„თუ მოვუსმენთ ბავშვებს, სახლის პირობებში საგნობრივი სწავლებაც კი სახალისო გახდება“
მშობლებისთვის, რომლებიც იძულებული გახდნენ დისტანციურად იმუშაონ ან საერთოდ შვებულებაში არიან, შვილებთან ერთად სახლში დროის ნაყოფიერად გატარება გამოწვევადაც კი იქცა. სოციალურ ქსელებში მრავლად ვხვდებით ამ თემაზე იუმორისტულ ვიდეობსა თუ სხვადასხვა პოსტებს.
ფსიქოლოგების უმთავრესი რჩევა კი ამ შემთხვევაში ისაა, რომ პირველ რიგში, მოვუსმინოთ ბავშვებს, გავიგოთ მათი ინტერესები და აქედან გამომდინარე დავგეგმოთ ერთობლივი აქტივობები.
“ყველა სირთულეს დადებითი მხარე თუ არ მოვუნახეთ, სირთულეები, როგორც გველეშაპი გვშთანთქავს. ამიტომ, უნდა ვეძებოთ სასარგებლო მხარეები ამ ვითარებაში. იშვიათად გვაქვს ისეთი ფუფუნება, რომ ჩვენს შვილებთან ვიყოთ მთელი დღის განმავლობაში და თუ ამას გამოვიყენებთ, რომ ბევრი მივცეთ ჩვენს შვილებს, ეს წაგვადგება ჩვენც და მათაც“, – ამბობს ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი.
მისივე თქმით, ბავშვების დაინტერესება იწყება მათი მოსმენით და ასეთ დროს ბავშვების ინტერესი შეიძლება გამოვიყენოთ მათთვის ნებისმიერი უნარ-ჩვევების გადასაცემად, ამ მეთოდით შესაძლებელია, რომ საგნობრივი სწავლებაც, რასაც არდადეგების დროს სრულყოფილად ვერ ახორციელებენ ბავშვები, სახლის პირობებშიც ჩავრთოთ.
„ერთი კვირის წინ, ჩემი შვილიშვილი და მისი ბიძაშვილი იყვნენ ერთად კახეთში, პირველი რითიც დავიწყეთ, ვკითხე თუ რა აინტერესებდათ და მათ თქვეს, რომ სცენარის წერა აინტერესებდათ. ჩემი შეთავაზება იყო, რომ მოდი ჩამოვაყალიბოთ სცენარების მწერლების სკოლა. თვითონვე დაწერეს განრიგი, რომელ საათზე რომელი გაკვეთილი უნდა ჰქონოდათ და ა.შ. ასეთ დროს ბავშვების ინტერესი შეიძლება გამოვიყენოთ მათთვის ნებისმიერი უნარ-ჩვევების გადასაცემად. სცენარის წერას რა სჭირდება? – წერა-კითხვა, ისტორიის, მითების შესწავლა სჭირდება, მათემატიკაც კი სჭირდება, იმიტომ რომ მაგალითად ბიუჯეტია შესამუშავებელი. ანუ, ყველა საგანი ნებისმიერ საქმიანობაშია საჭირო. ამიტომ, მოდი შემოვაბრუნოთ სახლის პირობებში საგნობრივი სწავლება ბავშვების ინტერესებისკენ“, – ამბობს პაატა ამონაშვილი.
ფსიქოლოგები მოსმენის უნარს სამ დონედ ყოფენ, დაბალი მოსმენა, საშუალო და კარგი მოსმენა და ხაზს უსვამენ, რომ მესამე დონის, ანუ კარგი მოსმენის დროს ბავშვის თვითშეფასება იზრდება და შესაძლებლობები ფართოვდება.
„კარგი მოსმენაა, როცა ჩვენ ვცდილობთ მოვისმინოთ გრძნობები, როცა ინფორმაციის მიღმა ვცდილობთ გრძნობებს ჩავწვდეთ და შემდეგ ამას თანაგრძნობა დავამატოთ. აქ იწყება უკვე ძალიან კარგი ურთიერთობა, კონფლიქტური სიტუაციების მოხსნა და ბავშვის თვითშეფასება ადის მწვერვალებზე. ამ შემთხვევაში ეს გულისხმობს, რომ საკუთარი თავი გვერდზე გადავდოთ. ამისთვის ერთი მარტივი ხერხი არსებობს – უნდა შთავაგონოთ ჩვენს თავს, რომ ჩვენს წინაშე ღმერთი საუბრობს, დავჯდეთ და მოვუსმინოთ. ადამიანს შეუძლია მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, როცა შესაძლებლობა აქვს იფიქროს, თუ ვუსმენთ სწორედ ამ შესაძლებლობას ვუქმნით. როცა ვეუბნებით – ასე უნდა გექნა ან ისე, ფიქრის შესაძლებლობა ნულია, მაგრამ როგორც კი ვისმენთ და ბავშვი იწყებს მსჯელობას, თვითონვე იწყებს გადახედვას შესაძლებლობების და რაღაცებს პოულობს, ხან სწორს ხან არასწორს, მაგრამ კარგი მსმენელი აუცილებლად აპოვნინებს შეკითხვებით და არა მითითებით“, – აცხადებს ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება