„თუ საჭირო იქნება სუნთქვას შევაჩერებ, მაგრამ მაინც დავწერ!“ – აბიტურიენტები რეგულაციებს ეხმაურებიან
სიცხე, პირბადე, მუდმივი ფიქრი დისტანციის დაცვაზე, სხეულის ტემპერატურის კონტროლი და მისი აწევის შემთხვევაში პისიარ (PCR) ტესტის გაკეთება, ინფიცირების შიში – ეს არასრული ჩამონათვალია იმ „დამატებითი სანერვიულოებისა“, რომლებიც გამოცდების ისედაც სტრესულ პერიოდს აბიტურიენტებისთვის წელს კიდევ უფრო დაძაბულს ხდის. მათი ნაწილი უკვე ნერვიულობს იმაზე, თუ როგორ გაუძლებენ ივლისის სიცხეს გამაგრილებელი საშუალებების გარეშე, როგორ შეეგუებიან რამდენიმე საათით პირბადეს და ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად სხარტად იმუშავებს მათი ტვინი. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც რეგულაციებს მაქსიმალური გაგებით ეკიდებიან, რეალობას ისეთს იღებენ, როგორიც არის და დასძენენ, რომ მიზანს, რომლისკენაც 12 წელი მიდიოდნენ, ვერც პირბადე შეუშლის ხელს, ვერც სიცხე და ვერც თერმოსკრინინგი.
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებისა და დასრულების თარიღები და ის რეგულაციები, რომლებიც აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ, საზოგადოებას განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, მისივე მოადგილე პაატა იმნაძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააცნეს.
მათ ისაუბრეს იმაზე, თუ რა ზომები გატარდება საგამოცდო ცენტრებში ინფიცირების გავრცელების თავიდან ასარიდებლად და რა ტიპის აღჭურვილობა თუ დასუფთავების სამუშაოები უნდა უზრუნველყოს თითოეულმა ცენტრმა. ითქვა ის, რომ თითოეულ საგამოცდო ოთახში მხოლოდ 10 აბიტურიენტი და ორი მეთვალყურე იქნება, რომ თითოეული მერხი აღჭურვილი იქნება დამცავი ფარით, მერხებს შორის დაშორება კი სიგანეში ორი და სიგრძეში ერთი მეტრი იქნება. ისაუბრეს იმაზეც, რომ ოთახების განიავება – გაგრილება მხოლოდ სესიების დაწყებამდე და მათ შორის მოხერხდება. აბიტურიენტებს მიეცათ რეკომენდაცია თავად იქონიონ კონკრეტული მახასიათებლების მქონე გელიანი კალმები, რათა თავიდან აირიდონ საერთო ნივთებთან შეხება, აგრეთვე, საგამოცდო ცენტრში მაქსიმალურად ცოტა ნივთი შეიტანონ. განიმარტა ისიც, თუ რა შემთხვევაში არ დაიშვებიან გამოცდებზე აბიტურიენტები და ხაზი გაესვა იმას, რომ კორონავირუსის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აპლიკანტებს უფასოდ ჩაუტარდებათ ტესტი ვირუსზე, რისი პასუხის საფუძველზეც ისინი გამოცდებს ან გამოეთიშებიან, ან დაიშვებიან, თუმცა ცალკე სექტორში.
საგამოცდო ცენტრების რაოდენობა სულ 24-ს შეადგენს. იმის გამო, რომ სესიის დაწყებამდე და დასრულების შედეგ მომსახურე პერსონალს საკმაოდ შრომატევადი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება მოუწევს, ბრიფინგზე გაირკვა ისიც, რომ ზოგჯერ დღეში მხოლოდ ერთი სესია ჩატარდება, ზოგ შემთხვევაში კი, როცა საგამოცდო დრო ისედაც მცირეა – ორი. ამის გამო ერთიანი ეროვნული გამოცდების ვადები კვირაზე მეტი ხნით გახანგრძლივდა.
როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, აბიტურიენტებს ჩაბარების მეორე შანსი არ მიეცემათ და ბედის ცდა მომდევნო წელს მოუწევთ. ეს არის ყველაზე მთავარი საკითხი, რამაც მათში პროტესტი გამოიწვია.
„გამოცდაზე გასვლის შანსი ყველას უნდა მიეცეს, ეს აუცილებელია. პირადად მე, სიმპტომები რომც აღმომაჩნდეს, დავლევ სიცხის დამწევს და გავალ, რადგან ჩემთვის გამოცდაზე არდაშვება უფრო დიდი ტკივილია, ვიდრე კოვიდ-19-ით დაინფიცირება. დარწმუნებული ვარ ყველა მასე იზამს. ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, აბიტურიენტს გამოცდაზე გასვლის უფლება მაინც უნდა მიეცეს და სახელმწიფომ ზუსტად ამაზე უნდა იზრუნოს. არც ერთი აბიტურიენტი არ უნდა დარჩეს გამოცდის გარეთ, თორემ ფეხებით რომ ჩამომკიდონ, მაინც შევალ და დავწერ. გამოყონ ცალკე ოთახები, როგორც კარანტინში და მასე დააწერინონ. დაინფიცირება ჩემი ბრალი არ არის და ამის გამო გამოცდაზე არდაშვებით არ უნდა დამსაჯონ. არავის უნდა ერთი წლის დაკარგვა. მაშინ მოგვიანებით განმეორებითი გამოცდა დანიშნონ. მოკლედ, გამოცდაზე არდაშვება ჩემთვის სრულიად მიუღებელია, დანარჩენი კი ყველაფერი გასაგებია. თუ საჭირო იქნება სუნთქვას შევაჩერებ, მაგრამ მაინც დავწერ, რადგან ძალიან რთული აბიტურიენტობა მქონდა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და მეორედ ვეღარ ვიქნები. უნდა ჩავაბარო და გადავრჩე. პირბადესაც გავიკეთებ და ყველაფერს შევასრულებ, მხოლოდ ის მაშინებს, რომ გამოცდაზე არ დამიშვან. მე ხანდახან უმიზეზოდ მაქვს სიცხე და თუ მასე დამემართა და ამის გამო გამოცდაზე არ დამიშვეს, შეიძლება ეს ჩემი ცხოვრების დასასრული იყოს“,- ამბობს აბიტურიენტი ბაბეკ მამედოვი.
აღნიშნული საკითხი აბიტურიენტებისათვის ყველაზე მტკივნეული რომ არის ამას მოწმობს დახურულ ჯგუფებში გამართული პოლემიკაც, სადაც წერენ, რომ ეს დიდი უსამართლობაა იმ აპლიკანტების მიმართ, რომლებიც, შესაძლოა, გამოცდებზეც კი დაინფიცირდნენ. ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში მათთვის ეს შეღავათი მაინც უნდა გაეწიათ და ამისათვის ერთი წლისა და აბიტურიენტობის პერიოდის ხელახლა გავლას არ უნდა აიძულებდნენ.
„მოვისმინე მინისტრის მოადგილის კომენტარი, სადაც ამბობდა, რომ არასოდეს დაშვებულა პრეცედენტი, როცა ეროვნული გამოცდები ვინმესთვის განმეორებით ჩატარდა, მაგრამ ქალბატონ მოადგილეს ალბათ დაავიწყდა, რომ ოლიმპიადებზე გასულ მოსწავლეებს გამოცდას მოგვიანებით უტარებდნენ. მან თქვა ავადმყოფობის გამო მოსწავლისათვის არასოდეს გადაგვიტანია გამოცდაო, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ ავადმყოფობა არაა? პანდემიაზეა საუბარი და ვფიქრობ, ამ მცირე დათმობას ნამდვილად ვიმსახურებდით. ახლა იმაზე უნდა ვინერვიულო, რომ ამ თვენახევრის განმავლობაში კორონა არ შემხვდეს და ამის გამო ერთი წელი სახლში ჯდომა არ მომიწიოს. ვერც ჩემი მშობლები გადაიტანენ ამას, რადგან აბიტურიენტობის ხელახლა გავლა თუ მომიწევს, რეპეტიტორებისთვის ფულის ხელახლა გადახდა იქნება საჭირო, რაც ჩვენი ოჯახისათვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია“ , -ამბობს კიდევ ერთი აბიტურიენტი სამეგრელოდან ანანო ჯალაღონია.
პირბადემ და მისი მოხსნის აკრძალვამ კი ყველაზე მეტი აბიტურიენტი აღაშფოთა. ამბობენ, რომ 3-4 საათის განმავლობაში სიცხეში პირბადით ჯდომა შეუძლებელია. ზოგიერთი მათგანი წერს, რომ პირბადის გარეშეც ხშირად აქვს უჰაერობის შეგრძნება, განსაკუთრებით დახურულ და ცხელ სივრცეში. ზოგიერთი ხუმრობს, რომ წყლის შეტანა აზრს კარგავს, რადგან მის დალევას მაინც ვერ შეძლებენ. ზოგი კი ამბობს, რომ პანდემიის გამო წელს ისინი შეღავათებს ელოდნენ, მაგრამ ყველაფერი უფრო გაურთულდათ.
„ზოგადად, ძალიან ვცდილობ ხოლმე, რომ დეტალებზე არ ვიწუწუნო, მაგრამ ეს საკითხი ჩემთვის დეტალი ნამდვილად არ არის. არსებობენ ადამიანები, ვისაც თავისუფლად შეუძლია პირბადით სუნთქვა. მე ვერ ვსუნთქავ. კაშნესა და ყელიან ტანსაცმელსაც ვერ ვიყენებ – ყელზე და სახეზე რამე რომ მედება სუთქვას მიშლის. რომ წარმოვიდგენ სექტორებში თან ეცხელება და თან პირბადე მეკეთება მუდმივად, წინასწარ მეწყება შეტევა. ჩემი მეგობარი კი წერისას სათვალეს ხმარობს. ნიღბის გაკეთებისას სათვალე იორთქლება. მან რაღა ქნას? მოკლედ, წელს სანერვიულო და საფიქრალი არ მოგვკლებია. გამოცდებზე ვინერვიულო, პირბადეზე, სიცხეზე, იმაზე, რომ არ დავინფიცირდე თუ იმაზე, რომ რამის გამო სიცხე არ აღმომაჩნდეს, აღარ ვიცი“, – გვეუბნება ნინი სისაური.
სიტუაციას განსხვავებულად უყურებს დათა მხეიძე, რომელიც ფიქრობს, რომ მთავარია ქვეყანამ გამოცდების ჩატარება შეძლო. დანარჩენი კი, მისი აზრით, დეტალებია, რომლის ატანაც შესაძლებელია. მისთვის სიურპიზი არ ყოფილა ის, რომ პირბადესთან შეგუება, უკონდინციონერობა და სიცხის გაზომვა მოუწევთ. ამბობს, რომ ამას დიდი ხანია შეგუებულია და იმის მიუხედავად, რომ სათვალეს იყენებს, პირბადის გაკეთება ტრაგედიად მაინც არ მიაჩნია.
„თავიდან, პირბადის ტარებისას სათვალე სულ მეორთქლებოდა და შეუძლებელი იყო რამე დაგენახა, მაგრამ მერე მივეჩვიე და ვისწავლე როგორ უნდა გავიკეთო ორივე ისე, რომ დანახვაც შევძლო. თავისთავად, სიცხე ადამიანს ხელს გიშლის, მაგრამ იმასაც ვიაზრებ, რომ ყველანი თანაბარ პირობებში ვიქნებით, ამიტომ მაგაზე ნაკლებად ვნერვიულობ. შევეცდები ნაკლები ყურადღება მივაქციო მზის ნათებას და ტესტზე ვკონცენტრირდე.
„არც დაინფიცირების მეშინია. ვფიქრობ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ან თუნდაც „ფაბრიკის“ რიგში დაინფიცირების ბევრად მაღალია რისკია. კორონავირუსი ჩვენს ქვეყანაში კლებისკენ მიდის თან და მეც დღითიდღე მინელდება შიში. თან ვიცი, რომ უსაფრთხოების ნორმები სანიმუშოდ იქნება დაცული, რაც ბავშვთა კომფორტის ხარჯზე ხდება, მაგრამ რას ვიზამთ“, -ამბობს დათა.
სალომე ხაჩიძე: „ველოდი ამ გადაწყვეტილებების მიღებას. ზოგი ფიქრობდა, რომ გამოცდების თარიღი გადაიწევდა, მაგრამ მე არ მიმაჩნდა სწორად, რადგან თუ გადაწევდნენ, გამოცდები ძალიან გაიწელებოდა. აბიტურიენტებიც დაიტანჯებოდნენ და სტუდენტებიც. პრინციპში, ბრიფინგიდან პასუხი თითქმის ყველა კითხვაზე მივიღე. პირადად მე ყველაზე მეტად გამოცდაზე პირბადით ყოფნა მერთულება, რადგან ამ სიცხეში ძნელია ეს ნივთი ატარო. ასევე, უსამართლობად მიმაჩნია ის, რომ დაინფიცირების შემთხვევაში ერთი წელი უნდა დავკარგოთ. მგონია, რომ სხვა გამოსავალი უნდა მოეფიქრებინათ.“
ნინო კაჭარავა: „ორ რამეს არ ვეთანხმები – პირბადეს და უკონდინციონერობას. კონდინციონერი ზუსტად რომ გამოცდის დროს გვჭირდება და არა მანამდე, ან მას მერე. როგორც არ უნდა გაანიავონ მანამდე, რამდენიმესაათიან გამოცდაზე მაინც დაცხება. სკოლაშიც ამით ვიტანჯებოდით და გამოცდაზეც ეს რეალობა გვაქვს. იმედი მაქვს, ბუნება მაინც დაგვინდობს და ძალიან არ ეცხელება.
„პირბადე კი ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს, არაერთი მეცნიერი წერს ამას. მისი ხანგრძლივად ტარება პირადად ჩემთვისაც ძალიან რთულია. თუმცა, ისიც მესმის, რომ ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც ჩვენ გვინდა, ამიტომ მათ რეკომენდაციებს გავითვალისწინებ. რაც შეძლეს, ისიც კარგია.“
პრესკონფერენციიდან გაირკვა ისიც, რომ სწორედ კორონავირუსისაგან თავდაცვის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, რაც საჭიროებს გარკვეული რაოდენობის დამატებით პერსონალს, მათ აღჭურვილობას, სადეზინფქციო საშუალებებსა და ა.შ. წელს გამოცდების ბიუჯეტი გაზრდილია და წინა წლებთან შედარებით მეტი დაიხარჯება. კონკრეტული თანხები არ დასახელებულა, თუმცა, როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს ქმედება გამართლებულია, რადგან ფული აბიტურიენტების რისკების შემცირების, დამკვირვებლებისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისათვის იხარჯება.
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება