GE

„ვღელავთ, რადგან ისტორიაში კონკურენცია მაღალი იქნება“ – აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

17 ივლისს 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ისტორიის გამოცდით გრძელდება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000 აბიტურიენტია რეგისტრირებული, ისტორიის საგანი კი მათგან 22 600-მდე აბიტურიენტს აქვს არჩეული. გამოცდა ორი დღის განმავლობაში სამ სესიად ჩატარდება.

ისტორიის გამოცდას დღეს და ხვალ 22 000-ზე მეტი აბიტურიენტი ჩააბარებს – რა შეიცვალა ტესტში და რამდენია დრო

პირველ სესიაზე რეგისტრირებული აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან ამბობენ, რომ ისტორიის გამოცდის ქულა მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამის გამო მათი ღელვაც იმატებს.

„წელს ისტორია ყველაზე მეტ აბიტურიენტს აქვს არჩეული და, შესაბამისად, ჩვენს შორის კონკურენციაც მაღალი იქნება. ქართულისა და ინგლისური ენის გამოცდა უკვე ჩავაბარე მაღალ ქულას ველოდები და მინდა, რომ ისტორიაშიც ასე იყოს. განსაკუთრებულად ვღელავ“, – ამბობს, EDU.ARIS.GE-სთან აბიტურიენტი მუხიანის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან.

თათა აბრამიშვილი ისტორიის იმ საგამოცდო საკითხებს გვისახელებს, რომლებსაც აბიტურიენტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ:

„პირველი და მეორე მსოფლიო ომი, საბჭოთა კავშირი და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, ამერიკის სახელმწიფოს შექმნა, ევროპის ქვეყნები, მონარქიული ეპოქა, ჯვაროსნული ლაშქრობები, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები… არასრული ჩამონათვალია, მაგრამ ახლა ეს საკითხები მახსენდება. როგორც წესი, გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე, ამ თემებს განსაკუთრებით კარგად ვიმეორებთ ხოლმე“.

თათა აღნიშნავს, რომ ისტორიის გარდა მათემატიკაც ჩააბარა და მიაჩნია, რომ მათემატიკაში უმაღლეს შეფასებას ის იღებს, ვისაც განსაკუთრებული ნიჭი აქვს, ისტორიას კი ნიჭი ან სკოლაში გაძლიერებული სწავლება არ სჭირდება.

ანანო ნაფეტვარიძის აზრით კი, ფორმულების დაზეპირებასა და მათემატიკურ გამოთვლებს ლოგიკური აზროვნება და მოვლენების დამახსოვრება სჯობს. აბიტურიენტი ისტორიის უპირატესობას სწორედ ამაში ხედავს.

„6, 7 ან მეტი ფორმულის დაზეპირებას, ნამდვილად სჯობს ისტორიის ცოდნა. აქ დაზეპირება არ გვიწევს, არც გამოთვლა. მთავარია, კარგად გვქონდეს საგამოცდო პროგრამა გავლილი და ვიცოდეთ, თუ რა მოვლენას რა უძღოდა წინ. ასევე, საუკუნეები არ გვეშლებოდეს და ისტორიული წყაროები გვქონდეს წაკითხული. ვფიქრობ, სწორედ ამაშია ისტორიის საგნის უპირატესობა“, – აღნიშნავს 2023 წლის აბიტურიენტი.

რამდენად მოეწონებათ გამოსაცდელებს ტესტში მოსული საკითხები გამოცდის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური