GE

ვის ემსახურება დღეს განათლების სისტემა, ბავშვებს თუ მასწავლებლებს?!

ერთი მასწავლებელია, ახალგაზრდა, მოტივირებული, არაფრისგან რომ მთებს და  ზღვებს გამოგიძერწავს ისეთი. რეგიონში ცხოვრობს, სოფლის სკოლაში მუშაობს. ქართულთან ერთად კრიტიკულ აზროვნებასაც ასწავლის. კვირაში სამჯერ პროექტორის რიგში დგას, ბავშვებს რომ პრეზენტაციით ჩაუტაროს გაკვეთილი.  სერტიფიცირება რომ გავლილი აქვს და სახელმწიფოს თავისი კომპეტენცია არაერთხელ დაუმტკიცა, ამაზე აღარ შევჩერდები. სიცოცხლით სავსეა, ხალისიანი, ენერგიული, მუდამ თვითგანვითარებაზე ზრუნავს. ბავშვს კი არა, უფროსს მოგინდება მასთან ურთიერთობა.

გუშინ ველაპარაკე, სკოლიდან წასვლას ფიქრობს. 

საათები შეუმცირეს. თითქმის 200 ლარი მოაკლდა ხელფასზე. თავისუფალი კლასი ყოფილა, მაგრამ პენსიონერ პედაგოგს საათებს ვერ ჩამოაკლებდა დირექტორი. გულგატეხილია. ამბობს, რომ ამ დატვირთვით სკოლას ვერ მოემსახურება. ამიტომ  განათლების სისტემიდან წასვლას აპირებს.

იცით რას ნიშნავს, ამ გოგოსნაირი კადრების წასვლა სკოლიდან?

ეს ნიშნავს, რომ სისტემა არ მუშაობს; ეს ნიშნავს, რომ სისტემა არ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

ბავშვის ინტერესია, ჰყავდეს ეფექტური მასწავლებელი, რომელიც ასწავლის აზროვნებას; აცრუებულ გულს მოუბრუნებს სკოლისკენ; შეაყვარებს სწავლის პროცესს; სერიოზულად შეხედავს ბავშვურ პრობლემებს; არ დააყვედრის 40 წლის წინ მიღებულ განათლებას; შეურაცხყოფად არ მიიღებს გამოცდაზე გასვლას თუ მოსთხოვენ, გაკვეთილზე ხელში არ დააჭერინებს მმართველი პარტიის დროშებს; რომელიც იქნება თავისუფალი, მოაზროვნე და ყველა ასაკში სიხარულით ისწავლის, რომ უკეთესად ასწავლოს.

მე მაინტერესებს, რატომ არ ტვირთავს სკოლა ეფექტურ პედაგოგებს სრული დატვირთვით! მაინტერესებს, რატომ ინარჩუნებს კადრებს, რომლებიც სინამდვილეში არ სჭირდება. მაინტერესებს, რატომ იძახის განათლების მინისტრი საუკეთესო მასწავლებლებზე, რომ “კუდი ყავარზე აქვთ გადებული”!

ვის ემსახურება დღეს განათლების სისტემა? ბავშვებს თუ მასწავლებლებს?!

რა არის განათლების სისტემის მიზანი? ის, რომ მომავალი თაობა უფრო განათლებული გვყავდეს.

რა როლი აქვს ამ სისტემაში მასწავლებელს? დაქირავებულია, იმისთვის რომ ბავშვებს ასწავლოს.

– განათლების სისტემის მიზანი არის, რომ მოქალაქემ თავი სოციალურად დაცულად იგრძნოს? – არა! ცალსახად არა! ამისთვის ვინახავთ სხვა სამინისტროს და სხვათა შორის ბიუჯეტის მესამედით (3 მილიარდია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი).

მაშინ რატომ ზრუნავს განათლების სისტემა მოქალაქეების მატერიალურ შემოსავლებზე, რატომ ჰყავს სისტემაში იმაზე მეტი პედაგოგი, ვიდრე სჭირდება?!  რატომ ლახავს ბავშვების ინტერესს იმით, რომ სრულ განაკვეთზე ვერ ასაქმებს მაღალკვალიფიციურ მასწავლებლებს და ამით უზღუდავს მოსწავლეებს შესაძლებლობას, სასწავლო პროცესში ურთიერთობა ჰქონდეთ უფრო ეფექტურ პედაგოგებთან!

არ მინდა ამ წერილით გავაუფერულო ის მძიმე შრომა, რასაც მასწავლებლები ყოველდღიურად ეწევიან. თუმცა, როგორი მტკივნეულიც გინდა იყოს, განათლების სისტემის მიზნებიდან გამომდინარე უნდა ითქვას: მასწავლებელი არ არის მთავარი. მთავარი მოსწავლეა. და მოსწავლეებს კვირაში 150 გრამიან ვაშლზე მეტად, შედეგზე ორიენტირებული განათლების სისტემა სჭირდებათ.

სწავლის ძირი მწარე არ არის…

სხვა ბლოგები

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური