GE

უცხო ქვეყნების უმაღლესებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო – ვადები და პირობები

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, 25 დეკემბრის 11:00 საათიდან 21 იანვრის 18:00 საათამდე, ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის საშუალებით დარეგისტრირდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) დღეს, 25 დეკემბერს ავრცელებს.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

გაითვალისწინეთ:

  • რეგისტრაციისას ყველა ველის შევსება სავალდებულოა;
  • სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლების ატვირთვა;
  • განაცხადის წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში ცენტრისაგან მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არაუგვიანეს 23 იანვრის 18:00 საათისა.

გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება.

NAEC-ის ცნობით, გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).

მოთხოვნა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება: იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით.

გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ გამოცხადდა გამოცდაზე, არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება 21 იანვრის 18:00 საათამდე, აღნიშნული თანხა სრულად დაუბრუნდება. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღების ვადები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

თუ გამოსაცდელს ესაჭიროება სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა, მან უნდა მიუთითოს სარეგისტრაციო ფურცელზე ამ სპეციალური საჭიროების თაობაზე (ფუნქციონალური დარღვევები, გადამდები ინფექციური დაავადებები და სხვ.) და წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 21 იანვრის 18:00 საათამდე. თუ დადგენილ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა, ცენტრი გამოცდის მიმდინარეობისას ვერ გაითვალისწინებს აპლიკანტის სპეციალურ საჭიროებებს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როცა აღნიშნული საჭიროება აპლიკანტს რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოეშვება.

პირებს, რომლებიც ატვირთავენ არასრულყოფილ განაცხადს, უფლება აქვთ, 22 იანვრის 18:00 საათამდე, რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზი გაასწორონ.

ზოგადი უნარების ტესტის დავალებათა ნიმუშები

გაითვალისწინეთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან. ტესტი შედგება 45 არჩევითპასუხიანი (დახურული) დავალებისგან (თითოეული ნაწილი 15 დავალებისგან). ყოველ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.

გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.

გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური