GE

„ვიცი, ახლა რასაც განიცდით, გჯეროდეთ თქვენი თავის!“ – სტუდენტის გზავნილი 2024 წლის აბიტურიენტებს

რუსუდან ლურსმანაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე ჩააბარა, 2024 წლის აბიტურიენტებს მიმართავს და ამბობს, რომ თითოეული აბიტურიენტის შრომა „კენწეროში აუცილებლად გატკბილდება“.

EDU.ARIS.GE დღეს, 28 მაისს ჩვენთვის მოწოდებულ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„ეს ჩემი პოსტი არის აბიტურიენტებისთვის!

ზუსტად ვიცი, ახლა რასაც განიცდით, ყველა ეროვნული გამოცდისთვის ემზადებით, მიზნები გაქვთ, რისთვისაც ბევრს შრომობთ, მაქსიმალურს სთხოვთ თქვენს თავს… მინდა, აქ რასაც წაიკითხავთ, მოტივაცია იყოს თქვენთვის:

ყოველთვის გჯეროდეთ თქვენი თავის. ზოგიერთი არც რეპეტიტორთან დადიხართ და თვითონ იკვალავთ გზას, სწორედ თქვენ მინდა გითხრათ, რომ არც ესაა კატასტროფა. ძალიან ბევრი მეუბნებობდა (ყველა არა) ასე, სახლში, დამოუკიდებლად მეცადინეობას რეპეტიტორის გარეშე როგორ რისკავ, აბიტურიენტები ერთი მასწავლებლიდან მეორესთან დადიანო…

მაგრამ არამც და არამც! მე მქონდა ჩემი თავის იმედი, რომ რეპეტიტორის გარეშეც შევძლებდი ყველაფერს და ეს ასეც მოხდა, დავუმტკიცე ყველას საკუთარი თავის ძალა და აქამდე მოვედი. გჯეროდეთ, შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ, მთავარი დროის სწორად განაწილებაა, ღამეების თენება არაა საჭირო.

აბიტურიენტებო, ნაკლები ინერვიულეთ, სხვების კომენტარებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, განეწყვეთ პოზიტიურად, სწორად დაალაგეთ პრიორიტეტები და ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გეგმავთ – კენწეროში აუცილებლად გატკბილდება!

გამოცდებამდე კი თავს ძალიან ნუ გადაიღლით, ტვინი უკეთესად მუშაობს, როცა პერიოდულად ისვენებთ; არასდროს გაათენოთ ღამეები, დრო სწორად გადაანაწილეთ და შედეგსაც უკეთესს დადებთ! წარმატებები ყველას!”.

ასევე იხილეთ:

„ეს ძალიან დიდი ყურადღებით გააკეთეთ!“ – მნიშვნელოვანი გაფრთხილება და თხოვნა 2024 წლის აბიტურიენტებს

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური