GE

ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის დოკუმენტების წარდგენის წესში ცვლილებაა – ბრძანება

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესში” ცვლილება განხორციელდა.

25 მაისს გამოქვეყნებულ ბრძანებაში, რომელსაც ხელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს, ვკითხულობთ, რომ აღნიშნულ წესის მე-3 მუხლს დაემატა ქვეპუნქტი.

კერძოდ, სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი, საჭიროების შემთხვევაში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვს ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეების მიერ, სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე (სტუდენტებზე), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

„სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი საჭიროების შემთხვევაში სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვს ინფორმაციას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეების მიერ სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შესახებ“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

რაც შეეხება გარდამავალ დებულებას, მინისტრის ბრძანებით, თუ ცნობით, რომელსაც განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახური შსს სამინისტროდან გამოითხოვს, არ დადასტურდება შესაბამისი განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში ყოფნა სრული ზოგადი განათლების ბოლო ორი 2 წლის განმავლობაში, ასევე არ დასტურდება, რომ ისინი ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის მარტიდან უცხო ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლებას იღებდნენ დისტანციური ფორმით, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი უფლებამოსილია დაეყრდნოს ზემოთ აღნიშნული ქვეპუნქტის ინფორმაციას (საქართველოს მოქალაქეების მიერ სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შესახებ).

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაზღვრული მოთხოვნა, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით.

„ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს მოსთხოვოს აღნიშნულ პერიოდში დისტანციური სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური