GE

ვინ ვერ მიიღებს მონაწილეობას შემოდგომისთვის დაგეგმილ მასწავლებლის გამოცდაში?

საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge და online.naec.ge.

აღსანიშნავია, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი გამოცდა განკუთვნილია კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე პირებისთვის.

ვის აქვს ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება?

  • მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;
  • ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საფეხურის ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ან სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/ სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
  • მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.

თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის.

შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

იხილეთ მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაციის ვადები და თანხის გადახდის პროცედურები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი