ვისი პასუხისმგებლობაა სკოლებში დაშვებული დისციპლინური გადაცდომების გასაჯაროება – ექსპერტთა მოსაზრებები
ცოტა ხნის წინ Aris.ge – განათლება სკოლებში დისციპლინური გადაცდომების შესახებ წერდა. ჩვენ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, ქცევის კოდექსის შესრულების რა მაჩვენებელი ჰქონდა სამინისტროს, რომელიც არ მოგვაწოდეს. ჩვენ განათლების ექსპერტებს ვკითხეთ, რას ფიქრობდნენ ამ საკითხზე. ვინ უნდა დაარეგულიროს, როდესაც სკოლებში დისციპლინურ გადაცდომებს აქვს ადგილი და რა გამოცდილება არსებობს საზღვარგარეთის ქვეყნებში.
როგორც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორმა შალვა ტაბატაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სამინისტროს შეეძლო მოეწოდებინა ის მონაცემები, რომელიც შიდა აუდიტის დეპარტამენტის საშუალებით მიდის მასთან და კვალიფიკაცია მოეხდინა ამ დისციპლინური გადაცდომების, თუმცა მიაჩნია, რომ სკოლა ბევრად უფრო ავტონომიური უნდა იყოს და ეს კონკრეტული საკითხები უნდა წყდებოდეს სკოლის დონეზე.
„მე არ ვარ მომხრე, სამინისტრო ყველა დისციპლინარულ საკითხს სწავლობდეს სკოლაში. ჰქონდეს სრული ინფორმაცია მასწავლებლების დისციპლინარული პასუხისმგებლობის, დარღვევების შესახებ და ა.შ. ბევრად მეტი ავტონომიურობის მომხრე ვარ. სამინისტროს ამაზე მეტი მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაციის ნაკლებობა გააჩნია“.
შალვა ტაბატაძის თქმით, სამინისტრო საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩაერთოს. მაგრამ საქართველოში არსებული სკოლები, თუ სამინისტრო არ ერევა, დისციპლინური გადაცდომების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორს მიაჩნია, რომ თუ რომელიმე მშობელი თვლის, რომ მისი შვილის უფლებები დაირღვა სკოლაში, ამისთვის სასამართლოს, სამინისტროს აუდიტის სამსახურს უნდა მიმართოს და ასეთ დროს თავად მშობელმა უნდა გამოიტანოს გარეთ ეს ინფორმაცია.
„სამინისტრო კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე შეიძლება ჩაერთოს, ან – შიდა აუდიტის სამსახური. თუ ირღვევა კონკრეტული მასწავლებლის, ან მოსწავლის უფლება. სამინისტრო ცენტრალიზებულად, ჩემი აზრით, 2086 სკოლაში სწავლობდეს ყველა დისციპლინარულ გადაცდომას, ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი და შეუძლებელი და არც უნდა აკეთებდეს ამას. სამინისტრო უნდა იყოს ბევრად მოქნილი სტრუქტურა, რომელიც პოლიტიკის დონეზე მიიღებს გადაწყვეტილებას. სწავლა-სწავლება ისეთი პროცესია, რომელიც უნდა გვარდებოდეს სასკოლო დონეზე. ასეა განვითარებული ქვეყნებში, სადაც სკოლები დამოუკიდებელია“, – აცხადებს შალვა ტაბატაძე.
განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ სკოლები სამინისტროს ხშირად უყურებენ როგორც საფრთხეს და ფიქრობენ, თუ ისინი სამინისტროს თავიანთი პრობლემების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, სამინისტრო ჩათვლის, რომ რაღაც წესრიგში არ არის მათ სკოლაში. აქედან გამომდინარე სკოლები ხშირად ცდილობენ დამალონ თავიანთი პრობლემები.
ჯანაშიას მიაჩნია, რომ ყველაზე კარგი მოდელია, როდესაც ინფორმაცია მოსწავლეების ქცევის შესახებ ყველა სკოლიდან კი არ გროვდება, არამედ სამინისტრო სისტემაში არსებულ პრობლემებს იკვლევს.
„არაა აუცილებელი ეს კვლევა ეფუძვნებოდეს მთლიან სტატისტიკას, არამედ რეპრეზენტატიული იყოს, იმისთვის რომ დადგინდეს, რა ტიპის სკოლებს რა სახის პრობლემები აქვს და მათი გადაჭრის რა გზები არსებობს. როგორ მიდგომებს იყენებენ სკოლები იმისთვის, რომ არა მხოლოდ რეაგირება მოხდეს ამ ტიპის ქცევებზე, არამედ – პრევენციაც. ქცევის კოდექსი ერთ-ერთი ინსტრუმენტია ამ პრევენციის, მაგრამ არა – ერთადერთი“.
განათლების ექსპერტს მიაჩნია, რომ არც აუდიტის სამსახური უნდა ამოწმებდეს დისციპლინურ გადაცდომებს და განათლების სამინისტროც პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ არა, არ უნდა ერეოდეს ამ საკითხში.
„აუდიტის სამსახურის საქმეა, ფული როგორ იხარჯება იმ მიზნებისთვის, რაც სკოლას აქვს მიცემული. კანონის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომების შესწავლა სულ არ არის სამინისტროს უფლება. ეს უფრო არის უწყების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ის ფიქრობს, რომ მას მოსთხოვენ პასუხს და იმის ნაცვლად, რომ მშობელს უთხრას, სკოლაში არსებულ სხვადასხვა დონეზე მოაგვაროს პრობლემა, ცდილობს, თვითონ ჩაერიოს და სკოლაში არსებული პრობლემების მიკრომენეჯმენტი გააკეთოს.
მშობელმა წესით, ადმინისტრაციას უნდა მიმართოს. თუ არ იმუშავა – სამეურვეო საბჭოს. შეუძლია, სასამართლოშიც იჩივლოს და ა. შ. მაგრამ ამის ნაცვლად სამინისტრო ამბობს: „თქვენ ვერ აგვარებთ და მე მოვაგვარებ ამ პრობლემას“. სინამდვილეში ვერაფერს აგვარებს, რადგან მნიშვნელოვანია, იმ ბავშვის ცხოვრება მაშინვე შეიცვალოს და გადაწყვეტილების მოლოდინში რამდენიმე თვე არ მოუწიოს ძალადობის ველში ყოფნა“, – აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.
რას ავალდებულებს მოსწავლეს, მასწავლებელს და სკოლის დირექტორს ქცევის კოდექსი
ცისანა არის© შერგილაშვილი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება