GE

როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტთა შედეგები ქართულში და რა ჩაითვლება შეცდომად ტექსტის რედაქტირების დავალებაში

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, უკვე დაიწყო აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებაც. ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტებმა ტესტების 4 ვარიანტი წერეს და ამ ეტაპზე ორი ვარიანტის გასწორება უკვე დასრულებულია. როგორ მიმდინარეობს პროცესი, რა პრინციპით გასწორდება ტექსტის რედაქტირების დავალება და როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტების შედეგები ქართულში, ამ და სხვა კითხვებით ჩვენ გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ.

EDU.ARIS.GE-ს კითხვებს ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა ჯამბურიამ უპასუხა.

ამჟამად რა ეტაპზეა ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორება, რამდენი ნაწერია გასწორებული და როდის დასრულდება გასწორების პროცესი?

–ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნამუშევრების გასწორება 10 დღის წინ დაიწყო და ნაშრომების თითქმის ნახევარი უკვე შეფასებულია. ჩვენი ვარაუდით, ეს პროცესი აგვისტოს პირველი რიცხვებისათვის უნდა დამთავრდეს. სამი დღის შემდეგ არჩევითი გამოცდა (ლიტერატურა) ჩატარდება, რომლის გასწორების პროცესსაც, სავარაუდოდ, 5 აგვისტომდე დავასრულებთ.

როგორია წლევანდელი ტენდენციები­­ გამსწორებელთა შეფასებები ნაშრომების გაცნობის შემდეგ – რა უჭირთ უფრო ხშირად და რას ვერ გაართვეს თავი აბიტურიენტებმა – წინა წლებიდან გამომდინარე, გაუჭირდათ თუ არა სიტყვების გაგება, გვხვდება თუ არა თემებში ისევ შაბლონური ფრაზები და რამდენად თავისუფლად მსჯელობენ არგუმენტირებულ ესეში?

–ვფიქრობ, ჯერ ცოტა ადრეა კატეგორიული განცხადებებისა და საბოლოო დასკვნების გაკეთება. მაგრამ არ შემიძლია სიამოვნებით არ აღვნიშნო ის, რომ არგუმენტირებული ესეს დავალებას, ერთი შეხედვით, წელს უკეთესად ართმევენ თავს, ვიდრე გასულ წლებში. არ გამოვრიცხავ, ეს იმითაც იყოს განპირობებული, რომ დავალების პირობის უკეთ გასააზრებლად ცალკეული ტერმინების განმარტებებიც მივეცით, თუმცა იმედი მაქვს, მხოლოდ ეს არ იქნება მიზეზი. ბევრია ისეთი ნაწერი, რომლებშიც არც შაბლობური ფრაზები გვხვდება და არც დაზეპირებული (წინასწარ გამზადებული) მსჯელობა. გასწორების პროცესი რომ ბოლომდე დასრულდება, მერე უფრო იქნება შესაძლებელი ვიმსჯელოთ, გვაქვს თუ არა წელს უკეთესი შედეგები.

რაც შეეხება ტექსტის რედაქტირებას და კონკრეტულად თემურლენგისგამოყენებას ტექსტის რედაქტირებაში. აბიტურიენტების ნაწილმა აღნიშნული სიტყვა აარედაქტირა, დააკლდებათ თუ არა მათ ამ სიტყვის გასწორებაში ქულა და მთლიანობაში თუ შეგვიძლიათ გვითხრათ რამდენი შეცდომა იყო ტექსტში?

–ცხადია, არ დააკლდებათ – ერთად დაწერენ თუ ცალ-ცალკე, ორივე შემთხვევაში სწორად ჩაითვლება. ტექსტის რედაქტირების დავალების გასწორება ამგვარად ხდება: მთელი ტექსტი თუ სწორად არის დაწერილი, აბიტურიენტი იღებს 16 ქულას. თუ 1 შეცდომა არის დაშვებული, იღებს 15-ს, თუ შეცდომა ორია, მაშინ 14-ს და ა.შ. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს სარედაქციოდ მოცემულ ტექსტში დაშვებული შეცდომა უცვლელად გადმოიტანა, თუ თავად დაუშვა სწორად მოცემულ წინადადებაში რაიმე შეცდომა. ამდენად, ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რამდენი შეცდომა იყო დაშვებული, არამედ ის, აბიტურიენტის გადმოწერილ ტექსტში რამდენი შეცდომა იქნება.

აბიტურიენტებს ასევე გაუჭირდათ მეოთხე ვარიანტის ესეს გაგება, რომელიც ტერორიზმ განმარტებას ეხებოდა. რას იტყვით ამ შემთხვევაში, რა ტიპის მსჯელობა იყო გამართლებული დავალების მიხედვით და რომელი პოზიციის განვითარების შემთხვევაში შეუფასდებათ მათ ნაშრომი კარგად, ან ცუდად?

–ვერ დაგეთანხმებით, რომ მეოთხე ვარიანტში შეთავაზებული დავალება გასააზრებლად სხვა დავალებებზე უფრო რთული იყო. კონკრეტულად ვილაპარაკოთ, როდესაც ამ ვარიანტის გასწორება დასრულდება.

ნაწერებზე დაყრდნობით არის თუ არა უკვე ცნობილი თუ რომელი ვარიანტი, ან რომელი დავალება ერთულათ წელს ყველაზე მეტად აბიტურიენტებს?

–ეს ჯერჯერობით ცნობილი ვერ იქნება, რადგან ამჟამად მხოლოდ ორი ვარიანტის გასწორება სრულდება და, სანამ დანარჩენი  ორიც არ გასწორდება, ვერავინ იტყვის, რომელი დავალება აღმოჩნდა რთული და რომელი – მარტივი.

რაც შეეხება წაკითხულის გააზრებას, ისევ უჭირთ აბიტურიენტებს ამ დავალების შესრულება?

–არა მგონია, რომ ამ დავალების შესრულებისას რაიმე სირთულეებს წაწყდომოდნენ აბიტურიენტები.

–რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, სკანერს ხომ არ შეჰქმნია პრობლემა აბიტურიენტების ნაწერების აღქმაში, რადგან წელს აბიტურიენტებს საკუთარი კალმებითაც შეეძლოთ წერა

–სკანირების პრობლემები ჯერ არ შეგვხვედრია. არის რამდენიმე ნაწერი, რომელიც ისეთი უცნაური ხელწერით არის შესრულებული, რომ სიტყვების გარჩევა ეკრანზე ვერ მოვახერხეთ. ეს ნაწერები ამოიბეჭდება და ისე (გამადიდებელი შუშით) შევეცდებით გასწორებას.

იყო თუ არა შემთხვევები, როცა აბიტურიენტმა თემა არ დაწერა?

–დიახ, ასეთი შემთხვევები ყოველ წელს არის.

–არაქართულენოვანი აბიტურიენტები წუხან იმაზე, რომ მათთვის რთულია ქართულში მოსული დავალებების ისე გაგება და იმ დონეზე მუშაობა, როგორც ეს ქართველი აბიტურიენტებისთვის არის შესაძლებელი, როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა შედარებით განსხვავებული ტესტები მათთვის მომზადებული? რამდენად სწორია, იდენტურ ტესტზე მუშაობა და ასევე რას ეტყოდით მათ დასამშვიდებლად?

–თუ ჩვენს ქვეყანაში ვინმე კარგად ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, გამოცდა კი არ უნდა გავამარტივოთ (ან ისეთი პირობები კი არ უნდა შევუქმნათ, რომ ენის კარგად სწავლა არ დასჭირდეს არაქართულენოვან მოსახლეობას), არამედ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, ამ ადამიანებს კარგად ვასწავლოთ სახელმწიფო ენა, რადგან ეს პირველ რიგში მათსავე ინტერესებშია. განა ამ ენაზე არ უნდა ისწავლონ უმაღლეს სასწვლებლებში, სახელმწიფო ენაზე არ უნდა შექმნან მომავალში (ვთქვათ, სამსახურში) ყველა დოკუმენტი და აწარმოონ ოფიციალური მიმოწერა? საქმის მოგვარება უკუღმა არ უნდა დავიწყოთ – გამოცდა კი არ არის აქ პრობლემა, არამედ სახელმწიფო ენის უცოდინრობა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა ვიზრუნოთ და არა იმაზე – იყოს თუ არა საგამოცდო ტესტში „ვეფხისტყაოსნის“ ეპიზოდი. აქ საკამათო არაფერი არ არის. ყველას ერთნაირად კარგად უნდა ვასწავლოთ ქართული ენაც (თუ ვინმეს ამ აპრიორულ ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარება, ჩახედოს სახელმწიფო ენის კანონს), საქართველოს ისტორიაც და ზოგადად ქართული კულტურაც. მხოლოდ ამ შემთვევაში შეიძლება მივიღოთ ერთიანი, კონსოლოდირებული საზოგადოება.

–თქვენი ზოგადი შეფასებით, წინა წლებთან შედარებით, შეიცვალა თუ არა აბიტურიენტთა მომზადების დონე და რა მიმართულებით?

–ვერ ვიტყვი, რომ წელს წინა წლებისაგან რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვქონდეს. დაახლოებით ისეთივე ვითარება ჩანს, როგორიც იყო გასულ წელს.

როდის გამოქვეყნდება ქართული ენისა და ლიტერატურის საბოლოო ქულები?

–აგვისტოს პირველ ნახევარში.

იხილეთ ამავე თემაზე:

აბიტურიენტების მთავარი კითხვა: თემურლენგი, თემურ ლენგი თუ თემურ-ლენგი – რომელია სწორი ფორმა?

აბიტურიენტებმა ესეს დავალება სხვადასხვანაირად გაიგეს – რა საკითხები წერეს აპლიკანტებმა ქართულის ბოლო გამოცდაზე

ავტორი სალომე ზარიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური