GE

მასწავლებლის წამყვანი და მენტორის სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდა წელს აღარ ჩატარდება – განათლების მინისტრის გადაწყვეტილება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლამდე გადავადდა.

გიორგი ამილახვარის პოზიციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეს, 2 ივნისს ავრცელებს, რომელსაც EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე დანიშვნისთანავე არაერთი შეხვედრა ჩავატარე მასწავლებლებთან მათი მოსაზრებების, სურვილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით. არაერთი საინტერესო იდეა მოვისმინე და ყველა მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც პირველ რიგში მასწავლებლის პროფესიის აღიარებით, დაფასებით და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოსა და პირობების შექმნით უნდა დავიწყოთ. მიმდინარე ეტაპზე მასწავლებლები პორტფოლიოების შეფასების ეტაპს გადიან, რომელიც დამატებით მოგვცემს საშუალებას სწორად გავაანალიზოთ საჭიროებები.

აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია გადავადდეს 2024 წლის დასაწყისში. თუმცა, ეს პროცესი არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მათ მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა.

ეს პერიოდი გვინდა, გამოვიყენოთ პროცესზე დასაკვირვებლად, რომელიც პირველად მიმდინარეობს სისტემაში. გავაანალიზოთ და გამოვიტანოთ სწორი დასკვნები, რათა ჩვენი გადაწყვეტილებები არ იყოს ორიენტირებული მოკლევადიანი ამოცანების გადაჭრაზე, არამედ ეფუძნებოდეს გრძელვადიან სისტემურ ხედვას.

ბუნებრივია, მასწავლებლის პროფესიული განვითარება მისი ყოველდღიური საქმიანობის პროცესია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებს მუდმივად ჰქონდეთ სრული მხარდაჭერა სისტემის ყველა რგოლისგან პროფესიული განვითარებისთვის და ასევე, ყოველწლიურად ჰქონდეთ მრავალმხრივი შესაძლებლობა, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელონ კარიერული წინსვლა“.

შეგახსენებთ, რომ მენტორისა და წამყვანის სტატუსის მოპოვების მიზნით, პროფესიული უნარების გამოცდა შარშან პირველად ჩატარდა. რამდენიმე დღის წინ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული განმარტების შემდეგ, EDU.ARIS.GE ვარაუდობდა, რომ გამოცდა წელს აღარ ჩატარდებოდა.

ასევე იხილეთ:

წამყვანი და მენტორი მასწავლებლის საგამოცდო ლიტერატურა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური