GE

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ავტორიზაციის გაუქმების საკითხებზე ცვლილება შევიდა

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში სასწავლო დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან დაკარგავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან.

ავტორიზაციის გაუქმების ან შეჩერების მიუხედავად საგანმანათლებლო დაწესებულება მაინც აგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობას ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში, თუმცა მას ეზღუდება სწავლის მსურველთა (სტუდენტები, აბიტურიენტები, მაგისტრანტობის კანდიდატები, დოქტორანტები) მიღების უფლება. სტუდენტს თავის მხრივ აქვს უფლება მოცემულ ვადაში გააგრძელოს სწავლა ამავე დაწესებულებაში ან გადავიდეს სხვა შესაბამის სასწავლო დაწესებულებაში.

ცვლილების მიხედვით, სტუდენტს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების (სასწავლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების ან უარის თქმის შემთხვევაში) ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით. მობილობის უფლებით სარგებლობა ასევე შეუძლია აბიტურიენტს, თუ მან წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები.

მაგისტრანტობის კანდიდატს მობილობის უფლების გამოყენება შეუძლია თუ ის სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა.

დოკუმენტის მიხედვით ცვლილება განხორციელდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაშიც.

ცვლილების შესაბამისად, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას მხოლოდ აკრედიტაციის საფუძველზე განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ეზღუდება სწავლის გაგრძელების მსურველის მიღება.

სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე (აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით) და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, გადავიდეს სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა გადაიტანოს ამ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.

სტუდენტს, რომელიც მხოლოდ აკრედიტაციის საფუძველზე განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს და აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ, ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.

აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს უფლება აქვთ ისარგებლონ მობილობის უფლებით.

შესაბამისად ცვლილება განხორციელდა “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რომლის მიხედვითაც ავტორიზაციის საბჭოები, საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებენ ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის მინიჭებას ან უარის თქმას. ასევე გადაწყვეტილებას ავტორიზაციის გაუქმების და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ.

თუ გადაწყვეტილება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისთვის ავტორიზააციაზე უარის თქმის ან გაუქმების შესახებ სასწავლო წლის განმავლობაში იქნება მიღებული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობისა და სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, ავტორიზაციის დარჩენილი ვადის მიუხედავად, სათანადო გადაწყვეტილებით სტუდენტებს მიმდინარე სასწავლო წელი შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაასრულებინოს და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ან ხელახალ ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი მიუთითოს.

ცვლილებები კანონში პრეზიდენტის ხელმოწერით განხორციელდა.

განათლების ხარისხის შესახებ კანონში შესული ცვლილებები კი ასე გამოიყურება.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური