რას ავალდებულებს მოსწავლეს, მასწავლებელს და სკოლის დირექტორს ქცევის კოდექსი
გასული წლის ნოემბერში 130-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც მშობელმა რუსა ამირეჯიბმა სკოლის დირექცია, მოსწავლეები და მასწავლებლები საკუთარი ფერადკანიანი შვილის მიმართ რასიზმში დაადანაშაულა, განათლების სამინისტრომ მოკვლევა ჩაატარა.
Aris.ge – განათლებამ სამინისტროს ჰკითხა, თუ როგორ დასრულდა 130-ე საჯარო სკოლის ინციდენტზე მოკვლევა: დადასტურდა თუ არა დისკრიმინიაციის ფაქტი სკოლის ადმინისტრაციის და მასწავლებლების მხრიდან ფერადკანიან მოსწავლეზე, დაეკისრა თუ არა რაიმე ტიპის სასჯელი სკოლის დირექტორს მაია კოპალიანს, ასევე მასწავლებლებს ციცო თხინვალელს და მაკა დევდარიანს, რომელსაც მშობელი რუსა ამირეჯიბი დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, რაზეც უწყებიდან ასეთი პასუხი მივიღეთ.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ნოემბრის N1211 ბრძანებით განხორციელდა სსიპ – ქალაქ თბილისის N130 საჯარო სკოლის ინსპექტირება. ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე შედგა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება და შესაბამისი მითითებები. რაც შეეხება დარღვევებთან დაკავშირებული პირებისათვის სახდელის დაკისრების საკითხს, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე სკოლას დაევალა დარღვევასთან დაკავშირებული პირების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა და გატარებული ღონისძიებების თაობაზე ანგარიშის (დოკუმენტებთან ერთად) წარმოდგენა შიდა აუდიტის დეპარტამენტში ერთი თვის ვადაში“.
Aris.ge – განათლებამ 23-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინცინდენტზეც სთხოვა სამინისტროს კომენტარი. დადასტურდა თუ არა 23-ე საჯარო სკოლაში 14 დეკემბერს არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ფაქტი და რა ღონისძიებებს ატარებს სამინისტრო ამ ინციდენტთან დაკავშირებით. აღნიშნულ შეკითხვაზე უწყებიდან გვიპასუხეს, რომ ამ ფაქტზე წარმოება ჯერ არ არის დასრულებული.
„გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში მიმდინარეობს სსიპ – ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში და ამ ეტაპზე წარმოება არ არის დასრულებული“, – გვითხრეს სამინისტროში.
რას აკეთებს სამინისტრო იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ადგილი აქვს დისციპლინურ გადაცდომას, რა პროცედურებია და რომელი სამსახური აწარმოებს მოკვლევას, აღნიშნულ ნაწილში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გვითხრა, რომ ეს არის შიდა აუდიტის დეპარტამენტის კომპეტენცია, რომელიც დეტალურად არის განსაზღვრული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 03 მაისის N89/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით.
სანამ აუდიტის დეპარტამენტამდე მივა საქმე, საჯარო სკოლებში მოქმედებს მოსწავლის, მასწავლებლის და დირექტორის ქცევის კოდექსები, რომელთა დაცვა მათთვის სავალდებულოა. წესების არ შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელები.
ჩვენ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, ქცევის კოდექსის შესრულების როგორი მაჩვენებელია სკოლებში, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. ასევე ვითხოვეთ სტატისტიკა, რამდენ მასწავლებლს, მოსწავლეს, დირექტორს დაეკისრა დისციპლინური, ან სხვა სახის სახდელი ქცევის კოდექსის დარღვევისთვის 2015 წლის განმავლობაში, რაზეც პასუხები არ მიგვიღია.
სამაგიეროდ უწყებაში განგვიმარტეს, რომ კონკრეტული სახდელი, დისციპლინური გადაცდომისათვის, განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით. ხოლო, კონკრეტული დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე სკოლაში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა სკოლის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
Aris.ge- განათლება გთავაზობთ მოსწავლის, მასწავლებლის და დირექტორის ქცევის კოდექსებს, სადაც ცალსახად არის სამივე სუბიექტისთვის აკრძალული ძალადობა, რასობრივი თუ სხვა სახის დისკრიმინაცია, ასევე თითოეული მათგანის მოვალეობები.
რა ევალება სკოლაში მოსწავლეს
საქართველოს საჯარო სკოლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №79/ნ ბრძანებით, მოსწავლის ქცევის კოდექსი მოქმედებს, სადაც მეორე თავში მოსწავლის ქცევის წესებია მოცემული.
კოდექსი განსაზღვრავს, როგორ უნდა იქცეოდეს მოსწავლე მასწავლებლებთან და სხვა მოსწავლეებთან მიმართებაში. რა აქვს მას აკრძალული და რა სანქციები არსებობს, თუ არ მოიქცევა წესების შესაბამისად.
კოდექსის მიხედვით, მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
კოდექსი განსაზღვრავს ასევე მოსწავლის ჩაცმის წესსაც. მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.
მოსწავლის კოდექსი ადგენს ასევე მოსწავლის ქცევას სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს: მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოსწავლის ქცევის კოდექსში მოცემულია ასევე სკოლაში აკრძალული ნივთების ჩამონათვალი. მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: თამბაქოს ნაწარმი; ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; სანთებელა ან ასანთი; ალკოჰოლური საშუალებები; ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; აზარტული თამაშის საშუალებები; უხამსობის ამსახველი ნივთები; ნარკოტიკული საშუალებები; ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.
მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
სკოლის დირექტორის ქცევის წესები
სკოლის დირექტორის ქცევის წესები განისაზღვრება სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №80/ნ ბრძანებით.
1.პროფესიულ კომპეტენტურობა
კოდექსის თანახმად, სკოლის დირექტორი თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. იცავს საქართველოს კანონმდებლობასა და ამ კოდექსით დადგენილ ნორმებს. ხელს უწყობს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას. თავისი საქმიანობის შესრულებისას სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითია. ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. იჩენს თანაბარ ყურადღებას მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნისა. უზრუნველყოფს სასკოლო დისციპლინის დაცვას ისეთი მეთოდების საშუალებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას. უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას სკოლაში. არჩევს სკოლის პერსონალს კანონმდებლობით დადგენილი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მიხედვით. იცავს მოსწავლესთან, მშობელთან, მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხელს უწყობს სკოლაში ინკლუზიური განათლების დანერგვას. არ ეწევა რელიგიურ (გარდა იმ სკოლების სკოლის დირექტორებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ პროპაგანდას. არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის. არ იყენებს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის. უფრთხილდება და კეთილსინდისიერად განკარგავს სკოლის ადამიანურ, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს და უზრუნველყოფს მათ მიზნობრივ გამოყენებას. არ ავრცელებს მცდარი ინფორმაციის შემცველ საჯარო განცხადებებს სკოლის საქმიანობის ან/და მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თაობაზე. ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს დაპირისპირებულ მხარეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს. არ აყენებს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირს რაიმე სახის შეურაცხყოფას და არ ახდენს მათზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. ზრუნავს მისი თანამდებობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე. ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად. მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და გასაგები ენით.
2.მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობა
სკოლის დირექტორი თანასწორად, პატივისცემით ეპყრობა მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა.თანამშრომლობს ყველა მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან, ითვალისწინებს მათ აზრებს სკოლის განვითარების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ითავსებს მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სიძნელეების გადასალახად და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად აწვდის თავის შენიშვნებსა და შეთავაზებებს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს. ხელს უწყობს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს პროფესიულ განვითარებაში. უქმნის ყველა პირობას დამწყებ მასწავლებლებს სასკოლო გარემოში ინტეგრაციისთვის. უზრუნველყოფს მასწავლებლების დროულად ინფორმირებას ზოგადი განათლების სფეროში სიახლეების, დამხმარე პროფესიული ლიტერატურისა და პროფესიული განვითარების პროგრამების შესახებ. ხელს უწყობს მასწავლებლებს ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში. თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან, ითვალისწინებს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და რეაგირებს მასზე.
3.მოსწავლეებთან ურთიერთობა
სკოლის დირექტორი ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება. ხელს უწყობს მოსწავლეს დემოკრატიული, სამოქალაქო და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებაში. პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად. მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების განვითარებაში. მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს. არ უწევს საკუთარი სკოლის მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოების და საკუთრების დაცვაზე სასწავლო პროცესის დროს.
4.მშობლებთან ურთიერთობა
სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მშობლების ჩართულობას სასწავლო პროცესში. მშობლის სურვილის შემთხვევაში, განმარტებებს აძლევს მშობლებს სასკოლო სასწავლო გეგმის შესახებ. თანამშრომლობს მშობლებთან, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს. მშობელთან ურთიერთობას თავაზიანად და თანამშრომლობის ფორმით წარმართავს.
სკოლის დირექტორის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მასწავლებლის ეთიკის კოდექსი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანების მიხედვით დამტკიცებული მასწავლებლის ეთიკის კოდექსი პედაგოგისგან პირველ რიგში მოითხოვს პროფესიულ კომპეტენტურობას, რომელიც გამოიხატება შემდეგში: მასწავლებელი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს.
მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მასწავლებელი თავისი საქმიანობისას ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად. მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით. მასწავლებელი ეფექტურად იყენებს პედაგოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილ დროს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს. მასწავლებელი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის. მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.
მოსწავლეებთან ურთიერთობას ცალკე თავი ეთმობა მასწავლებლის ეთიკის კოდექსში.
მოსწავლესთან ურთიერთობისას მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში. მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს. მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე. მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს. მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად. მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ (გარდა იმ სკოლების მასწავლებლებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ პროპაგანდას. მასწავლებელი არ იყენებს მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის. მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად.
ეთიკის კოდექსით განსაზღვრულია რა უნდა გაითვალისწინოს პედაგოგმა მშობლებთან ურთიერთობისას:
მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და, საჭიროების შემთხვევაში, აწყობს მასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს. თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და თავაზიანია მასთან ურთიერთობისას. ყოველი სასწავლო ტრიმესტრის დასაწყისში მასწავლებელი განმარტებებს აძლევს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ. მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ. თუ ის კლასის დამრიგებელია, აქვს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება. ატყობინებს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელს უწყობს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში. დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა.
სკოლის დირექციასთან, მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობისას მასწავლებელი თანაბარი პატივისცემით ეპყრობა სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა. უზიარებს შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს და თანამშრომლობს მათთან. მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან და ითვალისწინებს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. თანამშრომლობს სკოლის დირექციასთან და თავისი წვლილი შეაქვს სკოლის განვითარებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში.
მასწავლებლის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.
რას გულისხმობს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი
პედაგოგი, რომელმაც მე-4 კლასის მოსწავლეს სცემა სკოლიდან გაათავისუფლეს – დეტალები მომხდარზე
ცისანა არის© შერგილაშვილი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება