უარი ავტორიზაციაზე – ფართის სიმცირის გამო, მოსწავლეები სპორტის გაკვეთილის ჩასატარებლად სხვა შენობაში დაჰყავდათ
2024 წლის 10 იანვარს გამართულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სპს- სენაკის ქართულ-ევროპულმა N1-მა კერძო სკოლამ, ავტორიზაციის ვადის გასვლის შემდეგ, ხელახალი ავტორიზაცია ვერ გაიარა. საბჭოს 12-ვე წევრმა ხმა საგანმანათლებლო დაწესებულების საწინააღმდეგოდ მისცა.
EDU.ARIS.GE სხდომას დისტანციურად დაესწრო და მხარეთა პოზიციები მოისმინა.
საბჭოს წევრების განმარტებით, ავტორიზაციის ვერგავლის მთავარი მიზეზი ფართის სიმცირეა, რის გამოც სკოლა მოსწავლეთა საჭიროებების სრულყოფილად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებდა. ამის ერთ-ერთ მაგალითად დასახელდა სპორტის გაკვეთილი, რომლის შენობაში ჩატარების შესაძლებლობაც სკოლას არ ჰქონდა და მოსწავლეები სკოლისგან ნახევარი კილომეტრით დაშორებულ დარბაზში სპეციალური ტრანსპორტით გადაჰყავდათ, შემდგომ კი ისევ უკან აბრუნებდნენ.
ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე დავით მალაზონიამ აღნიშნა, რომ სწორი იქნება, თუ სკოლა თავიდან წარდგება ავტორიზაციის მოსაპოვებლად მას შემდეგ, რაც შესაბამის ფართს იპოვის. სკოლის დირექტორს, მაია მზარელუას კი, რომელმაც გადაწყვეტილება გააპროტესტა, ურჩიეს, რომ სააპელაციო კომისიისთვის მიემართა. როგორც სხდომის მიმდინარეობისას სკოლის დირექტორმა განაცხადა, კერძო სკოლას 120 მოსწავლე ჰყავს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი, დიდუბე-ჩუღურეთის რესურსცენტრის უფროსი, ლელა ჯაში და სენაკის რესურსცენტრის უფროსი, დარეჯან ზარანდიაც.
ამავე სხდომაზე დააკმაყოფილეს კერძო სკოლა „შპს ალბიონის“ დირექტორის განცხადება ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე. ავტორიზაცია გაიარეს შემდეგმა საჯარო სკოლებმა: სსიპ-წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლა-30 მოსწავლეზე; სსიპ-კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს საჯარო სკოლა-60 მოსწავლე; სსიპ-მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლა- 100 მოსწავლე.
შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მიზანია შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებას გაუუქმდება ავტორიზაცია, მან ფუნქციონირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს.
ავტორი: თამარ კირკიტაძე
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
- აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება
- დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა by ARIS.GE-განათლება