„უცხო ენაში 2018 წლის აბიტურიენტთა ცოდნის დონე საშუალო ან საშუალოზე დაბალია”
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს, აბიტურიენტთა ფიზიკის გამოცდით დასრულდება. აბიტურიენტები, მათი მშობლები და სხვა აპლიკანტები უკვე შედეგების მოლოდინში არიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შესრულებული ტესტების გასწორება დაწყებულია, მათ შორის უცხოური ენების ტესტებისაც. როგორც გამოცდების ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ EDU.ARIS.GE-ის განუცხადა, ნამუშევრების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გასწორებულია და შედეგები, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი.
რაც შეეხება წლევანდელ ტენდენციებს და აბიტურიენტთა ცოდნის დონეს, როგორ ტყემალაძე აღნიშნავს, წერითი დავალება ისევ რჩება აპლიკანტთა სუსტ მხარედ, უცხოურ ენებში აბიტურიენტების უმეტესი ნაწილის ცოდნის დონე კი საშუალო ან საშუალოზე დაბალია. ჩვენ საგნის ჯგუფის ხელმძღვანელს აბიტურიენტების კითხვებით მივმართეთ:
– რა ეტაპზეა ამჟამად ნამუშევრების გასწორების პროცესი და როდისთვის უნდა ველოდოთ შედეგებს?
– ნამუშევრების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გასწორებულია. ვიმედოვნებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში აბიტურიენტები შედეგებს გაიგებენ, დაზუსტებული ინფორმაცია ცენტრის ფესიბუკ გვერდზე გამოქვეყნდება.
– რა ტენდენციები გამოიკვეთა ნაშრომების გასწორების შემდეგ – რა უჭირთ და რას ვერ გაართვეს თავი აბიტურიენტებმა, რჩება თუ არა წერითი დავალება მათ სუსტ მხარედ?
– წერითი დავალებები რჩება აბიტურიენტების სუსტ მხარედ. ჩვენ გვაქვს 2 სახის წერითი დავალება: წერილი და თხზულება. აბიტურიენტებს თანაბრად უჭირთ ორივე ამ დავალების შესრულება. რაც შეეხება უმაღლეს ქულას, ტრადიციულად წერილში უფრო მეტი უმაღლესი ქულა იწერება, ვიდრე თხზულებაში, თუმცა საერთო ჯამში წერით დავალებებში უმაღლეს ქულას ცოტა აბიტურიენტი იღებს.
– როგორც ვიცით, ქართული ენის ტესტის გასწორების პროცესში გამსწორებლებს გაუჭირდათ კალიგრაფიის აღქმა, როგორი სიტუაციაა ამ მხრივ უცხოური ენების ესეების გასწორების დროს? ვინაიდან აბიტურიენტები საკუთარი კალმებით წერდნენ, სკანერს ხომ არ გასჭირდვებია ნაწერის აღქმა?
– რამდენადაც ვიცი, სკანერს არ გასჭირვებია ნაწერის აღქმა და, შესაბამისად, არც გამსწორებლებს ჰქონიათ ამგვარი პრობლემა. რაც შეეხება კალიგრაფიას, გეთანხმებით, რომ ზოგიერთი აბიტურიენტის ნაწერის გარჩევა ჭირს და ხანდახან კომისიის წევრებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა გაარჩიონ ის, თუ რას წერენ აბიტურიენტები. მახსოვს, რომ ადრე, მანამ, სანამ ელექტრონულ გასწორებაზე გადავიდოდით და ნამუშევრებს ქაღალდზე ვასწორებდით, საამისოდ გამსწორებლები გამადიდელ შუშასაც კი იყენებდნენ.
– იყო თუ არა თემების „განულების“ შემთხვევა ან დაიწერა თუ არა უკვე მაქსიმალური ქულა?
– დიახ, ორივე შემთხვევა გვქონდა, თუმცა ამ ეტაპზე რაოდენობების თქმა გამიჭირდება. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტმა სახელი და გვარი მიუთითა წერილში ან, მაგალითად, დაწერა ელფოსტის მისამართი, რომელშიც სახელი და გვარი იყო მითითებული. ყველა ასეთი ნაწერი ნულით შეფასდა. სამწუხაროა, რომ ჩვენი მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც არიან აბიტურინტები, რომლებიც სახელსა და გვარს წერენ. კარგი იქნება, თუ უცხოური ენების მასწავლებლებიც ეტყვიან მოსწავლეებს, რომ წერით დავალებაში სახელისა და გვარის ჩაწერა მინიშნებად ჩაითვლება და ასეთი დავალება (და არა მთლიანად ტესტი) ნულით შეფასდება.
– რომელი ენის ტესტები უფრო გაუადვილდათ წლევანდელ აბიტურიენტებს?
– ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გასწორების პროცესი დასრულდება და მომზადდება შედეგების სტატისტიკური ანალიზი. ეს სავარაუდოდ მოხდება აგვისტოში. წინა წლების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, დიდი განსხვავება ჩვენი ტესტების სირთულის დონეებს შორის არ უნდა იყოს. ჩვენ ამაზე ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობთ და მრავალ იმგვარ ფაქტორს ვითვალისწინებთ, რომლებიც მეტ-ნაკლებად დაუახლოვებს ერთმანეთს ინგლისურის 4 ვარიანტისა და გერმანულის, ფრანგულისა და რუსულის თითო-თითო ვარიანტის სირთულის დონეები.
– შეიცვალა თუ არა წინა წლებთან შედარებით აბიტურიენტთა მომზადების დონე?
– ინგლისურ ენაში ძალიან კარგად მომზადებული აბიტურიენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ეს ზრდა ისეთი სწრაფი არ არის, რომ საერთო სურათზე შესამჩნევი გავლენა მოახდინოს. უცხოურ ენებში აბიტურიენტების უმეტესი ნაწილის ცოდნის დონე საშუალო ან საშუალოზე დაბალია.
– როდის გამოქვეყნდება ქულები?
– როგორც კი გასწორების პროცესი დასრულდება. ვფიქრობთ, რომ ეს აგვისტოს დასაწყისში მოხდება.
ამავე თემაზე:
2018 წლის ზოგადი უნარების ტესტების სკანირება დაიწყო – როდის გამოქვეყნდება შედეგები
ავტორი სალომე ზარიძე
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება