GE

უცხო ენის სწავლა არ უნდა გადაიქცეს მშობლის მოთხოვნად – როგორია სპეციალისტების რეკომენდაციები

მცირე ასაკიდან უცხო ენების სწავლა საქართველოში ტენდენციად იქცა. ზოგიერთ სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები ერთდროლად 2 სავალდებულო და ერთ არჩევით უცხო ენას სწავლობენ. რაც შეეხება საჯარო სკოლებს, ეროვნულ სასწავლო გეგმაში წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, მოსწავლეები მეორე უცხო ენის შესწავლას მეშვიდეს ნაცვლად მე-5 კლასიდან იწყებენ.

რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს მსგავსი დატვირთვა ბავშვისთვის და ხომ არ აზიანებს მცირეწლოვანის ფსიქიკას ასეთი მიდგომა?! აღნიშნულის შესახებ კონკრეტული რეკომენდაციები Aris.ge-განათლებამ სპეციალისტებისგან მოისმინა.

როგორც აღმოჩნდა, სპეციალისტების დიდი უმრავლესობა მომხრეა, რომ ბავშვებმა პატარა ასაკიდან დაიწყონ უცხო ენის უნარების განვითარება. თუმცა, მათივე პოზიციით, სწავლების პროცესში აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული რა გონებრივი შესაძლებლობები აქვთ ამათუიმ ასაკის მოზარდებს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ცოდნის დოზირებულად მიწოდება.

უფრო დეტალურად, რა საფრთხეები და რისკები ახლავს ერთდროულად ორი და მეტი ენის შესწავლას, Aris.ge-განათლება ბავშვთა ფსიქოლოგსა და პროფესორ ია აფთარაშვილს ესაუბრა.

იგი ამბობს, რომ ენის ცოდნა ბავშვის განვითარებაზე პოზიტიურად აისახება, თუმცა რამდნეიმე უცხო ენის სწავლა მხოლოდ მშობლის ახირება არ უნდა იყოს.

“გასაგებია მშობლების სურვილიც, რომ მათ სურთ შვილმა იცოდეს რაც შეიძლება მეტი ენა. ენის სწავლა არ უნდა გადაიქცეს მშობლის მოთხოვნილებად, იმიტომ რომ, თუ მშობელს სურს ბავშვს ენა ასწავლოს, ეს არ უნდა იყოს თავს მოხვეული. მან უნდა დაანახოს ბავშვს მისი საჭიროება. ის მეთოდი უნდა მოძებნოს, სადაც ბავშვს ამის მოთხოვნილება და საჭიროება გაუცნდება. როგორც კი ეს მიიღებს ფორმალურ სახეს, შედეგიც იქნება ძალიან მინიმალური და ის ენა ვერ იქნება ქმედითი ენა ბავშვისთვის. როდესაც სვამენ კითხვას – როდის შეიძლება დავაწყებინო ბავშვს მესამე ენა?, ამაზე პასუხი ძალიან მარტივია – როდესაც მას ამის მოთხოვნლება გაუჩნდება”,– აცხადებს ია აფთარაშვილი Aris.ge-განათლებას .

მისივე თქმით, ერთადერთი, რაზეც მშობლებმა ან მასწავლებლებმა მიზანმიმართულად შეიძლება იმუშაონ, არის ის, რომ ბავშვს უცხო ენების სწავლის სურვილი და მოთხოვნლება გაუჩნდეს.

“უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის შესაძლებლობები, ბავშვის მიდრეკილებები და არ შეიძლება სპეციალური შაბლონი შევუქმნათ, რომ აუცილებლად, ამათუიმ ასაკში, ეს და ეს ენები უნდა ისწავლოს, რადგან “მეზობელმა თავის შვილს ასე დააწყებინა და ჩვენ შვილსაც იგივე გავამეორებინოთ”. ასეთი რაღაცები, და ბავშვის ინდვიდუალობის არგათვალისწინება, პირიქით, უკუშედეგამდე მიგვიყვანს, არც მშობელი მიიღებს სასურველ შედეგს და ბავშვისთვისაც წამგებიანი იქნება”,– აღნიშნა აფთარაშვილმა.

თემაზე მუშაობისას Aris.ge-განათლება ერთ–ერთ მშობელსაც ესაუბრა, რომელსაც მესამე კლასელი შვილი ჰყავს. მოზარდს სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიან, თუმცა მშობელმა გადაწყვიტა, ბავშვი დამატებით მოემზადებინა რუსულ და ფრანგულ ენებშიც.

“როდესაც ენის შესწავლაზეა სუბარი, არსებობს მითი, რომ თუკი ერთი ენა სრულყოფილად არ იცის ბავშვმა, პარალელურად არ შეიძლება მეორის სწავლა, რადგან შესაძლოა, აირიოს. მე ამას ვერ ვიტყოდი, რადგან ჩემი შვილი უკვე მეორე წელია ამ რეჟიმში სწავლობს და სრულყოფილად ითვისებს თითოეულ ენას დამოუკიდებლად. თუმცა ვეთანხმები იმ მოსაზრებასაც, რომ ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს თითოეული ბავშვის შესაძლებლობები. ზოგადად რომ შევაფასო, მიმაჩნია თუ არა სწორად ასეთი დატვირთვის მიცემა ბავშვისთვის, გეტყვით, რომ – კი, სწორად მიმაჩნია, რადგან ბავშვი ეჩვევა შრომას. არ ვარ მომხრე, რომ ბავშვს ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდეს. რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, ვადასტურებ, რომ შრომატევადია ეს ყველაფერი და მოზარდი იღლება, თუმცა საბოლოო შდეგის მისაღწევად და თანამედროვე სამყაროში ადგილის დასამკვიდრებლად აუცილებელია, დროულად აუწყოთ ფეხი პროცესებს”,– განუცხადა Aris.ge-განათლებას ეკა ლეკიშვილმა.

კანონის თანახმად, სახელმწიფოს პრეროგატივაა ეროვნულ სასწავლო გეგმის შემუშავება, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და აუცილებელი დატვირთვა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები.

კანონში ასევე დეტალურადაა გაწერილი, რა ასაკის მოსწავლეს რა დატვირთვა უნდა მიეცეს სკოლაში. საჯარო სკოლებში აღნიშნული სტანდარტი დაცულია, თუმცა კერძო სკოლებში ხშირ შემთხვევაში ბავშვებს უცხო ენებს ზედოზირებულად აწვდიან. ასევე ხშირია შემთხვევბი, როდესაც მშობლები დამოუკიდელბად იღებენ რამდნეიმე ენით დატვირთვის გადაწყვეტილებას, რისი ნათელი მაგალითიც ჩვენი რესპოდენტიც არის.

Aris.ge-განათლება შეეცადა, მკითხველისთვის მიეწოდებინა კომეპეტენტური რეკომენდაციები, თუ რა პრინციპების დაცვით უნდა იხელმძღვანელონ მშობლებმა 1 – 4 კლასის ბავშვებისთვის უცხო ენებით დატვირთვის მიცემისას.

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური