„უბრალოდ ვდგები და კლასიდან გავდივარ – არ აქვს სკოლას არანაირი გეგმა“
ქეთა ტვილდიანი, 15 წლის, თბილისი
„პირველად სკოლის მიმართ პროტესტი მეშვიდე კლასში გამიჩნდა, როცა სკოლამ ის კლასი დაყო ტექნიკურად და ჰუმანიტარულად, რომელთან ერთადაც პირველი კლასიდან მოვდიოდი. ახალ ბავშვებთან შეწყობა ძალიან გამიჭირდა და სწავლის რეჟიმიც ამერია. მას მერე რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე, იმ იმედით, რომ სადღაც მივაგნებდი იმ სიტუაციას, რომელიც მჭირდებოდა.
საერთოდ ვფიქრობ, რომ სკოლაში უმთავრესია მეგობრული მასწავლებლები, მყუდრო გარემო და შემდეგ უკვე საგნების სწავლა. და არა ისეთი, ჩვენს კოლებში რომ არის, მასწავლებელი ყურს რომ აგიწევს ან მერხს რომ გესვრის. გეცინებათ ხო? მე კიდევ ესენი ჩემი თვალით მინახავს. ამ დროს ყოველთვის მიჩნდება პროტესტი და თუ ვერ ვახერხებ შეპასუხებას და თავდაცვას მასწვალებლის დაუმსახურებელ ლანძღვაზე, უბრალოდ ვდგები და კლასიდან გავდივარ. იცით რამდნი ოქმი დაუწერიათ ჩემ ყოფა-ქცევაზე და რამდენჯერ დაუყენებიათ საკითხი ჩემი სკოლიდან გაშვების? მაინც ვთვლი, რომ ყველა ბავშვს გვაქვს უფლება გავაპროტესტოთ და შევეწინააღმდეგოთ იმას, რასაც ვთვლით დაუმსახურებლად. მასწავლებელი და ბავშვი უფროს-უმცროსი კი არ უნდა იყოს, უნდა იყვნენ თანასწორები. იმიტომ, რომ როცა ხვდები, რომ უსამართლოდ იჩაგრები, მერე სწავლის მოტივაციაც გეკარგება და შურისძიებაზე ფიქრის მეტს არაფერს აკეთებ.
ერთხელ, მერვე კლასში როცა ვიყავით, გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთ გოგოს ისე მოქაჩა თმა, რომ ბავშვი ატირა. კიდევ ერთ კლასელს, რომელსაც წონის პრობლემა ქონდა, მათემატიკის მასწავლებელმა უთხრა, შენ იმიტომ ვერ სწავლობ, ბევრს ჭამ და გონება არ გიმუშავებსო. იმ გოგომ შესვენებაზე იტირა და მერე მთელი კვირა სკოლაში არ დადიოდა, იმიტომ რომ მთელმა კლასმა დასცინა. დარწმუნებული ვარ, ამ ბავშვებისთვის გეოგრაფია და მათემატიკა ყველაზე საძულველი საგნებია. არც ერთს არ ეცოდნება ეს საგნები, როცა გაიზრდებიან. მეც არ ვიცი მათემატიკა ისე როგორც მეხცრე კლასელმა უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ყველა სკოლაში დირექტორიდან დაწყებული სასწავლო ნაწილით დამთავრებული იმას გაიძახოდნენ, რომ მე არ მაქვს მათემატიკური უნარი და ტვინი. მერე მეც ჩავიქნიე ხელი, არ მაქვს და ნუ მაქვს, ჰოდა თუ არ მაქვს, არ ვისწავლი! არადა შეიძლებოდა კარგად მცოდნოდა მათემატიკა ახლა, სხვანაირად რომ მომდგომოდნენ.
კარგი მასწავლებელი ჩემთვის ისაა, ვინც მეგობრულად გიდგება და პირველ რიგში ცდილობს ურთიერთობები ჯერ შენთან ააწყოს და მერე ეს ცოდნა ბავშვებსაც გაგვიზიაროს, გვასწავლოს. ასეთ მასწავლებლებს უბრალოდ ვერ გაუტეხავ, რომ არ ისწავლო. ბოლო-ბოლო დროის უმეტეს ნაწილს სკოლაში ატარებ და თუ მეგობრული ურთიერთობები აუცილებელია. ახლა სამოქალაქოს მასწავლებელი მყავს ასეთი, დავალება რომ არ დავწერო, უბრალოდ არ შემიძლია, ისე შემოდის ურთიერთობაში.
დაბალ კლასებში მთელი წლები ვიტანჯებოდი ბულინგით. მეც მქონდა წონის პრობლემა და ხან რას მეძახდნენ ბავშვები და ხან რას. ერთხელ მახსოვს არდადაგებიდან რომ დავბრუნდი, მწვანე კალგოტკა მეცვა და თმაც მოკლედ მქონდა შეჭრილი. ჰოდა შევედი თუ არა კლასში, ბიჭბმა სიცილი დაიწყეს, „ჰალკი“ მოვიდაო. მე მაშინ არ ვიცოდი, რა იყო ჰალკი და სახლში, რომ მოვედი, დავგუგლე. გული გამისკდა. სკოლაში რამდენიმე დღე არ დავდიოდი მაგის გამო. მაშინ თავდაცვა არ შემეძლო. კი, ახლა უფრო გავძლიერდი, მაგრამ მაშინ როგორ ცუდად ვიყავი? არავის დავუცვივარ, არ აქვს სკოლას არანაირი გეგმა, როგორ შეიძლება ეს ბულინგი მოაგვაროს. კი შემოდიოდნენ დირექტორიც და სასწავლო ნაწილიც და უბრძანებდნენ, მეორედ არ გააკეთოთო, მაგრამ ეს კატეგორიული აკრძალვა ნიშნავს, რომ ბავშვი ამას აუცილებლად გააკეთებს. როგორც ვხვდები ზედმეტ დროს არ ხარჯავენ მასწავლებლები ბავშვების ურთიერთობების მოგვარებაზე, მათთვის მნიშვნელოვანია სასწავლო გეგმა და პროგრამა, ჩვენთვის კი ურთიერთობები და მერე სწავლა.
ერთი ჰოლანდიური ფილმი გამახსენდა „მაგარი ბავშვები არ ტირიან“ და იქ ვნახე, როგორ ცდილობს ერთ-ერთ ჰოლანდიურ სკოლაში მასწავლებელი კლასში ურთიერთობების მოგვარებას, სადაც სწავლობენ სხვადასხვა კანის ფერის და შესაძლებლობების ბავშვები. იცით ამას როგორ ახერხებს? ცდილობს შექმნას ისეთი სიტუაციები, როცა ბავშვები ერთმანეთს ეხმარებიან. როცა სხვას ეხმარები, თავი ძალიან კარგი ტიპი გგონია და გიჩნდება სურვილი, რომ უკეთესი გახდე და უფრო მეტს დაეხმარო. აკრძალვა კი არასდროს არის მეთოდი, არც მშობლების და შვილების ურთიერთობაში. სამწუხაროდ, მერე ყველას ავიწყდება, რომ ბავშვი იყო და სიტყვაზე, რაც უფრო უკრძალავდნენ შოკოლადის ჭამას, უფრო მეტს იპარავდნენ და ჭამდნენ.
ძალიან მინდა გავხდე მსახიობი, მაგრამ სამწუხაროდ სკოლებში არ არის ისეთი მიდგომა, რომ შენს ინტერესებზე და უნარებზე გამახვილდეს ყურადღება და დაგეხმაროს საკუთარი თავის მოძებნაში ან თუნდაც ხელი შეგიწყოს ამ მიმართულებით განვითარებაში. კი, შეიძლება მათემატიკა არ ვიცი კარგად, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ უვიცი ვარ და კარგი მსახიობი ვერ გამოვალ? იქნებ სხვა უნარი მაქვს და შესაძლებლობები? სკოლას უნდა ქონდეს ეს მიდგომა, რომ საკუთარ თავში დაგარწმუნოს. ფეისბუქზე შემხვდა ამას წინათ აინშტაინის სიტყვები, ზუსტად არ მახსოვს ფრაზა, მაგრამ იმაზეა, რომ თევზი თუ შეაფასე კლდეზე ცოცვის უნარით, ჩათვლი, რომ ის იდიოტია. არადა თევზს წყალში ცურვა გამოსდის სამაგიეროდ ყველაზე მაგრად. ამიტომ სკოლებში უნდა მოხდეს ყველას უნარების გამოვლენა და ბავშვების დახმარება.
რაც უფრო მეტ სტიმულს გაძლევენ, მით უფრო მეტი მოტივაცია გიჩნდება, რომ იმუშავო საკუთარ თავზე. ნიშნები კიდევ კლავს მოტივაციას.“
ამბავი იმაზე, თუ რაში დავხარჯე ცხოვრების 12 წელი
წყარო: ქალები საქართველოდან Women of Georgia
© 2017 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან პოსტებში გამოთქმული აზრი ეკუთვნის რესპონდენტებს და არ უნდა იყოს გაგებული როგორც პროექტის ავტორებისა და დონორების ოფიციალური პოზიცია.
- „ამ ბოლო გაბრძოლების შემდეგ დავტოვე სკოლა და ქვეყანა“ – კიდევ ერთი მასწავლებლის ისტორია by თავისუფალი ტრიბუნა
- „…სასწავლო პროცესი კარს მომდგარია და დამსაქმებელმა ფაქტობრივად უმუშევარი დამტოვა“ – რა დეტალებს იხსენებს სკოლიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა პედაგოგი by თავისუფალი ტრიბუნა
- „და ჩემი ჯერიც მოვიდა…“ – მასწავლებლი სკოლიდან გათავისუფლების საკუთარ ისტორიას ყვება by თავისუფალი ტრიბუნა