ტრენინგები, ტრენინგები და ისევ ტრენინგები – რატომ ვერ ვიღებთ ეფექტურ შედეგს
„ამ ხნის მანძილზე, ვერ გავაგებინეთ მასწავლებლის სახლს, რომ ჩვენ ტრენინგებზე დასწრება კი არა, არაეფექტურ ტრენინგებს რომ ვესწრებით ეგ გვეზარება და დიახ, არ გვინდა“, – ამბობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი ტრენინგების მონაწილე მასწავლებელი EDU.ARIS.GE-სთან.
მასწავლებლის პროფესიის წარმომადგენლებს მუდმივად უწევთ, თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს ფეხი აუწყონ და არ ჩამორჩნენ. ის, რომ მასწავლებელი უნდა განვითარდეს, უმთავრესად სახელმწიფოს მოთხოვნაა. მთავარი არგუმენტი კი, თუ რატომ უნდა ვითარდებოდეს მასწავლებელი ის როლია, რომელიც პედაგოგებს თაობათა აღზრდასა და მათი განათლების დონის განსაზღვრაში აქვთ, რაც უდავოდ ასეა.
სახელმწიფოს პასუხი მესამე და მთავარ კითხვაზე – როგორ განვითარდეს მასწავლებელი ასეთია: გამოცდები და გადამზადება, რასაც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაშიც ვხედავთ.
პედაგოგები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობენ, რომ ტრენინგებზე რეგისტრაციის დროს არ იციან ზუსტი თარიღები, როდის მოუწევთ რიგი და გაივლიან გადამზადების კურსს. გვიხსნიან, რომ სწორედ ამიტომ, ტრენინგის დაწყების დროს მოულოდნელად იგებენ, რაც მათთვის პრობლემაა. გარდა აღნიშნულისა, ასევე პრობლემაა ისიც, რომ ტრენინგები საუკეთესო შემთხვევაში გაკვეთილების შემდგომ, გაკვეთილების მიმდინარეობის დროს, შაბათ-კვირას ან სულაც არდადეგების პერიოდში უტარდებათ. ამ მხრივ გამონაკლისი არც წლევანდელი წელია და პედაგოგთა ნაწილი ზაფხულის არდადეგების პერიოდსაც ტრენინგებზე ატარებს.
არის თუ არა ზემოთ მოყვანილი ფაქტები მართლაც ასე, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრს ვკითხეთ. მასწავლებლის სახლში დაგვიდასტურეს, რომ გარკვეული ტრენინგები აგვისტოს თვეშიც ტარდება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის განკუთვნილი სავალდებულო ტრენინგები კი ივლისის ბოლოს დასრულდა.
ჩვენ გვაინტერესებდა, რა იწვევს ტრენინგის დაწყების დროის გაურკვევლობას, რაც პედაგოგებს პრობლემებს უქმნის.
„გარკვეული ტრენინგები აგვისტოს თვეშიც ტარდება. მაგალითად ასეთია ბავშვთა უფლებების ტრენინგი, რომელზე რეგისტრაციაც მოგვიანებით გამოცხადდა. საგნობრივ ტრენინგებს რაც შეეხება, ივლისის ბოლოს დავასრულეთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას დაწყების დროზე, წინასწარ განსაზღვრული ვერ გვექნება ტრენინგის გავლის ზუსტი დრო, რადგან პროცედურულად მოგვიანებით იგეგმება თუ ვინ როდის გაივლის ტრენინგს“, – გვიპასუხა მასწავლებლის სახლის წარმომადგენელმა 16 აგვისტოს.
EDU.ARIS.GE თავად მასწავლებლებსაც ესაუბრა. ვკითხეთ, რას ფიქრობენ, რამდენად სწორია არდადეგების პერიოდში კვლავ ტრენინგებს ესწრებოდე და რამდენად ეფექტურად თვლიან ასეთ გადამზადებას.
ჩვენი პირველი რესპონდენტი, ნატალია, თბილისის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი საჯარო სკოლის უცხო ენის პედაგოგია და არაერთი კერძო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ფასიანი ტრენინგი აქვს გავლილი. ამბობს, რომ ტრენინგების მოწინააღმდეგე არ არის და ამაზე მისი გამოცდილებაც მეტყველებს, თუმცა მასწავლებლის სახლის ტრენინგებს აღარ ესწრება, რადგან მისთვის ის არაორგანიზებული და არაეფექტურია.
„უფროსი მასწავლებელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ტრენინგში მონაწილეობის არაერთი სერტიფიკატი მაქვს, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ გადამზადება ყველა მასწავლებელს სჭირდება, რადგან სამყარო იცვლება და ახალი გამოწვევებიც ჩნდება.
„ბოლო ტრენინგი, რომელსაც მასწავლებლის სახლის ორგანიზებით დავესწარი, დისტანციურად მეწყებოდა, 14:00 საათზე, რის გამოც, ზოგჯერ კლასიდანვე ვერთვებოდი, ზოგჯერ ავტობუსიდან. მესმის, რომ საჯარო სკოლის მასწავლებლებს ყოველთვის არ აიძულებენ, გაიარონ ყველა ტრენინგი, თუმცა ამბობენ, რომ სავალდებულოა სტატუსის შესაბამისად. როცა ტრენინგზე ვრეგისტრირდებით, ან სკოლიდანვე იგზავნება მსურველთა სია, ჩვენ ზუსტი დროც კი არ ვიცით, როდის გვექნება ტრენინგი. ამ ყველაფერს შემდეგ ვიგებთ და ჩვენს გრაფიკსაც ვერ ვგეგმავთ შესაფერისად. როცა მასწავლებელი დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ კვლავ ცდილობს, გამონახოს დრო, ენერგია და განწყობა და დაესწროს ტრენინგს, რომელიც ერთი და იმავეს გამეორებაა, და რომელზეც უამრავი ხარვეზია, დაწყებული ტექნიკურიდან, დასრულებული მატერიალურ რესურსებამდე, ბუნებრივია დასვას კითხვა: „რა დავაშავეთ?!“. არც მიკვირს, რომ ზაფხულის ცხელ დღეებშიც მასწავლებლებს ტრენინგებზე უწევთ ყოფნა, ეს ხდება იმიტომ, რომ ორგანიზება არ შეუძლიათ. ახლა წარმოიდგინეთ, როცა ელემენტარულს ვერ უწევ ორგანიზებას, ტრენინგის ხარისხიც ხომ გასაგებია, როგორიც იქნება. ამ ხნის მანძილზე, ვერ გავაგებინეთ მასწავლებლის სახლს, რომ ჩვენ ტრენინგებზე დასწრება კი არა, არაეფექტურ ტრენინგებს რომ ვესწრებით ეგ გვეზარება და დიახ, არ გვინდა“, – გვიხსნის მოქმედი პედაგოგი.
ტრენინგების ორგანიზების ხარვეზებსა და არაეფექტურობაზე საუბრობს ისტორიის უფროსი მასწავლებელი ნათია დეისაძეც.
მისი თქმით, ტრენინგის ეფექტურობა მხოლოდ ტრენერზე არ არის დამოკიდებული.
„რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, რამდენად მრავალფეროვანი და გარკვეულია აუდიტორია, რამდენად ზუსტი დროა შერჩეული. დღის ნახევარი ჩვენ სამუშაო პერიოდი გვაქვს. როცა ტრენინგი დღის საათებშია, ემთხვევა გაკვეთილებს, ან არდადეგების პერიოდშია, რაც ხშირია ზამთრის პერიოდში, ეს ბევრად უფრო მეტ დისკომფორტს ქმნის ჩვენთვის. დამღლელი დღის შემდეგ ტრენინგიც, ცოტა გაუგებარია.
„მასწავლებლებზე კარგად არავინ იცის, რომ არაეფექტურ პირობებში ვერ მიიღებ ეფექტურ შედეგს. იმისთვის, რომ ტრენინგი ეფექტური იყოს ძალიან ბევრი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო, მათ შორის იმის, რომ ადეკვატური დრო გამოინახოს. ზუსტი გეგმისა და სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობაც მნიშვნელოვანია. მასწავლებლებს გვაქვს სურვილი, ვესწრებოდეთ ტრენინგებს და არა ლექციებს, რომლებსაც ვისმენთ. ეს არაეფექტურია და მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მოიტანს, არდადეგები კი, როგორც ბავშვებისთვისაა, ასევე არის პედაგოგებისთვის და ვფიქრობ, მრავალსაათიანი ტრენინგებისთვის არაეფექტური დროა“, – აცხადებს უფროსი მასწავლებელი ნათია დეისაძე.
გაითვალისწინებს თუ არა მასწავლებლის სახლი ტრენინგების მონაწილეთა პრობლემებს უცნობია, როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მოგვაწოდეს ინფორმაცია, ახალი რეგისტრაცია გადამზადებისთვის სექტემბრის შუა რიცხვებში, ან ოქტომბრის დასაწყისში გამოცხადდება.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მზეო შველიძემ
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება