GE

„უმაღლესი განათლების ლანდშაფტი შეიცვალა“ – გიორგი შარვაშიძე ახალი სასწავლო წლისა და პანდემიასთან ბრძოლის გეგმების შესახებ

„ნებისმიერი უნივერსიტეტის ფინანსური კეთილდღეობა, სამწუხაროდ, სტუდენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული და არა ხარისხზე. დაფინანსების ფორმულა, რომელიც მუშაობს და რომელიც იმედია მალე შეიცვლება, იმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ მხოლოდ ხარისხზე ვიფიქროთ“

„პანდემია ერთ მშვენიერ დღეს გაივლის და ბევრი პოზიტიური რამ, რაც ამ ცუდმა ამბავმა მოიტანა, დარჩება“ – ასე ხედავს პანდემიის გავლენას განათლების სისტემაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, რომელიც სულ ახლახან უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩიეს.

EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში იგი დეტალურად საუბრობს იმაზე, თუ როგორ იწყებს უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს ხელახლა გააქტიურებული კორონავირუსის პირობებში, რა სათადარიგო გეგმები აქვთ ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების შემთხვევაში და როგორ აპირებს თსუ პირველკურსელთა რეკორდულ რაოდენობას, ამ ვითარებაში, სათანადო სერვისი შესთავაზოს.

საუბრობს გრძელვადიან გეგმებსა და მიზნებზეც, რომელთა მიღწევასაც მომდევნო წლების განმავლობაში, როგორც რექტორი გეგმავს და ხაზს უსვამს ხარვეზებს, რომელთა აღმოფხვრაც პირველ რიგში იგეგმება.

–როგორ იწყებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს? რა კონკრეტული ღონისძიებები გატარდა პანდემიის პირობებში სწავლის დაწყებისათვის და რა სიახლეებთან შეგუება მოუწევთ სტუდენტებს?

გიორგი შარვაშიძე: თსუ-ის თითქმის ყველა ფაკულტეტმა, 14 სექტემბრიდან, სწავლა დისტანციური მეთოდით სრულად დაიწყო. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი კი დისტანციურ სწავლებას 21 სექტემბერს შეუდგება. წელს ჩარიცხულთა რეკორდული რაოდენობა გვაქვს – ბაკალავრიატის საფეხურზე 5 ათასზე მეტი პირველკურსელი შემოგვიერთდა. მაღალი კონკურსი იყო არა მხოლოდ საბაკალავრო, არამედ სამაგისტრო პროგრამების რიგ მიმართულებებზე. რაც შეეხება, თუ როგორ ვაპირებთ მუშაობას პანდემიის პირობებში, უნივერსიტეტი მოქმედებს რეგულაციების შესაბამისად. ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად იცვლება და შესაბამისად, ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვიყავით – ყველაზე ოპტიმისტურისთვისაც და ყველაზე პესიმისტურისთვისაც.

ჩვენ მზად ვართ 1-ლი ოქტომბრის შემდეგ აუდიტორიებში და შერეული მეთოდით გავაგრძელოთ სწავლა. ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე. მაქსიმალურად მოვერიდებით დიდ აუდიტორიებს და თეორიულ სალექციო ნაწილს, სადაც ეს შესაძლებელია, ონლაინში გადავიტანთ. სადაც ეს შესაძლებელი არაა (სასემინარო ნაწილი, ლაბორატორიული მუშაობა, ექსპერიმენტები), ვაპირებთ კონტაქტური შეხვედრები იყოს. ყველა ის პირობა, რომელიც ნებისმიერმა სასწავლო დაწესებულებამ უნდა დაიცვას, დაცულია. ზოგადად, განწყობა გადასარევია. სტუდენტებს ერთმანეთი მოენატრათ.

–ახსენეთ, რომ ყველაზე პესიმისტური სცენარისთვისაც მზად ხართ. ამაში, ალბათ, სწავლის სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა იგულისხმება. უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, როგორ ემზადებით? როგორ გეგმავთ წარმართოთ თუნდაც ლაბორატორიული სწავლებები, ანუ ის, რასაც უშუალო კონტაქტი და ადგილზე მისვლა სჭირდება?

–ჩვენი სიტუაცია უნიკალური არ არის, მთელი მსოფლიო ერთნაირ მდგომარეობაშია. თითქმის ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს პარტნიორებთან – ევროპულ უნივერსიტეტებთან, მეზობლებთან და ყველა ერთად ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდება მომავალი დღის წესრიგი, როგორი იქნება უმაღლესი განათლება. პანდემიის განვითარებას არავინ ელოდა და, შესაბამისად, მან განათლებაზე, განათლების ხარისხზე ძალიან მძიმე კვალი დატოვა. აქ საუბარია მინიმიზაციაზე იმ შესაძლო დანაკარგებისა, რაც სრულად დისტანციურმა განათლებამ შეიძლება მოიტანოს. გასაგებია, რომ ინდივიდუალურ შეხვედრებს ვერაფერი შეცვლის, თუმცაღა ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

როცა სასწავლო წელს ვგეგმავთ, განვიხილავთ იმასაც თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ის დანაკლისი, რომელიც შესაძლოა ამ სემესტრში გვქონდეს, შემდეგ სემესტრში აღვადგინოთ. ვფიქრობთ, დატვირთვის რაციონალური გადანაწილება მოხდეს. თუმცა, ახლა მე პესიმისტურ სცენარზე ვსაუბრობ.

–როგორი ანალიზი შეიძლება გაუკეთოთ გასულ სემესტრს, როგორია სტუდენტების პოზიცია დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით? რამდენად რთული, ან დაძლევადი აღმოჩნდა ეს მათთვის?

–როგორც ლექტორს ეს გამოცდილება მქონდა და მინდა გითხრათ, რომ დისტანციური სწავლება დიდ დროსა და გაცილებით მეტ შრომას მოითხოვს, ვიდრე ჩვეულებრივი რეჟიმი. თუმცა ამ დროს უფრო მეტი მასალის გამოყენება შეგიძლია და ამას ბევრი პროფესორი აკეთებდა. სტუდენტებში გვქონდა ერთეული შემთხვევები, როდესაც პრობლემები იყო ინტერნეტთან წვდომასთან დაკავშირებით და ეს შემთხვევები ინდივიდუალურად გვარდებოდა.

პოზიტივზე რომ ვისაუბროთ, ისიც აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი საშუალება გაიხსნა, რაც ხშირ შემთხვევაში ხელმიუწვდომელი, ან ძალიან ძვირი სიამოვნება იყო. ბევრმა უნივერსიტეტმა თავისი საცავები, ელექტრონული ბიბლიოთეკები გახსნა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო თსუ-ც. საკმაოდ დიდი ელექტრონული ბიბლიოთეკა გვაქვს და იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ამდენად, მგონია, რომ საინტერესო სემესტრი იყო, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა. პანდემია ერთ მშვენიერ დღეს გაივლის და დარწმუნებული ვარ, ბევრი პოზიტიური რამ, რაც ამ ცუდმა ამბავმა მოიტანა, დარჩება და შესაძლოა, განათლების ხარისხზე დადებითადაც იმოქმედოს.

–ფიქრობთ, რომ პანდემიამ მსოფლიო განათლების სისტემა სამუდამოდ შეცვალა და ის აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლამდე იყო?

–ნამდვილად ასეა. საერთოდ, უმაღლესი განათლების ლანდშაფტი შეიცვალა. გამოცდილება, რომელიც შევიძინეთ, მრავალმხრივი იყო. უნივერსიტეტი არაა მხოლოდ ადგილი, სადაც მხოლოდ ცოდნის გადაცემა ხდება, კიდევ ერთი ფუნქცია საზოგადოების დახმარებაა და ამ მხრივ ბევრი რამ გაკეთდა. როცა ვამბობთ, რომ ახალ გარემოებაში მოგვიწია ცხოვრება, მათ შორისაა ის პრობლემაც, რომელიც დაკავშირებული იყო, მაგალითად, ჩვენს სტუდენტებთან, რომლებიც გაცვლითი პროგრამებით სხვადასხვა ქვეყანაში იყვნენ. ესეც გამოწვევა იყო. ჩამოვაყალიბეთ ცხელი ხაზი და მათთან მუდმივი კონტაქტი გვქონდა.

ასევე, იყვნენ უცხოელი სტუდენტები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ და რომლებიც უკან ვერ ბრუნდებოდნენ. ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ჩვენს საერთო საცხოვრებელში. აქაც საკმაო პრობლემები გვქონდა, თუმცა შევძელით და ეს გადავლახეთ. საქართველოს მთავრობა დაგვეხმარა – ჩამოყვანაშიც და წაყვანაშიც, რეისები გამოიყო. ბევრ რამეს დღესაც ვალაგებთ, თუნდაც ჩვენი უცხოელი სტუდენტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. გვყავს სტუდენტები ინდოეთში, ბანგლადეშში, სადაც ახლა ვირუსი მძვინვარებს. აქაც პრობლემებია – ჩამოგვყავს პირველკურსელი ჩარიცხული სტუდენტები თუ არ ჩამოგვყავს, არის თუ არა ფრენები, რა უნდა გავაკეთოთ და ა.შ. ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ძალიან მძლავრი სტიმულია და მისახედია, ყველაფერი ოპერატიულად გადასაწყვეტია. ზოგიერთი კერძო უნივერსიტეტი, რომელსაც თავისი კომერციული ინტერესი აქვს, აპირებს ჩარტერული რეისი დანიშნოს და თავისი სტუდენტები ჩამოიყვანოს. სახელმწიფოც გვეხმარება. კომპლექსური ამბავია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გადაწყდება და აქაც ბევრ რამეს ვისწალით.

–წლევანდელი პირველკურსელების რეკორდული რაოდენობა ახსენეთ, ანუ თსუ-ში ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა არათუ მცირდება, არამედ იზრდება. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ამას?

–ჩვენი მოწყობა ისეთია, რომ ნებისმიერი უნივერსიტეტის ფინანსური კეთილდღეობა, სამწუხაროდ, სტუდენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული და არა ხარისხზე. დაფინანსების ფორმულა, რომელიც მუშაობს და რომელიც იმედია მალე შეიცვლება, იმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ მხოლოდ ხარისხზე ვიფიქროთ. რაოდენობაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ასევე, ამ ქვეყანაში არსებობს ვაუჩერული სისტემა. ანუ, სტუდენტი თავად განკარგავს თავის ვაუჩერს და მას ვერავინ დააძალებს თავისი ვაუჩერი ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში წაიღოს. ამდენად, საქართველოში კონკურენტული გარემოა.

მარტშივე, დაახლოებით 10 ათასმა აბიტურიენტმა, თსუ პირველი არჩევანით შეარჩია. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა, პრაქტიკულად, დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან ყოველმა მესამემ. ერთი რამ არის – ჩვენ თამასა დაბლა არ დაგვიწევია, შევინარჩუნეთ. თსუ-ში მოხვედრა ძნელია. ბოლო 4 წლის განმავლობაში 50%-ზე მეტი არის ზრდა იმ პირველკურსელებისა, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბარებენ. ამის მიზეზი ალბათ არის სტუდენტური ცხოვრება, საგნების რაოდენობა, რომელთაც ვთავაზობთ და, რა თქმა უნდა, ხარისხი, რომელიც, რასაკვირველია, ყველა მიმართულებით ერთნაირი ვერ გვექნება, თუმცაღა არის გარკვეული მიმართულებები, სადაც ნამდვილად ვამაყობთ, რომ ლიდერები ვართ, თან არა მხოლოდ საქართველოში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – თსუ , არის ჯი (c)

მთავარი განმსაზღვრელი ისაა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის რეგიონის უპირობო ლიდერი მსოფლიოს ყველა სანდო სარეიტინგო სისტემაში. იგი არათუ ინარჩუნებს ამ პოზიციას, არამედ ყოველწლიურად აუმჯობესებს. თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც წელსაც, უკვე მეხუთედ, მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში მოხვდა (Times Higher Education World University Rankings). ასევე, თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია კავკასიის რეგიონიდან, რომელიც QS World University Rankings 2021 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაშია. ბევრი სხვა რეიტინგია, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.

–რა თქმა უნდა, ერთის მხრივ სასიამოვნო ფაქტია, რომ თსუ-ს ბევრი აბიტურიენტი ირჩევს, მაგრამ რამდენად აქვს უნივერსიტეტს ამ ადამიანებისათვის სრულყოფილი, ხარისხიანი პირობების შეთავაზების რესურსი? განსკუთრებით პანდემიისა და იმის გათვალსწინებით რომ შესაძლებელია გარკვეული აქტივობები შეიზღუდოს, მომდევნო სემესტრისთვის გადავიდეს და ა.შ.

–ეს უკვე ხარისხის სამსახურისა და გარე დაკვირვების გადასაწყვეტია. ხარისხი, რასაკვირველია, შესამოწმებელია. ჩვენთან ყველა პროგრამა აკრედიტირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გადამოწმდეს რამდენად ხარისხიანია პროგრამა, რომელზეც სტუდენტები სწავლობენ. ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად რაც გვაწუხებს ისაა, რომ დიდი რაოდენობა დამატებით სიმძლავრეს მოითხოვს. ჩვენთან ძალიან ბევრი საგანია, სტუდენტს არჩევანის თავისუფლება აქვს, მაგრამ ეს ყველფერი საგნების არჩევისა და დარეგისტრირების დროს პრობლემას ქმნის. ამ ყველაფერს ბაზების გაუმართაობა ერთვის. ვფიქრობ, ამ წლის განმავლობაში მთავარი ყურადღება ბაზების გამართულ მუშაობას მიექცევა, რათა სტუდენტებს არ შეექმნათ ის პრობლემები, რომლებიც ნამდვილად ექმნებათ. საგნების არჩევა, ხშირად, ძალიან რთულია. საერთოდ, ჩვენი ბაზების შეცვლასა და თანამედროვე, ერთიანი სისტემის შემოღებას ვგეგმავთ, რომელიც იქნება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ პარტნიორ, წამყვან კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც. ეს მობილობასაც გაგვიადვილებს.

ზოგადად, გვინდა რომ სტუდენტური სერვისები მთლიანად გადავაკეთოთ. სტუდენტი უნდა გახდეს უნივერსიტეტის ცენტრი და მთელი ის აქტივობა, რაც უნივერსიტეტში მიმდინარეობს, სტუდენტის გარშემო უნდა აიგოს. გვგონია, რომ ეს ამ წლისა და შემდეგი წლების განმავლობაში მოხერხდება. კიდევ ერთი საკითხი ჩვენი ინფრასტრუქტურის ფიზიკური მდგომარეობაა. ძალიან ბევრი შენობაა, რომელიც გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს. ბევრი კვლევითი და სასწავლო სივრცე გვაქვს, რომელიც თანამედროვე დონეზე ნამდვილად არ არის. ვაპირებთ, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მთლიანად სახეცვლილი იყოს და ყველა ძირითადი კვლევითი და სასწავლო სივრცე შეიცვალოს. ყველაზე დიდი პროექტი, რომელსაც ახლა ვახორციელებთ, მეორე კორპუსის რეაბილიტაციაა, რომელიც ძალიან დიდია. დაახლოებით ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე პირველი კორპუსი. წელს ნახევარი უკვე მზად იქნება და იმედი მაქვს, რომ ოქტომბრიდან იურიდიული ფაკულეტის სტუდენტები თავიანთი ფლიგელის გამოყენებას შეძლებენ, სადაც თავიდან ბოლომდე ყველაფერი სახეცვლილი იქნება.

პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ იმაზე, რომ მაღლივის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ათას ადგილიანი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დავიწყოთ, რომელიც კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი საერთო საცხოვრებელი იქნება. გვინდა ავაშენოთ და გავმართოთ საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც სამედიცინო მიმართულების სტუდენტებს მოემსახურება. კიდევ ბევრი ჩანაფიქრი გვაქვს, გეგმების ჩამონათვალი ძალიან დიდია.

–როცა სტუდენტების რაოდენობასა და სწავლების ხარისხზე ვსაუბრობდით, დაფინანსების სისტემა ახსენეთ და იმედი გამოთქვით, რომ იგი შეიცვლება. როგორ უნდა შეიცვალოს ის, რომ უნივერსიტეტი დიდი რაოდენობით სტუდენტების მიღებაზე აღარ იყოს ორიენტირებული და შედარებით მცირე რაოდენობას უკეთეს ხარისხს სთავაზობდეს?

–ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტი ვართ. ბევრ ქვეყანაში ეს იმას გულისხმობს, რომ მას სახელმწიფო აფინანსებს. ჩვენს ქვეყანაში კი უნივერსიტეტს სახელმწიფოპირდაპირ არ აფინანსებს. იმ თანხების დიდი ნაწილი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოიზიდავს, რა თქმა უნდა, სტუდენტების მიერ გადახდილი თანხაა. ეს იქნება ვაუჩერით მოტანილი თუ თავისი ჯიბიდან გადახდილი. ჩვენი სტუდენტების თითქმის ნახევარი რაღაც სახის სახელმწიფო ვაუჩერს იღებს – 100 %-იან, 70%-იან ან 50 %-იან გრანტს. ჩემი აზრით, სხვადასხვა უნივერსიტეტი სხვადასხვანაირად უნდა ფინანსდებოდეს. უნდა გამოიყოს მიმართულებები, რომლებიც სახელმწიფოსა და ეკონომიკის განვითარებისათვის აუცილებელია და შემდეგ დაფინანსება შედეგზე დამყარებული პრინციპით მოხდეს – თუ რა შედეგი აქვს ამა თუ იმ უნივერსტეტს. ეს ძალიან კარგი მოტივატორია ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის, რომ განვითარდეს და სტუდენტებს უკეთესი სერვისი შესთავაზოს. მაქსიმალურად შეეცადოს ის თანამედროვე მოთხოვნები, რომელიც დამსაქმებელს გააჩნია, სწავლების დროს გაითვალისწინოს. ესაა ხედვა, რომელიც გვაქვს. კარგია, რომ იგი თანხვედრაშია იმ გეგმებთან, რომელიც სამინისტროს ამ სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით გააჩნია. ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი სწრაფად განხორციელდება. სისტემა ნამდვილად შესაცვლელია და ეს ნამდვილად სწრაფად არის გასაკეთებელი, თუ გვინდა რომ სექტორი გავაჯანსაღოთ და მაქსიმალურად დავუახლოვოთ იმას, რასაც ქვეყნის მდგრადი განვითარება ჰქვია.

–გაქვთ იმედი, რომ ეს საკმაოდ დიდი ცვლილება თქვენი რექტორობის პერიოდში მოესწრება?

–მე ასეთი განცდა მაქვს, რომ ეს ყველაფერი ამ პერიოდში მოხდება.

–სულ ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ხელახლა გახდით. პრინციპში, უკვე ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომლებიც თსუ-ს სხვადასხვა მიმართულებით უახლოეს მომავალში აქვს, მაგრამ რა არის თქვენი მთავარი მიზანი, რისი მიღწევაც რექტორობის მეორე ვადით ყოფნისას გსურთ? რა გინდათ რომ იყოს ის, რითიც თსუ-ის რექტორების ისტორიაში დარჩებით?

–ზოგადად, ძალიან რთული მისიაა. მგონია, რომ თუ ამ პერიოდში მოხერხდება ის, რაზეც ვილაპარაკე – ხარისხის გაუმჯობესება, სტუდენტზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბება და გამართვა, პროფესორ-მასწავლებლების სახელფასო ნაწილის მოწესრიგება, რაზე მუშაობაც სერიოზულად დავიწყეთ, თუ მოხდება კვლევითი და სასწავლო სივრცეების საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება და უნივერსიტეტში ძალიან ბევრი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამის შემოტანა, ჩავთვლი, რომ მიზანი მიღწეულია. მოდუნება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან კონკურენტებიც ვითარდებიან. მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ შიდა თუ გარე სახსრები, რათა ამ კონკურენტულ გარემოში შევინარჩუნოთ არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის ლიდერობა. სწორედ, ეს არის ჩემი ამბიცია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური