GE

„უცხო ენაში ძალიან ცოტა აბიტურიენტი წერს დავალების სამივე ნაწილს მაღალ დონეზე – 5-7%“

უცხო ენების გამოცდები დასრულდა. აბიტურიენტებმა ძალები ინგლისურში, რუსულში, ფრანგულსა და გერმანულში მოსინჯეს. მათი უმეტესობა, რომელთაც EDU.ARIS.GE გამოცდების შემდეგ ესაუბრა, ტესტს მარტივად აფასებდა. თუმცა, როგორც უცხოური ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე  ამბობს, შედეგების მიხედვით დგინდება ხოლმე, რომ ტესტი არცთუ მარტივი იყო.

იგი ჩატარებული გამოცდებით კმაყოფილია. ტესტები, სავარაუდოდ, დღეს  გამოქვეყნდება, ხოლო შედეგები თვის ბოლოს.

რუსუდან ტყემალაძე: ძალიან ვნერვიულობდით იმის გამო, რომ ნახევრად ელექტრონული ფორმატი იყო და ასევე მოსმენის დავალების გამოც, რაც ტექნიკას უკავშირდებოდა.  გვინდოდა, რომ ყველაფერს კარგად ჩაევლო და დღეს, როცა ოთხივე სესიამ ჩაიარა, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილები ვართ. მე პირადად მშობლებისაგან ან აბიტურიენტებისაგან არც ერთი უკმაყოფილება ან ჩივილი არ გამიგია.

–როდის გამოქვეყნდება გამოცდებზე გამოყენებული ტესტების ვარიანტები?

–ალბათ დღეს. ამ საკითხს მარტო ჩვენ არ ვწყვეტთ. იმედი მაქვს, დღეს გამოქვეყნდება. თუმცა, მხოლოდ ტესტები და არა პასუხები.

–პასუხებს როდისთვის ველოდოთ?

–პასუხები სავარაუდოდ თვის ბოლოს. ანუ მას შემდეგ, რაც გასწორება დასრულდება.

–ანუ, თვის ბოლოსთვის გასწორება დასრულებული იქნება?

–მოგეხსენებათ, ყველაზე მეტი ნაშრომი ინგლისურის გვაქვს, რადგან აბიტურიენტთა 75%-მა ინგლისური ენა ჩააბარა. ინგლისურის ნამუშევრების გასწორებას 9 ივლისს ვიწყებთ. მანამდე, ეს სამი დღე აუცილებელია იმისათვის, რომ დავალებები დასკანერდეს, დაიჭრას და მთელი რიგი ტექნიკური ეტაპები გაიაროს, რათა გამსწორებლებამდე მშვიდობიანად მივიდეს. 20 დღეა საჭირო იმისთვის, რომ ინგლისურის ნამუშევრები გასწორდეს.

პარალელურად, 11-12 ივლისს რუსულის, ფრანგულისა და გერმანულის გასწორებაც დაიწყება.  მათ დაახლოებით 10 დღე დასჭირდებათ, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი ერთად თვის ბოლოს გამოცხადდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ თვის ბოლოს დავასრულებთ და როდის გამოცხადდება, ამას ცენტრი გადაწყვეტს.

–რას გვეტყვით რთულ და მარტივ ვარიანტებზე? როგორი იყო სურათი საგნების მხედვით ?

–ამის თქმა ახლა გამიჭირდება. მთელი წელი ვმუშაობთ იმაზე, რომ ტესტები მეტ-ნაკლებად ერთნაირი იყოს. საბოლოოდ კი, ზუსტ პასუხს ამაზე სტატისტიკური ანალიზი იძლევა, რაც გასწორების დასრულების  შემდეგ ტარდება.

სხვათაშორის, ყოველთვის ვახერხებთ იმას, რომ ვარიანტებს შორის დიდი განსხვავება არ იყოს. თუმცა, წელს პირველად გვაქვს ინგლისურის ოთხი ვარიანტი და რუსულის ორი ვარიანტი. უცხო ენაში ფაქტიურად 8 ტესტია და ალბათ ცოტა რთულია რვავე ვარიანტი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყოს.

ჩვენი ტრადიციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე,  მე მაინც მგონია, რომ სხვაობა დიდი არ იქნება. თქვენ კითხვაზე კი ზუსტ პასუხს მაინც ვერ ვცემ, რადგან ამ ყველაფერს ზემოთხსენებული ანალიზი განსაზღვრავს.

–რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობთ გასწორებისას?

–უცხო ენების დაახლოებით 180 გამსწორებელი გვყავს. აქედან 127 ინგლისურ ენას ასწორებს. გამსწორებლები სამ კატეგორიად იყოფიან – თემის, ღია დავალებისა და მოსმენის გამსწორებლები. მათ ყველას სერიოზული ტრენინგები უტარდებათ. პრინციპში, ძალიან გამოცდილი გუნდია, მაგრამ ტრენინგებს მაინც ვუტარებთ. მათ ჩვენ მიერ გაკეთებული შეფასების სქემები აქვთ და ძალიან მკაცრად მოეთხოვებათ, რომ მხოლოდდამხოლოდ ამ სქემის მიხედვით გაასწორონ.

უკვე ყველამ იცის, რომ გასწორებისას ანონიმურობა სრულად დაცულია. დავალებას ჯერ ერთი ადამიანი ასწორებს, ამავდროულად მეორეც ისე, რომ იგი პირველის შეფასებას ვერ ხედავს და  თუკი აღმოჩნდება, რომ მათ შეფასებებს შორის თუნდაც ერთ ქულიანი სხვაობაა, ნაშრომი მესამე გამსწორებელთან მიდის, რომელიც  ძალიან მაღალი კატეგორიისაა. ასე რომ, ამ სისტემის გამო შეცდომა ან არაობიექტურობა გამორიცხულია.

–გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების უმეტესობა  საკუთარი თავით კმაყოფილები იყვნენ. ამბობდნენ, რომ ტესტი მარტივი იყო და კარგად დაწერეს. თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ?

–აბიტურიენტები პირველი წლიდან ამბობენ, რომ ძალიან მარტივია. მერე კი ანალიზის შედეგად ირკვევა ხოლმე, რომ ტესტი არც ძალიან მარტივია, არც ძალიან რთული და საშუალო სირთულისაა.

მეც ვეკითხებოდი აბიტურიენტებს თუ რა დაწერეს, რა – ვერა, რა გაუჭირდათ და მათი დაახლოებით 60% მეუბნებოდა,  რომ თემა არ დაწერეს.  თემა თუ არ დაწერეს, როგორ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ტესტი მარტივია? როგორც ჩანს, აბიტურიენტებს ამ სიტყვის თქმა უყვართ, თორე შედეგების მიხედვით მარტივი ნამდვილად არაა ხოლმე.

აქ არის სერიოზული მოსმენის ნაწილი, ასევე სერიოზული წაკითხულის გააზრებისა და ძალიან სარიოზული წერის ნაწილი. ძალიან ცოტაა ისეთი აბიტიტურიენტი, ალბათ დაახლოებით 5-7%, ვინც სამივე ნაწილს მაღალ დონეზე წერს. ასე რომ, ვფიქრობ, მათი განცხადებები ტესტის სიმარტივეზე, ემოციური და სუბიექტურია.

–რომელია უცხოური ენის ტესტის ის დავალებები რომელის კარგად შესრულებასაც გადამწყვეტი როლი აქვს?

–მოგეხსენებათ, წერა ორი ნაწილისაგან შედგება – წერილი – 6 ქულიანი და თემა – 16 ქულიანი. მაშინ როცა ტესტი 100 ქულიანია, კარგად ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანია წერითი ნაწილი. ამაზე 22 ქულა მოდის. ამ დავალებას აბიტურიენტების დაახლოებით 30% ასრულებს ხოლმე. ზოგადად ადამიანებს წერა უჭირთ არა მხოლოდ უცხო ენაზე, ქართულადაც კი.

ასე რომ, როგორც წესი, ეს ყველაზე სუსტი ნაწილია და ძალიან მიკვირს, რომ ხშირად მცდელობაც კი არ აქვთ რამე დაწერონ. ჩვენი შეფასება ჰუმანურია იმ მხრივ, რომ თუ ადამიანმა რაღაც მაინც დაწერა, თავისი მოსაზრება რამენაირად თუ გამოხატა,  მინიმალურ ქულას მაინც მიიღებს და ეს ქულა კონკურსში წაადგება. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, აბიტურიენტები ამ ამბავს სერიოზულად ხშირად არ უყურებენ.

თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში არის ნაწერები, რომლებიც არაჩვეულებრივია და ძალიან ვამაყობთ ხოლმე. ასეთებიც არიან, მაგრამ შედარებით ცოტა.

–რა შემთხვევაში არ გასწორდება უცხოური ენის ნაშრომი?

–ძალიან კარგი შეკითხვაა, არდგან ეს ჩვენი მტკივნეული ნაწილია. დავალება არ გასწორდება იმ შემთხვევაში, თუკი იქ რაიმე სახელი და გვარია მითითებული. ჩვენ არ ვიცით ვის ნაშრომს ვაფასებთ და ვერც იმას ვიგებთ სწორია თუ არა მიწერილი სახელი და გვარი, მაგრამ ნებისმიერი სახის ასეთი მინაწერი, უცხოური ან მოგონილი სახელი და გვარიც რომ იყოს, მინიშნებად ითვლება და ტესტის ეს ნაწილი არ სწორდება.

შარშან, უცხო ენის ტესტებში დაახლოებით 30 შემთხვევა იყო ისეთი, რომ მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი გაფრთხილებისა, ამას მაინც წერდნენ. გაფრთხილება ტესტშიც კი რამდენიმე ადგილას წერია. წელს პასუხების ფურცელშიც კი დავწერეთ და  იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევები აღარ ექნება.

–გუშინ გამოცდაზე ინცინდენტი დაფიქსირდა – ერთ-ერთ სექტორში მეთვალყურეებმა აბიტურიენტებს წერა 15-20 წუთით ადრე დაასრულებინეს. რა განვითარება მოჰყვა ამ ამბავს? მიეცათ თუ არა აპლიკანტებს  ნამუშევრის დასრულების საშუალება?

–ვერ გეტვყით. რამდენადაც ვიცი, გადაწყვეტილება ცენტრმა უნდა მიიღოს. ეს ძალიან სამწუხარო იყო.

გამოცდებიდან რამდენიმე აბიტურიენტი კი იმის გამო მოიხსნა, რომ მათ “შპარგალკა” ჰქონდათ. არადა, რეალურად, “შპარგალკა” ვერავის ექნება, რადგან არ იციან თუ რა შეხდებათ.  ერთ აბიტურიენტს რაღაც ფრაზები და გამონათქვამები ხელის გულზე ჰქონდა დაწერილი. ალბათ ერჩივნათ დაეამხსოვრებინათ, ვიდრე დაწერილი შეეტანათ.  მათი მოხსნა მოგვიწია, რადგან ჩვენ ინსტრუქციებს ძალიან მკაცრად ვუდგებით.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური