უფასო სახელმძღვანელოები – რეალობა თუ ერთი წლით გადავადებული გადასახადი
სასკოლო სახელმძღვანელოების ირგვლივ აჟიოტაჟი არ წყდება. ის, რომ სკოლის მოსწავლეები მომავალი სასწავლო წლიდან სახელმწიფოსგან წიგნებს უფასოდ მიიღებენ, უკვე გარკვეულია. თუმცა წინა წელს გამოყენებული სახელმძღვანელოების სკოლისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით კვლავ ბევრი კითხვის ნიშანი რჩება.
2013-2014 სასწავლო წლის სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვა სახელმწიფოს 16 მილიონ 323 630, 30 ლარი დაუჯდა. რა თანხას გამოყოფს განათლების სამინისტრო წელს, უცნობია, თუმცა ამ ეტაპზე ორი კონკრეტული ციფრი – 9 და 18 მილიონი ლარი უკვე დასახელდა.
“სახელმძღვანელოების დასაბეჭდად, სავარაუდოდ, 18 მილიონი ლარია საჭირო. თუმცა ზუსტად თანხას ვერ დავასახელებ, რადგან სპეციალისტები ჯერ კიდევ ანგარიშობენ,”-განაცხადა ერთ-ერთი მთავრობის სხდომის შემდეგ თამარ სანიკიძემ.
რაც შეეხება 9 მილიონ ლარს, ეს ციფრი არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანი, კანონი, თავისუფლებას” საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მიაწოდა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხა არასწორ გათვლებს ემყარება.
“შემაშფოთებელია 9 მლნ ლარის გამოყოფა და მიანიშნებს, რომ შესაძლებელია, ყოველ წელს პროექტის განხორციელება საკმაოდ ძვირი დაჯდეს. ბიუჯეტის ეს ნაწილი არ შეესაბამება რეალურ გათვლებს და თუ გამოყოფილი 9 მლნ ლარი დაიხარჯება, მისი მიზნობრიობით სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს. 9 მლნ ლარიდან, მაქსიმუმ, 20-25% იქნება საჭირო ახალი სახელმძღვანელოების დასაბეჭდად. შესაბამისად, 2014-15 და შემდეგ სასწავლო წლებში აღნიშნული პროექტის განხორციელება 2-3 მლნ ლარს არ უნდა აღემატებოდეს,”-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
აღნიშნულ კვლევის შესახებ კომენტარის გაკეთება Aris.ge-განათლებამ განათლების მინისტრს სთხოვა.
მინისტრი კვლევას არ იცნობდა თუმცა განგვიმარტა, რომ კვლევის ავტორებთან მხოლოდ ერთი კითხვა აქვს – “როგორ უნდა მოახერხოს სამინისტრომ ასიათასობით წიგნის 2-3 მილიონად ბეჭდვა?!”.
უფასო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით არანაკლებ პრობლემური საკითხია საჩუქრად მიღებული წიგნების უკან, სახელმწიფოსთვის დაბრუნება.
“რა აზრი აქვს წიგნების სექტემბერში ჩუქებას თუ მაისში ამ წიგნებში მშობლებს ფულს ვთხოვთ”- მიიჩნევს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სერგო რატიანი.
ის, რომ შელახულ სახელმძღვანელოებში თანხის გადახდა იქნება საჭირო, ამას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც ადასტურებენ. მშობლები კი წლის ბოლოს შიშით ელიან.
“თითქმის 400 ლარამდე ჯდებოდა ჩემი ორივე შვილის სასკოლო წიგნები. ძალიან გამიხარდა სახელმძღვანელოების უფასოდ მიღება, მაგრამ წლის ბოლოს, ახლა, შიშით ველოდები. ჩემი შვილები კარგად სწავლობენ, წიგნი თაროზე არ დევს, მეცადინეობენ და წიგნებს ემჩნევა კიდეც. ასე რომ, ძალიან ვნერვიულობთ, როგორ დაიანგარიშებენ და რა თანხის ჩარიცხვა მოგვიწევს. ისიც არ ვიცი, თანხის გადახდა წიგნების ჩაბარებისთანავე მოგვიწევს თუ ცოტა დრო გვექნება,”-განუცხადა Aris.ge- განათლებას ორი შვილის დედამ ნანა შონიამ.
სამინისტროს ინფორმაციით, კი წიგნის მკვეთრად დაზიანების შემთხვევაში, მშობელს არა თანხის გადახდა, არამედ ახალი სახელმძღვანელოს შეძენა და მისი ჩაბარება მოუწევს.
კიდევ ერთი მშობელი ნაზი ბარნოვი კი იმაზე წუხს, რომ მის შვილს უკვე გამოყენებული სახელმძღვანელოებით სწავლა მოუწევს.
“ეს ფაქტი მოსწავლეებს არათანაბარ პირობებში აყენებს, რაც არ უნდა კარგად მოუარონ სახელმძღვანელოებს, ერთი წლის განმავლობაში ყოველ დღე რომ გადაშლი სახელმძღვანელოს, ის უკვე მეორე წელს აღარ ვარგა. მით უმეტეს ბევრს საუბრობენ, რომ უფასო სახელმძღვანელოები კარგი ხარისხის არ იყო”.
უფასო სახელმძღვანელოების ხარისხზე, უფრო ზუსტად კი მის უხარისხობაზე საუბრობს სტამბა “ინტელექტის” დამფუძნებელი კახმეგ კუდავა.
როგორც მან Aris.ge-განათლებას განუცხადა წიგნის დაშლისა და შელახვის ალბათობა დიდია.
“თუ ჩვენ სახელმძღვანელოებზე უკეთესი სახელმძღვანელოები დაბეჭდეს რატომ დაიხა ეს წიგნები ასე მალე. ნახევარზე მეტი უვარგისია. ჩვენ 70 გრამიან ფურცელზე ვბეჭდავდით ამათმა 51 გრამიანზე დაბეჭდეს. 51 გრამიანი ქაღალდზე მხოლოდ გაზეთები იბეჭდება. გარდა ამისა ქაღალდი არის ცარცირებული ანუ პრიალა, რომელიც მზის სხივებს ირეკლავს და მხედველობას აზიანებს. და კიდევ საღებავი. შუძლებელია 4 მილიონ ნახევარი წიგნი მაღალი ხარისხის საღებავით დაებეჭდათ. სწორედ ამიტომ იწამლებიან ბავშვები ხშირად და ექიმები მიზეზს ვერ ადგენენ. რაც შეეხება უკვე გამოყენებული სახელმძღვანელოების დარიგებას, წარმოიდგინეთ, ბავშვი ნერწყვით რამდენჯერ ისველებს თითს და შლის გვერდს. მიკრობებით სავსე იქნება ეს სახელმძღვანელოები,”-განუცხადა Aris.ge-განათლებას კახმეგ კუდავამ.
შარშანდელის მსგავსად, კვლავინდებურად კითხვის ბადებს სტამბების შერჩევის წესი. უცნობია, როდის გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი და რა კრიტერიუმებით შეფასდებიან სტამბები, რომლთაც წელს უფასო სახელმძღვანელოების დაბეჭდვის ბედნიერება ერგებათ. 4 სტამბას ბიზნესის შეზღუდვის ბრალდებით სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი.
“განათლების სამინისტრო დიდი ხანია დახურული ორგანიზაცია გახდა. ჩვენთან საერთოდ არ კადრულობს ურთიერთობას. მხოლოდ სასამართლოებში ვხვდებით მათ ადვოკატებს. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ჩაატარებენ თუ არა ტენდერს. სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეტანილი გვაქვს და პროცესს ხელოვნურად ჭიმავენ. ერთი წელია საქმე ვერ გაირჩა. 4 გამომცემლობა ვითხოვთ 15 მილიონ ლარს – დამდგარი და მოსალოდნელი ზარალის ასანაზღაურებლად. სახელმწიფოს ამ საქმის მოგების შანსი 1 პროცენტითაც არ აქვს,”- ამბობს კახმეგ კუდავა..
განათლების სამინისტრო ყველა უპასუხო კითხვაზე პასუხის გაცემას უახლოეს მომავალში აპირებს. როგორც თამარ სანიკიძემ Aris.ge-განათლებას განუცხადა, სახელმძღვანელოების საკითხზე მიძღვნილი ბრიფინგი უახლოეს მომავალში გაიმართება.
ეკა არის© წივწივაძე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება