GE

უცხო ენების დაუფლების მიზნით, ეროვნული თავდაცვის აკადემია სამხედროებს მათზე მორგებულ პროგრამებს სთავაზობს

სამხედრო ექსპერტები და სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან უკეთესი თავსებადობისა და ინტეგრაციისთვის, მნიშვნელოვანია ქართველი სამხედროები აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო სწავლებებსა და მისიებში.

ყოველწლიურად ქართველი სამხედროები გადიან სწავლებებს პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო სასწავლებლებში, თუმცა ზოგიერთი მათგანი ამას ვერ ახერხებს, რადგან მათ წინაშე ენობრივი ბარიერის სახით მნიშვნელოვანი გამოწვევა დგას, ასეთი კურსები კი როგორც წესი ენის ცოდნის მაღალ დონეზე მოითხოვს. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში (ეთა) წლებია ფუნქციონირებს ენობრივი მომზადების სკოლა.

სკოლის უფროსის, მაიორ კახაბერ ყავლაშვილის თქმით, ეთა-ს ენობრივი მომზადების სკოლაში კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევა: საზღვარგარეთ დაგეგმილ სხვადასხვა სასწავლო კურსზე გასაგზავნად შერჩეულ კანდიდატებს; სამშვიდობო მისიებსა და სხვადსხვა საერთაშორისო პროგრამაში წარსაგზავნად შერჩეულ პირად შემადგენლობას, ასევე სამხედროებს რომელთაც თანამდებობრივი კრიტერიუმებიდან გამომდინარე ესაჭიროება ენის ცოდნა. მაიორ ყავლაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ეთა–ს სკოლაში 6 უცხო ენის პროგრამა მოქმედებს, მსმენელთა 90% ინგლისური ენის კურსს ანიჭებს უპირატესობას.

,,ეროვნული თავდაცვის აკადემიის ენობრივი მომზადების სკოლა, ინგლისური ენის გარდა მოიცავს: ფრანგული, თურქული, რუსული, სპარსული და გერმანული ენის პროგრამებს.

EDU.ARIS.GE-ს ეთა-ს ენობრივი მომზადების სკოლის პედაგოგთა კომპეტენციითაც დაინტერესდა. სკოლის უფროსის თქმით, პედაგოგთა ყველაზე მცირე პედაგოგიური სტაჟი ხუთი წელია. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკოლას 20-წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგებიც ჰყავს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციას, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, პერიოდულად ხდება მათი ამერიკულ, გერმანულ და კანადურ ენობრივი გადამზადების ცენტრებში სხვდასხვა კურსზე გაგზავნა”, – ამბობს მაიორი კახაბერ ყავლაშვილი.

ლევან კოდუა ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულია. ის ამჟამად ოფიცერია და კვალიფიკაციის ამაღლებას ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებს. ლევანმა თოთხმეტი თვე გაერთიანებული სამეფოს აკადემიაშიც ისწავლა, თუმცა თვლის, რომ ამერიკული კურსი განსხვავებულია და ის ენის ცოდნის სპეციფიკურ მოთხოვნებს აწესებს, ამ გამოწვევის დაძლევას კი რამდენიმე თვეში, ეთა-ს ენობრივი მომზადების სკოლის, ინგლისური ენის კურსის დასრულების შემდეგ შეძლებს.

ლევანის თქმით, სკოლა მთლიანადაა მორგებული ამერიკულ და ბრიტანულ სტანდარტებს, გათვალისწინებულია როგორც ზოგადი ასევე სპეციფიკური საკითხები, რომელიც სამხედრო საქმისთვისა არის დამახასიათებელი. სკოლის ადმინისტრაციის თქმით, ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებასა და დახვეწაზე, რაც მსმენელებს აქტიური კომუნიკაციის საშუალებას მისცემს.

ეთა-ში იმასაც განიხილავენ, რომ თავდაცვის სამინისტროში დასაქმებული სამხედრო და სამოქალაქო პირების გარდა, სკოლის სერვისით სარგებლობა (სხვადასხვა ენის დისტანციური სწავლება) სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქესაც შეეძლოს, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ენობრივი მომზადების სკოლის კიდევ უფრო განვითარებას, მეორე მხრივ კი მოქალაქეებს საშუალებას მისცემს თანამედროვე მეთოდებით, მაღალკვალიფიციური პედაგოგებისგან მიიღონ სრულფასოვანი ცოდნა და დაეუფლონ მათთვის სასურველ ენას.

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური