GE

რას ითხოვს განათლების მიმართულებით საქართველოსგან ევროკომისიის ანგარიში – დეტალები დოკუმენტიდან

2026 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პოლიტიკის შესახებ ერთობლივი კომუნიკე, რომელიც მოიცავს ანგარიშს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებული ძალისხმევის შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, როგორც ცნობილია, ევროკომისიის ანგარიშში წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრესის ასახვა ხდება კანდიდატი ქვეყნების მიერ წარდგენილი ინფორმაციის და ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული დიალოგის ფორმატების ფარგლებში განხორციელებული მუშაობის საფუძველზე.

ანგარიში სხვადასხვა თემებთან ერთად, განათლების საკითხებსაც ეხება და საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებსაც სთავაზობს. მათ შორის არის შეფასებული უმაღლესი განათლების რეფორმა და აღნიშნულია, რომ მისი „სწრაფი და ცენტრალიზებული იმპლემენტაცია საფრთხეს უქმნის ინსტიტუციურ ავტონომიას, აკადემიურ თავისუფლებასა და ფუნდამენტურ ღირებულებებს“.

რა წერია ევროკომისიის მიერ 2026 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში განათლების ჭრილში:

“განათლება და კულტურა – საქართველო ზომიერად/საშუალოდ არის მომზადებული განათლებისა და კულტურის სფეროში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პროგრესი არ ყოფილა მიღწეული. უმაღლესი განათლების რეფორმა საქართველოში იწვევს სერიოზულ შეშფოთებას დაინტერესებული მხარეების არასაკმარისი ჩართულობის, სწრაფი და ცენტრალიზებული დანერგვის, ასევე ფუნდამენტური ღირებულებებისთვის არსებული რისკების გამო. ეს განსაკუთრებით ეხება ხარისხიან განათლებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას, ინსტიტუციური ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების პატივისცემას.

ქვეყანამ განაგრძო პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება. თუმცა, უმაღლესი განათლების ბოლოდროინდელმა რეფორმამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს აკადემიური განათლების ხარისხზე და აჩენს კითხვებს უნივერსიტეტების ავტონომიასთან დაკავშირებით.

კვლევასა და ინოვაციებზე გაწეული ხარჯები კვლავ ძალიან დაბალია.

მეცნიერება და კვლევა: საქართველო ზომიერად/საშუალოდ არის მომზადებული მეცნიერებისა და კვლევის სფეროში. შეზღუდული პროგრესი იქნა მიღწეული ევროკავშირის მეცნიერებისა და კვლევის კანონმდებლობის (acquis) იმპლემენტაციის კუთხით. რაც შეეხება ინოვაციებს, შეზღუდული პროგრესი დაფიქსირდა ინოვაციების გაძლიერების მიმართულებით ევროპული ინოვაციების დღის წესრიგის (European Innovation Agenda) შესაბამისად, მათ შორის კვლევით სექტორსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის სტიმულირების კუთხით. უნივერსიტეტებმა და კვლევითმა ცენტრებმა განაგრძეს მონაწილეობის გაზრდა პროგრამაში „Horizon Europe“ (ევროპის ჰორიზონტი)”.

რას ითხოვს ევროკავშირის ანგარიში ზემოაღნიშნული მიგნებების გათვალისწინებით:

– უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელებისას დაინტერესებული მხარეების (სტუდენტების, პროფესურის) სრულფასოვან და რეალურ ჩართულობას;

– უნივერსიტეტების ინსტიტუციური და ფინანსური ავტონომიის, აგრეთვე აკადემიური თავისუფლების მკაცრ დაცვას და ცენტრალიზებული კონტროლის მექანიზმების გადახედვას;

გარდა ამისა, ვინაიდან ანგარიშში უმაღლესი განათლება შრომის ბაზრისა და კონკურენტუნარიანობის კონტექსტშიც განიხილება, ანგარიშში განათლებასთან დაკავშირებული თანამდევი რეკომენდაციაა: „გაუმჯობესდეს [პროფესიული] განათლებისა და პროფესიული მომზადების ხარისხი შრომის ბაზრის საჭიროებებთან შესაბამისობაში საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური და ფინანსური ავტონომიის შენარჩუნების გზით“.

ასევე იხილეთ:

უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია – დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური