„უბრალოდ გადარჩენა და საბაზისო განათლების მიღება საკმარისი არ არის“ – მსოფლიო ბანკის ანგარიში
პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია განათლებასა და ჯანდაცვაზე, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ბოლო ანგარიშში, რომელიც 7 ოქტომბერს გამოაქვეყნდა. ბანკის გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ვირუსით უკვე ათასობით ადამიანი გარდაიცვალა და გადარჩენილი ადამიანების ჯანმრთელობას გრძელვადიანი ზიანი მიადგა.
“სკოლების დახურვას შეიძლება დანაკარგები მოჰყვეს სწავლის მიმართულებით, რაც სასწავლო წლის ერთი მესამედის ან სრული სასწავლო წლის ეკვივალენტურია. აღნიშნული, სავარაუდოდ გაამწვავებს უთანასწორობას სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე არაპროპორციული ზემოქმედებით”, – ნათქვამია საფინანსო ინსტიტუტის ანგარიშში. იქვე მითითებულია, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის ზრდა და მასზე წვდომის გაუმჯობესება, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანების ჯანმრთელობის წინაშე არსებული რისკფაქტორების შესუსტება გადამწყვეტია რეგიონის მდგრადი აღდგენისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ქვეყნები შედარებით კარგ საბაზისო განათლებას და ჯანდაცვას უზრუნველყოფენ, რაც მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსით შეფასდა, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო ფიზიკური პირების და ქვეყნების დასახმარებლად მომავალში წარმატების მიღწევის მიზნით.
„უბრალოდ გადარჩენა და საბაზისო განათლების მიღება საკმარისი არ არის. ზრდასრული ადამიანი უნდა იყოს ჯანმრთელი, აქტიური და პროდუქტიული თავისი სიცოცხლის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის წინაშე არსებული ისეთი რისკების შემცირება, როგორებიცაა სიმსუქნე, მოწევა და ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობის მიღება, რომლებიც საფრთხეს უქმნის აქტიურ და პროდუქტიულ დაბერებას. ასევე არსებითია უმაღლესი სასწავლებლების მიერ სტუდენტების მომზადება დღევანდელი შრომითი ბაზრის გამოწვევებისთვის“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ასლი დემირგუჩ – კუნტმა.
ხარისხიანი უმაღლესი განათლება უმნიშვნელოვანესია ადამიანებისთვის სწრაფად ცვალებად შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, უწყვეტი მიგრაციის მიუხედავად, ასევე ხელს შეუწყობს მაღალი დონის უნარ-ჩვევების მქონე შრომითი რესურსების შენარჩუნებას.
წყარო: business-partner
- „თითქმის ყოველი მესამე 15 წლის მოზარდი არ ფლობს საბაზისო მათემატიკურ უნარებს“ – რა საფრთხეზე მიუთითებს ევროკომისიის ანგარიში by მასმედია
- უშუქობის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის 10-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა by მასმედია
- აფხაზეთში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება – სოხუმში ენერგოკრიზისზე საუბრობენ by მასმედია