“თუ ბავშვმა 5 ლექსი იცის ორ ენაზე, მშობელს მზად ჰგონია სკოლისათვის“
საჯარო სკოლები პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციისთვის ემზადებიან. 27 აპრილიდან რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება და მშობლები გარკვეულ მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობენ, რაც პანდემიის და კარანტინის პირობებში საჭირო დოკუმენტების შეგროვებას უკავშირდება. გარდა ამისა, მშობლების ნაწილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში დღემდე გამოხატავს უკმაყოფილებას სკოლაში შესვლის ასაკის გამო და მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ 31 დეკემბრამდე დაბადებულ 5 წლის ბავშვებს სკოლაში შესვლის უფლება მისცეს.
ამ საკითხზე, პანდემიის გავრცელებამდე, პარლამენტის ტრიბუნიდან განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემაც ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ამ თემაზე შესაძლოა მსჯელობა დაიწყოს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ კვლევების თანახმად 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანა რეკომენდებული არ არის.
რას ამბობენ სპეციალისტები და რა არის მთავარი არგუმენტი, რის გამოც 5 წლის ბავშვის სკოლაში შესვლა დაუშვებელია და მაგალითად როდესაც სწავლა იწყება 15 სექტემბერს და მოზარდი 16-ში ხდება 6 წლის, რატომ რჩება ის სკოლის გარეთ.
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ ექსპერტებმა რამდენიმე წლის წინ, ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა ჩაატარეს და გარკვეული დასკვნებიც გამოიტანეს.
ექსპერტთა ჯგუფში განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანებული იყვნენ: თამარ გაგოშიძე – ნეიროფსიქოლოგი; დიმიტრი ნადირაშვილი – ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ლალი ყავლაშვილი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო; მაია ხერხეულიძე – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი.
ბავშვების სკოლისათვის მზაობას ფსიქოლოგები, პედიატრები და სხვა ექსპერტები მშობლებისაგან განსხვავებულად განსაზღვრავენ. ფსიქოლოგები ბავშვის სკოლისათვის მზაობაში აქცენტს აკეთებენ სოციალურ, ფსიქოემოციურ მზაობაზე, ინტელექტუალურ მზაობაზე. ასევე ითვალისწინებენ ბავშვის აკადემიურ უნარ-ჩვევების, ფსიქიკურ უნარ-ჩვევების, მოტორიკის განვითარების დონეს. აღნიშნული მაჩვენებლებით ძირითადად 5 წლის ბავშვები ჩამორჩებიან 6 წლის ბავშვებს. ექსპერტების ნაწილი მხარს უჭერს ბავშვების სკოლისათვის მზაობის ინდივიდუალურ შეფასებას. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, რომ 4-5 წლის ბავშვს ვასწავლოთ შესაბამისი მეთოდების გამოყენებით.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 5 წლის ბავშვების სწავლების პროცესში არაერთი პრობლემა გამოვლინდა. პრობლემები იყო უშუალოდ აკადემიურ უნარ-ჩვევების ათვისებაში, თუმცა უფრო საგულისხმო ამ ბავშვების ფსიქიკური მდგომარეობა, ფიზიკური და ემოციური სტრესი იყო.
„5 წლის ბავშვების სწავლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სისტემური ბარიერები არსებობს. დაწყებითი კლასების მასწავლებლების უმრავლესობას არ აქვს გავლილი 5 წლის ბავშვების თავისებურებების შესახებ ტრენინგი. თუმცა ის მასწავლებლებიც კი, რომლებსაც ამგვარი მომზადება გაუვლია, ნაკლებ ნებას გამოხატავს 5 წლის ბავშვებთან თავისებური მიდგომის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ მასწავლებლების დაბალი მოტივაციით, არამედ კლასების ზომებით, შერეული კლასებით და ინფრასტრუქტურული შეზღუდვებით.
„კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა არ შეხვდა 5-წლიანების სკოლაში მიღებას მზად, რაც უთუოდ თავს იჩენს შემდგომ ეტაპებზე ამ ბავშვების განვითარებაში. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 5 წლის ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვას მოჰყვა ბევრი პრობლემა, რომელთაგან ნაწილმა უკვე იჩინა თავი და ნაწილი დროთა განმავლობაში გამოვლინდება. 5 წლის ბავშვის სწავლების პრობლემა უკავშირდება არა იმას, რომ ამ ასაკის ბავშვს არ შეიძლება ვასწავლოთ, არამედ მათ უნდა ვასწავლოთ განსხვავებული მიდგომებით, რომელიც არაერთ დასავლურ ქვეყანაშია დანერგილი, თუმცა ამ ეტაპზე უცხოა ქართული საგანმანათლებლო სივრცისათვის და საჭიროებს ძალიან დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსის მობილიზებას. ამიტომ, ამ ეტაპზე არარეკომენდირებულია 5 წლის ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვა, იქამდე სანამ არ ჩატარდება მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები“, – ვკითხულობთ დოკუმენტის ტექსტში.
ექსპერტების კვლევაში ასევე საუბარია მშობლების ინფორმირებულობასა და მათი განათლების დონეზე.
„მშობლების ინფორმირებულობის დონე კავშირშია მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებასთან. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მშობლების ინფორმირებულობის დონე 5 წლის ბავშვების თავისებურებებთან დაკავშირებით დაბალია, ისევე როგორც მათ არ აქვთ ნათელი წარმოდგენა რა კრიტერიუმით შეიძლება შეფასდეს ბავშვის სკოლისათვის მზაობა და სწავლის პროცესში გამოვლენილ თავისებურებებსაც თავისებურად ხსნიან. მშობლების უმრავლესობა ბავშვის სკოლისათვის მზაობას, ინტელექტუალური თვალსაზრისით აფასებენ. ფსიქოლოგები ბავშვის მზაობასთან დაკავშირებით მშობლების დამოკიდებულებას შემდეგნაირად აფასებენ: “თუ ბავშვმა 5 ლექსი იცის ორ ენაზე, მშობელს ის მზად ჰგონია სკოლისათვის, არადა ამ ბავშვმა შეიძლება წრე ვერ შემოხაზოს.ლექსები მექანიკური მეხსიერებაა, ამას გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვებიც მშვენივრად ართმევენ თავს.” აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მშობლები ხშირად ბავშვის მზაობას და მიღწევებს თავის დედმამიშვილებთან მიმართებაში განიხილავენ. მშობლები ხშირად უსვამენ ხაზს იმ ფაქტორს, რომ 5 წლის ბავშვები ხშირად სწავლობენ თავის და–ძმებთან ერთად. თუმცა ეს სწავლა მაინც ზეპირობის კომპონენტს შეიცავს და დასწავლილი ტექსტის გააზრებისა და გაცნობიერებას არ გულისხმობს“, -ნათქვამია კვლევაში.
აქედან გამომდინარე, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ 5 წლის ასაკის ბავშვის სკოლაში შეყვანის გადაწყვეტილების მხოლოდ მშობელზე მინდობა სწორი არ იქნება.
„მშობლების ინფორმირებულობის დაბალ დონეზე მიუთითებს მათი რეაგირება ბავშვის მიერ სასწავლო პროცესში გამოვლენილ პრობლემებზე. პირველი საკითხი არის, მშობლის მიერ შვილის შეფასების აღქმა. ერთ–ერთი პედაგოგი ამბობს: „როდესაც 5 წლის ბავშვის მშობელს ვუთხარი, რომ ბავშვს უჭირდა სკოლაში ყოფნა და ვურჩიე სწავლის დასაწყისში სკოლიდან გაეყვანა, მას საშინელი რეაქცია ჰქონდა. რა გინდათ თქვათ, რომ ჩემი შვილი ყველაზე სუსტიაო, მომაძახა და გაბრაზებული წავიდა“ (გორი). აღსანიშნავია, რომ მშობლებს ბავშვის მიერ სკოლის მიმღებლობა ძირითადად პროგრამის დაძლევაში ვლინდება. მათ არ იციან, რომ ბავშვის პრობლემები სწავლაში შეიძლება გამოვლინდეს სომატურად, ემოციურად და სოციალურად. ამგვარი ცოდნის არ არსებობის პირობებში, მშობლები ვერც ამ პრობლემებს ამჩნევენ და არ მიმართავენ საჭირო ღონისძიებებს. სწორედ ამიტომ, ექსპერტების აზრით 5 წლის ბავშვის სკოლისათვის მზაობის შემოწმების მხოლოდ მშობელზე მინდობა არასწორია. „მშობელი მიიღებს გადაწყვეტილებას როგორც მისთვის არის სასარგებლო. მისთვის არის სასარგებლო, რომ ბავშვი დროზე შევიდეს სკოლაში, დროზე დაამთავროს სკოლა. ამიტომ სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ეს მნიშვნელოვანი საკითხი მხოლოდ მშობლებს არ უნდა მიანდოს“, – ნათქვამია „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ კვლევაში.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება