავშვისთვის სასარგებლო გზით?
სასურველია, თუ 2 წლამდე ასაკის ბავშვს არანაირი შეხება არ ექნება ელექტროტექნიკასთან. რადგან ამ ასაკში იგი სწავლობს შეხებითა და გადაადგილებით, სამყაროს აღმოაჩენს ცდა-შეცდომის მეთოდით. მუდმივად მჯდომარე პოზაში ყოფნა და ეკრანზე კონცენტრირება კი ძალიან ზღუდავს მის წარმოდგენას სამყაროზე და ქმნის შეგრძნებების სტიმულირების დეფიციტს.
2 წლის შემდეგ კი სასურველია თუ ბავშვი ნახევარ საათზე მეტ დროს არ გაატარებს ელექტროტექნიკასთან. ეს ნახევარსაათიანი ურთიერთობაც უნდა იყოს დამსახურებული – ჯილდო იმის გამო, რომ ბავშვმა შეგვისრულა ინსტრუქცია, ან განახორციელა ჩვენთვის სასურველი ქცევა. ნახევარ საათიანი შუალედი შეიძება დავყოთ 10-10 წუთიან მონაკვეთებად და ბავშვი დღის სხვადასხვა მონაკვეთში დაჯილდოვდება, კარგი ქცევის განხორციელების შემდეგ.
სასკოლო ასაკში კი, კომპიუტერი უკვე ხდება ახალი ინფორმაციის მიღების, შემეცნების ერთ-ერთი საუკეთესო გზა. ბავშვი ეძებს და იღებს ინფორმაციას მისთვის სასურველი სფეროების შესახებ, ამზადებს დავალებებს კომპიუტერის გამოყენებით, ეწევა აქტიურ სოციალურ ცხოვრებას და ა.შ. თუმცა დაწყებით კლასებში, სასურველია ბავშვის ელექტროტექნიკასთან ურთიერთობა დღის განმავლობაში არ აღემატებოდეს 1-2 საათს.
ფსიქოლოგი მარი არევაძე