GE

„თუ ისტორიაში აბიტურიენტი ვერ გაიხსენებდა სამი მოვლენიდან ერთს, კარგავდა 2 ქულას, ახლა შეიძლება, 6 ქულა დაკარგოს”- სპეციალისტი ცვლილებებზე

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ტესტის ცალკეულ დავალებებს აბიტურიენტები შეცვლილი ფორმით შეასრულებენ. ცვლილება შევიდა ისტორიის, მათემატიკისა და ინგლისური ენის ტესტურ დავალებებში.

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ყველაზე მეტი გამოსაცდელი არჩევითი საგნებიდან სწორედ ისტორიის საგანს ირჩევს, EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორ აფასებენ ცვლილებებს საგნის სპეციალისტები.

რა შეიცვალა: 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტში არსებული №22, 23, 24 დავალებების (პრობლემის ანალიზი და ისტორიული მოვლენის შეფასება) ნაცვლად საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება ახალი ფორმატის დავალება, რომელიც იმავე უნარებს შეამოწმებს, რასაც ეს დავალებები ამოწმებდა. კერძოდ: ისტორიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების გამოვლენა; ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა; ისტორიული მოვლენების შეფასების უნარი; ისტორიული მოვლენების/ფაქტების კრიტიკული გააზრების უნარი; არგუმენტირებული მსჯელობის უნარი; შეფასების უნარი. გამოცდების ცენტრი ხსნის, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ტესტის განსხვავებული ფორმატისა და არა არსობრივ-შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებაზე. დავალება 6 ქულიანია. ტესტის მაქსიმალური ქულა არ შეიცვლება (60).

„უცხო ენაში გრამატიკა გამარტივდა… არ მგონია, წერილის ამოღება სწორი გადაწყვეტილება იყოს“ – სპეციალისტი ცვლილებებზე

ისტორიკოსი და ამავე საგნის მასწავლებელი მრავალწლიანი გამოცდილებით, ნათია დეისაძე ამბობს, რომ ამ საგანში ცვლილებები დროულია და ელოდა კიდეც.

ნათია დეისაძე: მოველოდი მეც და ჩემი კოლეგებიც და ნამდვილად დროული იყო ამ ცვლილებების გამოქვეყნებაც. უკვე აქედანვე ვიცით, რა კორექტირება შეიძლება შევიტანოთ ჩვენი სწავლების მეთოდიკაში. ასევე ფიქრობენ აბიტურიენტებიც, რადგან არა გამოცდამდე რამდენიმე კვირით ან დღით ადრე, არამედ მათთვის ოპტიმალურ პერიოდში გაიგეს ცვლელებების შესახებ და მოსამზადებლადაც უამრავი დრო აქვთ.

ქალბატონო ნათია, როგორც ისტორიის საგნის სპეციალისტმა, მოკლედ აგვიხსენით, რა ცვლილებები შევიდა ტესტში

– ცვლილებები შეეხო ისტორიის საგამოცდო ტესტის 3 სავარჯიშოს, რომელთა წინაპირობა გასულ წლებში ითხოვდა ისტორიული პრობლემის ანალიზსა და მოვლენის შეფასებას. თითოუელი დავალება ფასდებოდა 2 ქულით, სამივე დავალების მაქსიმალური ქულა კი 6 იყო. მათ ნაცვლად შემოგვთავაზეს 1 კომბინირებული დავალება მაქსიმალური 6 ქულით. თუ წინა ტესტით აბიტურიენტი ვერ გაიხსენებდა სამი მოვლენიდან ერთს და კარგავდა 2 ქულას, ახლა მან შეიძლება 6 ქულა სრულად დაკარგოს, რადგან 3 მოვლენის ნაცვლად შესთავაზეს 1. ეს, რა თქმა უნდა, გამოსაცდელისთვის დიდი გამოწვევაა. თუ ადრე აბიტურიენტს შეეძლო რაღაც ქულა მაინც მოეპოვებინა ახლა უკვე კარგავს ამ შესაძლებლობას, რადგან კიდევ განვმეორდები, 1 მოვლენის ანალიზი და შეფასება უწევს და არა 3-ის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ნიმუშით თუ ვიმსჯელებთ, თუ აბიტურიენტს დავალებაში წარმოდგენილ მოვლენაზე არაფერი სმენია, მისი შესრულება აუცილებლად გაუჭირდება, წინა წლების ტესტში კი შეეძლო 3 მოვლენიდან ერთის ცოდნით მაინც მინიმალური ქულა მოეპოვებინა.

– ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ტესტი გართულდა?

– თავიდან მეც ვიფიქრე, რომ ეს ცვლილება ქმნიდა მნიშვნელოვან სირთულეებს, მაგრამ როცა გავეცანი ახალი ტიპის კომბინირებულ დავალებას, მივხვდი, რომ პირიქით. სრულიად მისაღები და გასაგები სავარჯიშო შემოგვთავაზეს. ამით, პირველ რიგში, თავადაც გაიმარტივეს საქმე, რადგან ამ ტიპის სავარჯიშოს ადეკვატური გასწორება მათთვის უფრო მოსახერხებელი იქნება, ცდომილება კი ნაკლები.

– თქვენი აზრით, რატომ გახდა საჭირო ტესტის კორექტირება კონკრეტულად ამ დავალებების ნაწილში?

– სპეციალისტისთვის მიზეზი ნათელია. როგორც წესი, დავალებების ეს ნაწილი, ე.წ პრობლემის ანალიზი, ყოველთვის სადაო გახლდათ. პირობის ნაწილშიც და შეფასების მერეც, აბიტურიენტები ხშირად აპროტესტებდნენ, რომ გაურკვეველი კრიტერიუმით შეაფასეს. დავკონკრეტდები, ყოფილა შემთხვევები, როცა ერთი და იგივე დავალების არგუმენტები მსგავს პასუხებში ერთს ჩაუთვალეს და მეორეს არა. ასევე, გაუნულეს შედეგი, როცა აბიტურიენტს სწორად ეწერა აზრი, რომელიც ვიღაცისთვის მიუღებელი იყო და არ ჩაუთვალეს. კონკრეტულად ეს ნაწილები ჩემს აბიტურიენტებსაც გაუპროტესტებიათ, ამიტომ ვფიქრობ, პირველ რიგში იფიქრეს საკუთარ რეპუტაციასა და პრესტიჟზეც და დახვეწეს სავარჯიშოების ეს ნაწილი, რასაც მივესალმები და ვთვლი, რომ ეს აუცილებელიც იყო.

– რა რჩევას მისცემდით აბიტურიენტებს, რომლებსაც ტესტის ამ ნაწილში მაქსიმალური ქულის აღების სურვილი აქვთ?

– მინდა დავამშვიდო აბიტურიენტები და ვუთხრა, რომ ტესტში რადიკალური არაფერი შეცვლილა. არც მათ საზიანოდ შეიცვალა არაფერი, პირიქით, ახლა უფრო დახვეწილი დავალება დახვდებათ გამოცდაზე და იმედია, აღარ დარჩებათ კითხვები თუ რატომ დააკლეს ქულა. ასევე ვურჩევდი, რადგან დავალება გახდა კომბინირებული, უფრო მეტ ისტორიულ ფაქტს გაეცნონ და მოვლენებს შორის პარალელები გაავლონ, რადგან ტესტი ითხოვს აზროვნებას და არა დაზეპირებული ისტორიის ცოდნას.

ასევე იხილეთ:

ისტორია, მათემატიკა და უცხო ენა – რა ცვლილებები ელით 2023 წლის აბიტურიენტებს სამი საგნის ტესტებში

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური