GE

უნდა ავუკრძალოთ თუ არა ბავშვს მარცხენა ხელით წერა?

ფსიქოლოგი მარი არევაძე

ხანგრძლივი დროის განმავლობაში გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, ყველა ბავშვს, განურჩევლად ინდივიდუალური თავისებურებებისა, აუცილებლად უნდა ეწერა მარჯვენა ხელით. შესაბამისად, ბავშვის ყოველი მცდელობა ეწერა მარცხენა ხელით, იყო უარყოფილი და გაკრიტიკებული გარემოს მხრიდან. ალბათ, გახსოვთ ნაცნობთა წრეში მარცხენა ხელით წერის აკრძალვის ერთი-ორი ეპიზოდი მაინც. დღეს უკვე ასე აღარ არის. გაიზარდა საზოგადოების ცნობიერება. უფრო ლოიალურები ვართ როგორც ზოგადად განსხვავებულობის მიმართ, ასევე მარცხენა ხელით წერის მიმართ.

რა დისკომფორტს განიცდიდნენ ბავშვები, ვისაც უკრძალავდნენ მარცხენა ხელით წერას?

ამის გასაგებად შეგვიძლია მარტივი მაგალითი აღვწეროთ. თუ თქვენ მემარჯვენე ხართ, შეეცადეთ დანა დაიჭიროთ მარცხენა ხელში, ჩანგალი კი მარჯვენა ხელში. სავარაუდოდ დაიბნევით, თავს იგრძნობთ მოუქნელად/მოუხერხებლად და შესაძლოა საერთოდ დანა-ჩანგლით ჭამაზეც კი უარი თქვათ. ასეთივე სიტუაცია იყო ბავშვების შემთხვევაში, რომლებსაც მოუწოდებდნენ მარჯვენა ხელით წერას, როცა მათი ტვინი განწყობილი იყო მარცხენა ხელით საწერად.

რა განაპირობებს ბავშვებში მემარჯვენეობა-მემარცხენეობას?

თავის ტვინში, მარჯვენა ხელ-ფეხის მოძრაობაზე პასუხისმგებელია მარცხენა ჰემოსფერო, მარცხენა ხელ-ფეხის მოძრაობაზე კი პასუხისმგებელია მარჯვენა ჰემოსფერო.

ადამიანის თავის ტვინში არსებული ორი ნახევარსფეროდან წამყვანია (დომინანტური)  მარცხენა ნახევარსფერო. შესაბამისად, ადამიანების უმრავლესობას უკეთ გვაქვს განვითარებული მარჯვენა ხელი და ე.წ. „მემარჯვენეები“ ვართ.

თუმცა, თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია. არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა თავის ტვინის მარჯვენა ნაწილი უფრო ძლიერია და უკეთ განვითარებული მარცხენასთან შედარებით.

შედეგად, თავის ტვინში მართვის სადავეებს სწორედ მარჯვენა ჰემოსფერო იღებს და ბავშვს უჩნდება სურვილი წამყვან ხელად აირჩიოს მარცხენა. ეს არც „ნაკლია“ და არც სირცხვილი. „მემარცხენეობა“ ამა თუ იმ ბავშვის უნიკალურ შესაძლებლობებზე მიუთითებს და მის განსხვავებულ განვითარებას უსვამს ხაზს.

გამოდის რომ წერისთვის მარცხენა ხელის არჩევა ნაკარნახევია თავის ტვინის განვითარების სპეციფიკით და არ არის ბავშვის ჭირვეული ახირება. მარჯვენა ჰემოსფერო ააქტიურებს მარცხენა ხელის მოტორულ ფუნქციას, რადგან მარცხენა ჰემოსფერო ვერ უზრუნველყოფს მარჯვენა ხელის წამყვანობისთვის საჭირო რესურსებს.

ამ გადასახედიდან, როცა მემარცხენე ბავშვს ვთხოვთ მარჯვენა ხელით წერას, ბავშვის თავის ტვინს ვაიძულებთ იმის კეთებას, რაც არ შეუძლია. ხანგრძლივი აკრძალვის შემდეგ, რა თქმა უნდა, შესაძლოა რომ წამყვანი ხელი გახდეს მარჯვენა და არა მარცხენა, თუმცა ამას წინ უძღვის ძლიერი ემოციურ-ფსიქოლოგიური და ფიზიკური დისკომფორტი.

არსებობს შემთხვევები, როდესაც ბავშვი დიდხანს ვერ ირჩევს წამყვან ხელს. მაგალითად 4-5 წლის ასაკში კვლავ ხატავს ორივე ხელით, ერთნაირი ინტენსივობით იყენებს მათ. აქ უკვე სასურველია წამყვანად მარჯვენა ხელის წახალისება, რადგან ეს უფრო ბუნებრივი პროცესია თავის ტვინისთვის.

როგორ დავეხმაროთ მემარცხენე ბავშვს და რაზე გავაკეთოთ აქცენტი მისი სწავლების პროცესში?

  • სასკოლო ნივთების უმეტესობა – რვეულები, ფანქრები, მაკრატელი და ა.შ. – გათვლილია მარჯვენა ხელით გამოყენებაზე. თუმცა ბოლო დროს ნელ-ნელა უფრო და უფრო ვრცელდება ნივთები, რომლებიც განკუთვნილია მემარცხენე ბავშვებისთვის. იგივე სპეციალური მაკრატლები, ან რვეულები. რაც შეეხება საწერ კალამს, მნიშვნელოვანია სხვადასხვა დეტალების გათვალისწინება. მაგალითად, არ არის რეკომენდებული ე.წ. „ტუშის“ კალმის შეძენა, რადგან ბავშვი მეტად დაისვრის ხელს.
  • რეკომენდებულია ენისა  და ენობრივად გაშუალებული უნარების განვითარებაზე მუშაობა. განსაკუთრებით – თხრობაზე.
  • „მემარცხენე“ ბავშვმა  შესაძლოა დაიწყოს „სარკული“ წერა , მაგალითად: ძ-ს მაგივრად ხ, წ-ს მაგივრად შ  და ა.შ. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია ბავშვთან მუშაობა: მხედველობითი ანალიზისა და სინთეზის, სივრცეში  გადაადგილება/კოორდინაციის გაუმჯობესების მიმართულებით.

ასევე ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ სპეციალური წერითი მზაობის დავალებები მემარცხენე ბავშვებისთვის. მარცხენა ხელის ნატიფი მოტორიკის განვითარება შესაძლოა შეესაბამებოდეს ასაკობრივ სტანდარტს, მაგრამ განსხვავებული უნარია მარცხენა ხელის წერითი მზაობა.

რატომ არის აუცილებელი ბავშვს ხელით წერა ვასწავლოთ და არა კლავიატურით? ტოპ 5 მიზეზი

ავტორი: ფსიქოლოგი მარი არევაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური