უმაღლეს სასწავლებლებს საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ვალდებულებები განესაზღვრათ
საქართველოში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ დადგენილება მიიღო.
დოკუმენტში ვკითხულობთ, თუ რა ვალდებულებები განესაზღვრათ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში.
უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დისტანციურად ელექტრონული ან სხვა კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით განხორცილედება. ამისთვის უმაღლესებს ეძლევათ რეკომენდაცია იხელმძღვანელონ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებით.
„თითოეულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უზრუნველყოს ელექტრონული სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევა და გამართულად გამოყენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა.
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, შეიმუშაოს ელექტრონული სწავლების შერჩეული აპლიკაციის/პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული ინსტრუქცია/ვიდეოგზამკვლევი და უზრუნველყოს სტუდენტებისა და პერსონალისთვის გაცნობა.
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ლექტორის მიერ შერჩეული ფორმით, სრულად უზრუნველყოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა დისტანციური სწავლების მიღმა დარჩენილი სტუდენტებისთვის.
ამ მუხლით დადგენილი წესით სწავლის წარმართვის პროცესში სტუდენტებთან კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს მათი საჭიროებების გათვალისწინებითა და მათი პირადი სივრცის პატივისცემის პრინციპის დაცვით“, – ვკითხულობთ დადგენილებაში.
დადგენილების ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია სასწავლო პროცესის დისტანციური, ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით განხორციელების, მათ შორის, კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის საჭირო მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების თაობაზე.
დადგენილების მიხედვით, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების და იქ დასაქმებულთა საქმიანობა დისტანციური ფორმით უნდა განხორციელდეს.
პრემიერის ხელმოწერილი დადგენილება 30 მარტიდან ამოქმედდა.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება