GE

,,უშიშროების სამსახურს უნივერსიტეტში არაფერი ესაქმება“ – ივანე კიღურაძე

საქართველოს  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავამჯდომარე, ივანე კიღურაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სწორია, როცა სტუდენტებს სურვილი აქვთ კანცლერის თანამდებობაზე, იყოს ღირსეული ადამიანი, ვინაიდან თანამდებობა საკმაოდ საპასუხისმგებლოა. ის მიიჩნევს,  რომ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები,  ურთიერთ გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.

კიღურაძეს, სამართლიანად მიაჩნია, სტუდენტების მოთხოვნა, რომ უნივერსიტეტში მაღალ თანამდებობას არ უნდა იკავებდეს ისეთი ადამიანი, ვინც  რეჟიმის  წარმომადგენელია.

მისივე თქმით, გაუგებარია ვინ დგას გიორგი გაფრინდაშვილის უკან და თუ ის  ,,ნაციონალების“ რეჟიმის ერთ-ერთი  წარმომადგენელია, რატომ  ჰქონდა მხარდაჭერა, კენჭი ეყარა კანცლერის პოსტზე.

,,საერთოდ რთული სიტუაციაა შექმნილი. მე ასე მეჩვენება,  რომ  სტუდენტებიც, პროფესორ მასწავლებლებიც და პოლიტიკოსებიც, ერთმანეთის გამომრიცხავ მოსაზრებებს გამოთქვამენ ხოლმე. ზოგჯერ,  საკუთარი თავის საწინააღმდეგოდაც. ის ამბავი, რომ სტუდენტები დაინტერესდენენ უნივერსიტეტში კანცლერის არჩევით, ბუნებრივია.

ბუნებრივია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა უნივერსიტეტში და ღირსეულ პიროვნებას უნდა ეჭიროს.

სწორი იყო სტუდენტების მოთხოვნა, რომ ეს თანამდებობა არ უნდა დაეკავებინა პიროვენებას, რომელიც შემადგენელი ნაწილია რეჟიმისა.  ფაქტობრივად, ის იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ჩანერგილი იყო უნივერსიტეტში ,,ნაციონალების“  რეჟიმის მიერ.

,,ნაციონალების“  რეჟიმი ყველგან ეძებდა თავის მომხრეებს. უფრო სწორად, მათი სპეცსამსახურები.  მათ შორის ახალგაზრდებს  და ერთ-ერთი იყო ის, ვისაც უნდოდა კანცლერობა თსუ-ში. ეს ვიცი  ახალგაზრდების და პროფესორების, განცხადებებიდან. მომისმენია საწინააღმდეგო აზრიც.  ფაქტია, რომ გაფრინდაშვილს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ეჭირა ერთ-ერთი ხელმძღვანელი თანამდებობა. ვინ უწევდა ლობირებას,  ამ კაცს, ერთი წუთით დავუშვათ და ვთქვათ რომ, ის იყო აქტიური თანამშრომელი ძველი რეჟიმისა, ძველი რეჟიმი  კი შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ იყო ფაშისტური რეჟიმი, რომელმაც უკან დასწია ჩევნი ქვეყანა, და მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა, საქართველოში მეცნიერების და უმაღლესი სკოლის განვითარებას.

ვინ უჭერდა მას მხარს?  გამოდის რომ მას მხარს უჭერდა ისევ სტუდენტთა თვითმმართველობა, ვინ არიან ისინი ვისაც თვითმმართველობაში,  ხელმძღვანელი თანამდებობა უკავია?  ვინ არის ეს ახალგაზრდობა და ვინ უმაგრებს მათ ზურგს? გამოითქვა ეჭვები, რომ ისინი თანამშრომლობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთანაც. საჭიროა ამ ეჭვების გაფანტვა მათი მხრიდან და განმარტება საზოგადოებისთვის, თუ რატომ უჭერდნენ მხარს კანცლერობის კანდიდატს, რომელიც რამდენიმე წლის უკან,  ასევე სტუდენტურ თვითმმართველობაში იყო და ის სტუდენტთა თვითმმართველობა, მაშინდელი სტუდენტთა ინტერესებს კიარ იცავდა, არამედ  სპეცსამსახურების ინტერესებს.  მიჭირს ამაში გარკვევა, ასევე მიჭირს ის რომ ახალგაზრდებს რაიმე სახის ბრალდება წავუყენო.“

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე 2015 წელს,  საქართველოს პარლამენტის მიერ, უშიშროების სამსახურის კანონმდებლობაში, მიღებულ ცვლილებაზე საუბრობს. რომლის თანახმად,   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არა აქვს უფლება, სახელმწიფო დაწესებულებებში მისი წარმომადგენელი დანიშნოს. განსხვავებით კანონის 1998 წლის რედაქციისგან, როცა უსაფრთხოების სამსხურს  უფლება ჰქონდა, მათ შორის სასწავლო დაწესებულებებში, დაენიშნა წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე, კიღურაძე მიიჩნევს რომ კანონის საფუძველზე დაუშვებელია უნივერსიტეტში, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის დანიშვნა და მის მიერ მოვლენების მართვა.

,,1998  წელს, მიღებული იყო კანონი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ. ეს კანონი უფლებას აძლევდა უსაფრთხოების სამსახურს, საჭიროების შემთხვევაში, თავისი წარმომადგენელი დაენიშნა ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში. ეს დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული არ არის.

2015 წლის  8 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა, მიიღო ,,საქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ.“  ამ კანონის ძირითადი მუხლები ამოქმედდა 2015 წლის 1 აგვისტოდან. ანუ 2015 წლის 1 აგვისტოს შემდეგ,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ ჰქონდა უფლება, რომ თავისი წარმომადგენელი დაენიშნა  უნივერსიტეტში.

ეს იცოდა უნივერსიტეტმაც, და თუ მსგავსი ფაქტი  არსებობდა  და თსუ-ში დანიშნული იყო ვინმე, უშიშროების სამსახურის მიერ,  მაშინ სტუდენტებს ,,რექტორისთვის“ უნდა მოეთხოვათ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. ამ ყველაფერს არეგულირებს კანონი რომელიც 2015 წლის 8 ივლისს მივიღეთ.“

ივანე კიღურაძე  edu.aris.ge-სთან ე.წ ,,ოდეერის“  ინსტიტუტის მნიშვნელობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ სტუდენტთა უმრავლესობას არ ეცოდინება, კონკრეტულად რას ნიშნავს ეს აბრევიატურა, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირის, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ანდროპოვმა დაამკვიდრა. კიღურაძე დაუშვებლად მიიჩნევს ტერმინი ,,ოდეერის“ გამოყენებას და სტუდენტებს მოუწოდებს, ქართული შესატყვისებით ისაუბრონ.

,,მე ვარ კატეგორიული წინააღმდეგი რომ  ტერმინი  ,,ოდეერი“  გამოვიყენოთ. შეეკითხეთ, იმ სტუდენტებსაც,  ვინ იცის ამ ტერმინის წარმოშობა. ესაა რუსული აბრევიატურა და ითარგმნება ასე ,,მოქმედი რეზერვის ოფიცერი“ ეს არის,  ავადსახსენებელი ანდროპოვის მიერ შემოღებული ტერმინი. ანდროპოვი 15 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ეს კაცი სულით და გულით იყო ,,კაგებეშნიკი“  ,,სუკის“  თანამშრომელი მეთაური და იდეოლოგი. უკეთესი იქნება, თუ სტუდენტები ქართული აბრევიატურებით ისაუბრებენ.“

ივანე კიღურაძის განცხადებით, უნივერსიტეტს აქვს ავტონომიის უფლება და მის დამოუკიდებლობაში,  სახელმწიფო უშიშროების სამსახურები არ უნდა ერეოდნენ.

,,უკლებლივ ყველა საგანმანათებლო დაწესებულება, იქნება ეს საშუალო სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი თუ სამეცნიერო დაწესებულებები. აბსოლუტურად ყველა თავისუფალი უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავლენისგან. აბსოლუტურად არაფერი ესაქმება იქ უშიშროების სამსახურს,“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის“ თავმჯდომარე ივანე კიღურაძემ.

შეგახსენებთ რომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების 8 დღიანი პროტესტი 16 მარტს დასრულდა. სტუდენტების ორივე ჯგუფმა დატოვა უნივერსიტეტის პირველი კორპუსი და სასწავლო პროცესი განახლდა. მიუხედავად ამისა, ერთი თვის ვადაში, სტუდენტები მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციების განახლებას არ გამორიცხავენ. ისინი მოითხოვენ რექტორ ვლადიმერ პაპავას გადადგომას, აკადემიური საბჭოს დაშლას, თვითმმართველობის ინსტიტუტის რეორგანიზებას, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებას და საუნივერსიტეტო სისტემის ოდეერებისგან სრულად გაწმენდას.

რა პირობას აძლევს პრემიერი სტუდენტებს პროტესტის შეწყვეტისა და სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ

მოამზადა თეონა გიორგაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური