GE

ვის მოემატა მასწავლებელთა ინგლისური ენის გამოცდაში 1 ქულა – „ნაეკის“ განმარტება

2018 წლის მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა ინგლისური ენის ტესტის მოსმენის პირველი დავალების მე-10 საკითხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა თავიდან გაასწორა.

გამოცდაში მონაწილე აპლიკანტებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ცენტრმა sms-ის საშუალებით აცნობა.

„მოგესალმებით და გაცნობებთ რომ მასწავლებლის ინგლისურის ტესტის მოსმენის პირველი დავალების მე-10 საკითხი სწორდება თავიდან. ახალი შეფასება აისახება სისტემაში“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აპლიკანტებისთვის გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.

როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, აღნიშნული დავალების თავიდან გასწორების შემდგომ მათ ერთი ქულა მოემატათ.

რა გახდა დავალების თავიდან გასწორების მიზეზი ცენტრს აპლიკანტებისთვის არ აუხსნია. აღნიშნულის გასაგებად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს EDU.ARIS.GE-მ მიმართა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ტესტის მოსმენის პირველი დავალების მე-10 საკითხის შეფასების სქემაში არაზუსტი პასუხი იყო, რომელიც ახლა გასწორდა.

„იცით, ალბათ, რომ აპელაციების დაწყებისას ქვეყნდება ნამუშევრები, შეფასებები და თითოეულ აპლიკანტს საშუალება აქვს შეხედოს თავის ნაშრომს, გასწორების სქემას და იმის მიხედვით განსაზღვროს უნდა შემოიტანოს სააპელაციო განაცხადი თუ არა. ეს ჩვენი აზრით ორმაგი კონტროლის მექანიზმია, რომლის საშუალებითაც არა მხოლოდ ერთი მხარე არამედ ორივე მხარე აკონტროლებს შეფასებას.

„შეფასების სქემაში იყო მცირე უზუსტობა, რომლის მიხედვითაც ეს დავალება, პირველი დავალების მე-10 საკითხი, არ იყო გასწორებული. რა დასამალია, ადამიანური შეცდომა იყო, ამიტომ ხელახლა გასწორდა ის დავალება, რითაც ყველა გამოსაცდელს ის ქულა დაეწერა, რომელიც ამ დავალებაში ეკუთვნოდა.

„ეს არ ნიშნავს, რომ ყველა აპლიკანტს ერთი ქულა მოემატა, ეს ნიშნავს, რომ ყველას ვისაც სწორი პასუხი ჰქონდა მიიღო ერთი ქულა და ყველას ვისაც არ ჰქონდა სწორი პასუხი არ მიიღო. სწორი პასუხი რომელიც ამ დავალებაში უნდა დაეწერათ არის Bread, შეფასებაში აქამდე სხვა სიტყვა იყო, რომელი პასუხიც არ იყო ზუსტი. ახლა გასწორდა და ყველამ მიიღო ის ქულა, რომელიც ამ დავალების მიხედვით ეკუთვნოდა“, – განაცხადა ივა მინდაძემ.

ამავე თემაზე:

„გაუგებრობები“, რომლითაც 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაგვამახსოვრდება

2018 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოყენებული ტესტები, სწორი პასუხები და შეფასების სქემები

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური