„უნდა დაელოდოთ“ – მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალ წესზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა დეტალები – უცნობი
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ახალ ვერსიაზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა რა ეტაპზეა, როდის დასრულდება და როდიდან განახლდება პროფესიაში წინსვლის დღემდე შეჩერებული პროცესი, მასწავლებლის სახლში ამაზე ინფორმაცია არ აქვთ. “უნდა დაელოდოთ” – ასეთია პასუხი, რომელიც დღეს, 13 ოქტომბერს მივიღეთ.
EDU.ARIS.GE-მ საკითხის გარკვევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მთავრობის გეგმის შესახებ ამოვიკითხეთ:
“მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი წესის შემუშავება, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება, მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად, სწავლა-სწავლების პროცესისა და სკოლების მართვის გასაუმჯობესებლად სკოლების დირექტორების, როგორც საგანმანათლებლო ლიდერების, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე ზოგადი განათლების სისტემაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვა”.
განათლების სამინისტრო და მისი წარმომადგენლები ღია ეთერებში საუბარს ამ თემას არ უთმობენ და არც ის არის დადასტურებული, სქემის გაყოფის იდეა იდეად დარჩა, თუ განხორციელდება. საკითხზე არ საუბრობს მასწავლებელთა პროფკავშირი, რომელიც წესით, ჩართული უნდა იყოს პროცესში.
2025 წლის ოქტომბერია, თუმცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა არათუ ორად გაიყო, როგორც ამას განათლების მინისტრი გვპირდებოდა და პირველი ივლისიდან ველოდით, არამედ განათლების ახალი მინისტრი გვყავს, მასწავლებელთა კარიერული საფეხურის ცვლილების პროცესი კი 2026 წლის 1-ელ იანვრამდეა შეჩერებული.
ასევე იხილეთ:
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე