GE

თუ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება ახლა დაიწყე – ახალგაზრდა რეპეტიტორის რეკომენდაციები აბიტურიენტებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023 სამ თვეში უნდა დაიწყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტებს მოსამზადებლად სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ აბიტურიენტების ნაწილი სწორედ ახლა ეძებს გამოცდებისთვის დამხმარე რესურსებს, რეპეტიტორ მასწავლებლებსა თუ სხვა გზებს, რომ უმაღლესში მისაღები გამოცდები წარმატებით დაძლიოს. გავარკვიეთ ისიც, რომ როგორც წესი, აბიტურიენტთა რიგებში ასეთი აპლიკანტები ყოველ წელს არც თუ ისე მცირე რაოდენობით არიან და ინტენსიურ მზადებას, რეპეტიტორთან ან რეპეტიტორის გარეშე, მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე იწყებენ.

EDU.ARIS.GE თითოეული აბიტურიენტის დახმარებას ცდილობს და მათ შორის, სწორედ ზემოხსენებული აბიტურიენტებისთვის მზადების გაიოლების მიზნით, ახალგაზრდა რეპეტიტორსა და კომაროვის სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, თაზო ლოლიშვილს ვესაუბრეთ, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, დიპლომირებული მედიკოსია.

იგი დეტალურად განგიმარტავთ, რა უნდა იყოს თქვენი სამუშაო გეგმა თუ გამოცდისთვის მომზადება დღეს დაიწყეთ და ახლა თქვენი მთავარი ამოცანა ამ დროის ოპტიმალურად გამოყენებაა.

– თაზო, პირველ რიგში, უპასუხეთ სკეპტიკურად განწყობილ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ 3 თვე არასაკმარისი დროა გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის, ეს ასეა?

– პირველ რიგში, მოდით, სწორად განვსაზღვროთ თუ რისთვისაა ეს სამი თვე არასაკმარისი. აბიტურიენტი, რომელიც კონკრეტულ საგნებში ძლიერია, გამოცდაზე თუ ამ საგნებს ჩააბარებს, 3 თვე ცოდნის თავმოყრისთვის მაინც არასაკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს. მით უფრო, თუ მისი მიზანი სასურველ ფაკულტეტსა და უნივერსიტეტში გრანტით ჩაბარებაა. ხოლო თუ ახლა იწყებს იმ საგნებში მომზადებას, რომლებშიც საბაზისო ცოდნაც არ გააჩნია, რასაკვირველია, შედეგი სახარბიელო არ იქნება. ასეთ დროს, აბიტურიენტმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს – გამოცდის ჩაბარება სჭირდება თუ გამოცდის წარმატებით ჩაბარება. ვფიქრობ, უბრალოდ ჩაბარება ზოგიერთისთვის საკმარისია, მაგრამ არის პროფესიები, სადაც დიდი კონკურენციაა. ამიტომ, თავიდანვე სწორად უნდა განისაზღვროთ, თუ რა პროფესიას უმიზნებთ. შესაძლოა, ცუდად ჟღერს, მაგრამ პირად მაგალითს მოვიყვან: სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე ყოველ წელს აბარებს ძალიან ბევრი ბავშვი, თუმცა ყველას ქულა ერთნაირად მაღალია. უნივერსიტეტის შიდა ზღვარის გადალახვისთვის კი, შესაძლოა, საკმარისი არ იყოს და მასზე გაცილებით მაღალი ქულის აღება დაგვჭირდეს იქ ჩასარიცხად.

– რა გეგმით უნდა იხელმძღვანელონ აბიტურიენტებმა, რომ ამ მოკლე დროის ეფექტურად გამოყენება შეძლონ?

– მთავარი პუნქტია ინტენსიური მუშაობა ყოველ დღე, ამის გარეშე სასურველი შედეგი წარმოუდგენელია.

ეს მუშაობა არ უნდა იყოს ზედმეტი. ტვინს თავისი ლიმიტი აქვს და რაღაც დოზით ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, დამახსოვრება შეუძლებელი ხდება. ამიტომ, დასვენება აუცილებელია. ეს დასვენება არ გულისხმობს მობილურით ან კომპიუტერით თამაშს. პირიქით, ამ დროს უფრო დატვირთავთ ტვინს. აუცილებელია მეგობრებთან ერთად გართობა, მხიარულობა, სეირნობა. გართობაში, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მთელი ღამის გათენებას. ღამე აუცილებლად ძილი გვჭირდება, რათა მიღებული ცოდნა სწორად გაიფილტროს და ხანგრძლივ მეხსიერებაში აღიბეჭდოს.

რაც შეეხება მეცადინეობის გეგმას, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია წინა წლების ტესტების გაკეთება. ვფიქრობ, ბოლო ორი თვე მათზე ინტენსიურად მუშაობა საუკეთესო ვარიანტი იქნება. ტესტები ელექტრონულადაც არის ხელმისაწვდომი და კარგი იქნება, როგორც გეგმა, ისე გაიწეროს: ერთი თვე, შეძლებისდაგვარად, ცოდნის შევსება სილაბუსიდან, თუ რა საკითხები შედის გამოცდაში და ბოლო ორი თვე ტესტების გაკეთება. პარალელურად, ტესტებში რა საკითხებიც შეგხვდებათ მათი შინაარსობრივად კარგად სწავლა.

თეორია, მაგალითად მათემატიკაში, თითქმის ყოველ წელს იგივე ტრიალებს და ამიტომ, ძველი ტესტების გარჩევისას დაგროვილი ცოდნა, შემდეგი წლების ტესტებშიც გამოადგება აბიტურიენტს.

– კონსპექტების გაკეთებით დროს არ დაკარგავენ? ხომ არ ჯობს ე.წ მარკერის მეთოდის გამოყენება?

– კონსპექტი, თუნდაც მცირედი ამონაწერები აუცილებელია. კონსპექტის გაკეთებით რაიმე საკითხს უკეთ ვიაზრებთ, შემდგომ კი, ამ ჩანაწერების გადახედვით გაგახსენდებათ არა მხოლოდ საკითხი, არამედ ისიც, თუ რა პოზიციაში ისხედით სკამზე მისი წერისას. მაგალითად, მათემატიკაში შესაძლოა, ფორმულის, წესის, რაიმე სიტყვის მნიშვნელობის, აქსიომის თუ თეორემის ამოწერა იყოს საჭირო. მოგვიანებით კი, ძალიან ხშირად უნდა გადახედოთ ამ კონსპექტებს, რათა კარგად დაგამახსოვრდეთ. გამოცდაზე ისედაც სტრესში ხარ, ძალიან ნერვიულობ რადგან გგონია, ამ გამოცდაზე მთელი შენი ცხოვრებაა დამოკიდებული და რაც იცი, ზოგჯერ ისიც გავიწყდება. საკმარისია რაიმე საკითხი ზერელედ გქონდეს დამახსოვრებული და უცებ გაქრება ტვინიდან.

– ვინაიდან მცირე დროა დარჩენილი, ზოგიერთი აბიტურიენტი თავად არ აწარმოებს კონსპექტს და იყენებენ მასწავლებლის ან მეგობრის კონსპექტებს, ეს ეფექტურია?

– ვფიქრობ, საგანს გააჩნია. ზოგადად, კონსპექტი არის რაიმე საკითხის შენებურად გაგების შემდეგ ამ ნააზრევის ფურცელზე გადატანა, მოკლე და ლაკონიური სახით. სხვისი ნააზრევის კითხვა არ მგონია, ეფექტური იყოს და უმჯობესია საკუთარი კონსპექტის წარმოება. თუმცა, თუ სხვა გამოსავალი არაა, სულ არაფერს, ისევ სხვების კონსპექტის კითხვა ჯობს.

– როგორ გაანაწილონ აბიტურიენტებმა მომზადების დრო ისე, რომ არ გადაიღალონ, 3 თვეში გაიარო მთელი სასწავლო მასალა, მარტივი არ უნდა იყოს…

– განვმეორდები, აუცილებლად ყოველ დღე უნდა მიმდინარეობდეს მზადება. კვირა დღეს დასვენება იყოს. 3 თვე ისე სწრაფად გაფრინდება, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ. დღეს მარტია და ხვალ ეროვნული გამოცდა. ყოველ დღე მეცადინეობით კი, დამიჯერეთ, ნამდვილად უკეთესი შედეგი იქნება. არ მგონია, ვინმეს იმის ილუზია ჰქონდეს, რომ სამი თვე იმდენი დროა, რად მინდა მაგდენი, ორ კვირაში ვისწავლი, იქამდე გავერთობიო. ჩემი პასუხი ასეთია: კარგი ბატონო, თუ ასეთი მაგარი ხარ, ისწავლე ორ კვირაში, მაგრამ არა ბოლო ორ, არამედ პირველ ორ კვირაში და თუ ახლავე დაიწყებენ მომზადებას, ორ კვირაში უკვე ექნებათ განცდა, რომ ამდენი კი ისწავლეს, ყველაფერი დაიზუთხეს, მაგრამ მაინც არაფერი იციან. შემდეგ კი იძულებულები გახდებიან, რომ მომზადება განაგრძონ და ასე გავა სამი თვეც. ყოველთვის ასეა, მომზადება არასდროსაა საკმარისი და გამარჯვებული სწორედ ისაა, ვინც ყველაზე მეტად, უკეთ მოემზადება.

– ერთ პასუხში რომ აუხსნათ, რა შეცდომები არ უნდა დაუშვან თუ ახლა დაიწყეს გამოცდებისთვის მზადება?

– მთავარია, რომ სამუშაო დღეების ჩავარდნები არ იყოს. მიდგომა, რომ დღეს ვიმეცადინე, მეყო და ხვალ დავისვენებ, ამ ხვალეს ზეგ დასვენებაც მოჰყვება. ამიტომ, ყოველ დღე ინტენსიურად მუშაობა ჯობს. თუმცა, არა დილიდან შუაღამემდე. ყოველ დღე, 6 საათის ფარგლებში (თუ ფიქრობთ, რომ მეტიც გჭირდებათ, შეგიძლიათ.) 5-6 საათი რა ამბავიაო, იტყვის ვინმე. სამ თვეში გვინდა მოსწრება და მაგიტომ. ერთი წელი გვქონდა დრო, მაგრამ 6 თვე გავფლანგეთ. თავიდანვე რომ დაგვეწყო, 2-3 საათიც კი იქნებოდა საკმარისი, მაგრამ ახლა ასეა საჭირო. ერთი რაღაც უნდა ახსოვდეს აბიტურიენტს, თუ უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა, მისი მოვალეობა და „სამსახური“ ამ მომენტში სწავლაა და ამ საფეხურს თუ წარმატებით დაძლევს, მერე უკეთესი ცხოვრება მოდის, ნამდვილად უკეთესი, უნივერსიტეტის ცხოვრება.

– თქვენ სამედიცინო განათლებაც გაქვთ, როგორ მედიკოსი, რას ურჩევდით აბიტურიენტებს?

– ისწავლეთ 1 საათი, დაისვენეთ 10 წუთი, შემდეგ ისევ ისწავლეთ 1 საათი და დაისვენეთ 10 წუთი. იკითხავთ, ერთ საათში არ ვიღლები და უკეთესია, 2 საათი გადაბმულად ვისწავლოო. კი ბატონო, ისწავლე, მაგრამ 2 საათის შემდეგ ისე გამოიფიტები, შესაძლოა, ვეღარ მოახერხო სწავლის გაგრძელება. პატარ-პატარა დასვენებები საჭიროა, რათა დიდხანს იყო ფუნქციური. არის დამახსოვრების უამრავი მეთოდიც. მე პირადად, პომოდორო მეთოდს ვიყენებ ხშირად. ამის შესახებ ინტერნეტში ამოუწურავი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ და გირჩევთ, უკეთ გაეცნოთ კიდეც, ეს მეთოდი მართლაც მუშაობს! 10 წუთიანი დასვენება არ უნდა იყოს ჯდომა და მობილურის „სქროლვა“. ამ დროს თქვენ გჭირდებათ გავლა, ორგანიზმის გააქტიურება და გამოფხიზლება გჭირდებათ, სულ ჯდომა ხერხემლისთვისაც არასახარბიელოა და შესაძლოა, წელის და კისრის მიდამოში ტკივილები დაიწყოს. ამ დროს, როგორც ვახსენე, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა. ასევე, აუცილებელია წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება, დილით რომ ერთიანად, 1 ლიტრი წყალი მიიღოთ და შემდეგ მთელი დღე აღარ გაგახსენდეთ, ესეც არასწორი მიდგომაა. მთელი დღე ყლუპ-ყლუპად სვით, რათა მუდმივად გაჯერებული იყოს ორგანიზმი წყლით.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური