უმაღლესში სპორტსმენების პირობით ჩარიცხვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტი ახლა განიხილავს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპორტსმენების გარკვეული ნაწილის პირობით ჩარიცხვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტში განიხილავენ. დაფინანსების წესის შესახებ პრემიერ-მინისტრის დადგენილება უკვე გამოქვეყნებული და ძალაში შესულია, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში ცვლილების განხილვა მხოლოდ ახლა დაიწყო.
დღეს, 18 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას. საკითხი განათლების კომიტეტზეც დღესვე უნდა გავიდეს, ამ შემთხვევაშიც პირველი მოსმენით.
ცვლილების თანახმად, მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენს, რომელიც შეჯიბრებაში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, უფლება მიეცემა პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
„საქართველოს ეროვნული ასაკობრივი ნაკრები გუნდის ან ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებული სპორტული კლუბის წევრს, რომელიც მონაწილეობას იღებს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე ან უმაღლესი რანგის საერთაშორისო საკლუბო სპორტულ ტურნირებზე, სპორტის იმ სახეობაში, რომლის ფედერაციაც აღიარებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, უფლება მიეცემა პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე“, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა, რომელიც პარლამენტში ამ საკითხის მომხსენებელია.
მისივე თქმით, კანონის მოქმედება ასევე გავრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებმაც მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის გამო ვერ მოახერხეს 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა.
იხილეთ ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნებული დადგენილება, რომელიც 8 აგვისტოთი თარიღდება.
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება