GE

„ვიტყვი, რას უნდა მიაქციონ აბიტურიენტებმა ყურადღება არჩევანის გაკეთებისას“ – NAEC-ის დირექტორის მითითებები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, თამარ მემანიშვილი 2026 წლის აბიტურიენტებს რეგისტრაციის პროცესში გასათვალისწინებელ გარემოებებს უხსნის.

როგორც NAEC-ის ხელმძღვანელმა 18 მარტს განაცხადა, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია აპრილში დაიწყება და ერთ თვეს გასტანს. თავად გამოცდები კი წელსაც ზაფხულში ჩატარდება (ივლისის თვეში).

რა არჩევანების საშუალება ექნება აბიტურიენტს რეგისტრაციის გამოცხადების შემდეგ:

“აბიტურიენტი ირჩევს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მისთვის სასურველ ბევრ პროგრამას, აქ შეზღუდულები არ ვართ, ირჩევს კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ირჩევს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, თუ უნდა, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს სწავლა, საჯარო პროფესიული კოლეჯები უნდა აირჩიოს და ასევე შეუძლია აირჩიოს კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები. საერთო ჩამონათვალი საბოლოო ჯამში ძალიან დიდია”.

თამარ მემანიშვილის თქმით, საზოგადოებაში ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა დიდი ცვლილება ერთიანი ეროვნული გამოცდების დებულებას, ანუ გამოცდებს არ განუცდია. „არ შეცვლილა საგნების ჩამონათვალი და არ შეცვლილა არაფერი არსებითი“.

რა უნდა იცოდეთ არჩევანის გაკეთების დროს:

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რას უნდა მიაქციონ აბიტურიენტებმა პირველ რიგში ყურადღება: არ შეცვლილა არც ის მიდგომა, რომ ალბათ, ყველა აბიტურიენტის სურვილი არის მეტ-ნაკლებად, რომ სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებაში მოხვდეს, თუმცა არჩევანის ნაწილში უმჯობესია, აბიტურიენტმა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, ასევე აირჩიოს მისთვის სასურველი პროგრამები კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში“.

რამდენად შეუძლია აბიტურიენტს განსხვავებული მიმართულებები აირჩიოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში:

„როგორც იცით, პრინციპი “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის” შეეხებათ სახელმწიფო უნივერსიტეტებს და თუ ადამიანი სამართლის პროგრამას აირჩევს კონკრეტულ [სახელმწიფო] უნივერსიტეტში, მას სხვადასხვა კერძო უნივერსიტეტში ბევრი მისთვის საინტერესო პროგრამა შეუძლია აირჩიოს. თუნდაც სამართლის მიმართულებით. შეუძლია სრულიად განსხვავებული მიმართულების პროგრამები აირჩიოს. მაგალითად აირჩიოს სამართლის მიმართულება და აირჩიოს ბიზნეს ადმინისტრირება. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის, რომ ის [ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი] საგნები, რასაც ითვალისწინებს ბიზნეს-ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა, რათა აბიტურიენტი მოხვდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ ითვალისწინებს პირობითად მათემატიკას, რა თქმა უნდა, მათემატიკაც უნდა შეარჩიოს და ჩააბაროს“.

ასევე იხილეთ:

გაიზრდება თუ არა მინიმალური ზღვარი ამა თუ იმ საგანში – 2026 წლის აბიტურიენტებს NAEC-ის დირექტორი პასუხობს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური