GE

„თუ ეროვნული გამოცდები გაზაფხულზე ჩატარდება, მაშინ საატესტატოც  გადმოიწევს და უკვე ეჭქვეშ დგება მეთორმეტე კლასის მეორე სემესტრიც“

მომდევნო წელს ეროვნული გამოცდების გაზაფხულზე ჩატარების იდეამ აბიტურიენტებში, მშობლებსა და სპეციალისტებში დაბნეულობა გამოიწვია. მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ განათლების მინისტრის მიერ მოფიქრებული გამოსავალი, რეალურად, გამოსავალი სულაც არ არის. არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობენ, რომ ხალხის ვნებათაღელვას არასწორი ადამიანების სახელი და რეპუტაცია ეწირება. საკითხზე მედიასთან საუბრის შემდეგ, განათლების მინისტრი გამოცდების ჩატარებისთვის დასვენების დღეების გამოყენებასაც კი ვარაუდობდა…

მოსწავლეები, რომლებიც მე-12 კლასში ახლა გადავიდნენ და რომელთაც წინ ცხელი წელი ელით, ამბობენ რომ  აღნიშნულმა ინფორმაციამ მათ კითხვები გაუჩინა, ვინაიდან არ იციან დეტალები და აინტერესებთ რამდენად ცოტა დრო დარჩათ მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენამდე მოსამზადებლად. შიშობენ, რომ გამოცდების გადმოწევა მათ რამდენიმე თვეს „მოპარავს“.

„რომ თქვენ მომავალ წელს გამოცდები გაზაფხულზე ჩატარდებაო, იმ წუთს სიცხეზე კი არა, იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩვენ მოსამზადებლად რამდენიმე თვით ნაკლები გვექნება. ჩემი აზრით, ეს უსამართლობაა. რატომ უნდა ჰქონდეთ სხვებს მეტი დრო სწავლისთვის და ჩვენ უფრო ნაკლები? კარგია სიცხე რომ არ იქნება, მაგრამ სიცხის საწინააღმდეგოდ სხვა რაღაცების მოფიქრება შეიძლება. მაგალითად კონდიციონერების“, – ამბობს თბილისის 191-ე სკოლის მოსწავლე.

ჟუჟუ ყუშიტაშვილმა ეროვნული გამოცდები გასულ წელს გაიარა. ახლა ის პირველი კურსის სტუდენტია. EDU.ARIS.GE –ს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ამბობს, რომ სიცხის გამო გამოცდების პერიოდი ცუდად ახსენდება.

„სიცხეს რაც შეეხება, ნამდვილად პრობლემა იყო. მე პირადად, არ გავმხდარვარ ცუდად, მაგრამ აშკარა იყო ყველაზე როგორ მოქმედებდა. სიცხის გამო აუდიტორიებში ყველა კარი და ფანჯარა ღია იყო და ხან რომელი მიიკეტებოდა ბრახუნით და ხან რომელი. ისე ცუდად მახსოვს- ქართულის თემის წერის დროს აზრებს ვერ ვიკრებდი: სიცხე, ქუჩიდან შემოსული ხმაური, დერეფანში ვიღაც გაირბენს, ყოველ წუთას ფანჯრები იკეტება და იღება, ბოლოს დამკვირვებელმა და ერთ-ერთმა აბიტურიენტმა ერთად ააკრეს სკოჩები და ასე ეცადნენ ფანჯრების დაკავებას. ამან ცალკე ზოგის სიცილი, ზოგის წუწუნი გამოიწვია და არც ეს იყო ნაკლები ხელისშემშლელი ფაქტორი.

„მახსოვს, რამდენიმე გამოცდაზე ისეთი შემთხვევაც იყო ბავშვები ნახევარ საათში ან ორმოც წუთში ტოვებდნენ ნაშრომებს და გადიოდნენ ფრაზებით “აღარ შემიძლია”, “მაინც ვერ ვაზროვნებ ამ სიცხეში”. იყო ასეთი ფრაზებიც “თუ შეიძლება გავალ, წყალს შევისხამ” და ა.შ. მოკლედ  სიცხე რომ ნამდვილად ძალიან დიდი პრობლემა იყო, ფაქტია. კონდიცირება კი ნამდვილად მოაგვარებდა ყველა ამ პრობლემას, არც კარი გაიღებოდა, არც ფანჯარა, არც ვინმეს დასჭირდებოდა ტესტის ფურცლით დანიავება, ან წყლის შესხმა.

„რაც შეეხება თარიღების ცვლილებებს, არ ვფიქრობ რომ ეს პრობლემას მოაგვარებს, საატესტატო გამოცდები ბევრად ადრე ტარდება, თუმცა არც მაშინდელი სიცხე გვახსოვს კარგად და თუ თარიღები ასე საგრძნობლად შეიცვლება, საატესტატოც  გადმოიწევს. მაშინ უკვე ეჭქვეშ დგება მეთორმეტე კლასის მეორე სემესტრიც“, – ამბობს ჟუჟუ.

ქალბატონი ნათია დანელიას შვილმა ეროვნული გამოცდები გასულ წელს ჩააბარა. შესაბამისად, ქალბატონ ნათიას ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის წინ არაერთი საათის გატარება მოუწია. ამბობს, რომ შესაძლოა სიცხეზე წუწუნი ვინმესთვის ერთი შეხედვით თითიდან გამოწოვილ პრეტენზიას ჰგავდეს, მაგრამ გასულ წელს დარწმუნდა, რომ ტემპერატურა სახუმარო თემა სულაც არ არის.

„რა გული მომითმენდა ჩემს შვილს გამოცდებზე რომ არ გავყოლოდი? სულ მეჩხუბებოდა – რა აზრი აქვსო, მაგრამ სახლში ვერაფრით დაველოდებოდი, გული გამისკდებოდა! ხოდა გამოცდების დაწყებამდე ერთი საათით ადრე მივდიოდით და დასრულებამდე გარეთ ვიდექი. ანუ, ყოველ ჯერზე, ჯამში დაახლოებით 5 საათს ვატარებდი „გეპეის“ წინ. უბრალოდ, არ შემიძლია იმ ჯოჯოხეთის გახსენება! დილის საათებში კიდევ რა უშავდა, ჩრდილიც იყო და სუნთქვაც შეიძლებოდა. დაახლოებით 11 საათიდან კი გაჩერება უკვე შეუძლებელი ხდებოდა. ჩრდილი აღარ იყო და მზე მთელი ძალით აჭერდა. ვერსად ვეფარებოდით. პატარა ჩრდილში ათობით ადამიანი იყო შეფარებული. სულ იმის მეშინოდა ბავშვები არ გამხდარიყვნენ ცუდად. იყო კიდეც მასეთი შემთხვევა – სასწრაფოს ექიმები სირბილით შევიდნენ შენობაში და ყველა გარეთ შეკრებილი შიშით ველოდებოდით ინფორმაციის გამოტანას. ვერ ვიგებდით რომლის შვილი გახდა ცუდად. გულშემატკივრებსაც დასჭირდათ სასწრაფო. რა გასაკვირია ასეთ სიცხეში ადამიანები ცუდად რომ ხდებოდნენ?

„ყველაზე ცუდი იცით რა იყო? ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გვერდით მდებარე კორპუსში შესვლის საშუალებასა არ გვაძლევდა რომ ცოტა ხნით გავგრილებულიყავით, ან წყლითა და საპირფარეშოთი გვესარგებლა. განცხადებაც კი იყო გამოკრული მაგაზე. დაცვა გვეუბნებოდა რომ ჩვენთვის, გულშემატკივრებისათვის სპეციალურად იდგა გარეთ საპირფარეშოები. წარმოიდგინეთ შუა მზის გულზე მდგომი პლასტმასის ყუთები! შიგნით ჯოჯოხეთი ტრიალებდა, იქ ვინ შევიდოდა?

„ჩემი აზრით, თუკი ამხელა გამოცდებს უწევს ორგანიზებას სახელმწიფო, იმაზეც უნდა ზრუნავდნენ, რომ ბავშვებს ნორმალურად დაწერის საშუალება მისცენ და აგრეთვე გულშემატკივრებისთვისაც უნდა ჰქონდეთ გათვალისწინებული მცირეოდენი სერვისი. ვგულისხმობ, მაგალითად რაიმე სივრცეს, რომელსაც მოსაცდელისთვის გამოყოფდნენ. ეს შეიძლება იყოს ფოიე, ფიზკულტურის დარბაზი და ა.შ. რატომაც არა? რა დაშავდება სკამებითა და სასმელი წყლით უზრუნველყოფილი ასეთი ადგილები რომ გამოყონ? არ მგონია ეს ძალიან ძვირი ჯდებოდეს. ფაქტია, რაღაცაა მოსაფიქრებელი და კონდიციონერი იქნება ეს თუ გამოცდების თარიღის ცვლილება, ამაზე შესაბამისმა პირებმა უნდა იმსჯელონ“, – ამბობს ქალბატონი ნათია.

თსუ-ის პროფესორის ქეთევან ჭკუასელის აზრით, პრობლემა გაზვიადებულია და სიცხეში გამოცდების ჩატარება არც ერთი თაობისთვისაა უცხო. ის ფიქრობს, რომ ამ თემის აგორებით მავანმა პოლიტიკური ქულები მიითვალა, ხელი კი ისეთ უწყებასა და ადამიანს შეეხოცა, რომელიც აღნიშნული პრობლემის მოგვარებასთან არაფერ შუაშია.

„თუკი კონდიციონერებზეა საუბარი, რა პრობლემა იდგა, რომ განათლების სამინისტროს მაშინ დაეყენებინათ, როცა ამის დრო იყო? ამდენი წელია გამოცდები ზაფხულში ტარდება და ქვეყანა არ იქცევა. თქვენც სიცხეში ჩააბარეთ ალბათ და მეც. კომფორტული არ იყო, მართალია, მაგრამ ჩვენი ცხოვრება რა, კომფორტულია? ჩვენს ქვეყანაში სხვა ყველაფერი აწყობილია? შეხედეთ როგორი ქვეყანა გვაქვს.

„რაც შეეხება გამოცდების გადმოტანას, ჩემთვის, აბსოლუტურად, მისაღებია. განათლების სამინისტრომ აქამდე ვერ გადაწყვიტა მეთორმეტე კლასის პრობლემა, სადაც არაფერი ხდება და გაუგებარია რატომ ვუხანგრძლივებთ ბავშვებს სკოლის დამთავრებას. ასე რომ, ეს საკითხი მოგვარებადია. დასხდნენ სამინისტროში და გათვალონ, შეჯერდნენ. მაია მიმინოშვილი შემსრულებელია. როგორც ეტყვიან ისე გააკეთებს. ეს არაა ის უწყება, რომლის მიმართაც საყვედურები უნდა გამოვთქვათ. სასაყვედურო სხვა უწყება და უწყებებია“, – ამბობს ჭკუასელი.

თემაზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ილიას უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ცირა ბარბაქაძე: „კონდიცირებას ვერ უზრუნველყოფს და ამიტომ გაზაფხულზე ატარებს? და თვითონ, ეტყობა, ჰგონია, რომ გაზაფხულზეც მინისტრი იქნება“…

შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრის ინფორმაციით, მომავალ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების გაზაფხულზე ჩატარების მიზნით მუშაობა დაწყებულია.

„მომავალ წელს ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს“ – განათლების მინისტრი

მოამზადა ნინო თაბუკაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური