GE

წარჩინებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემა შესაძლოა, ახალი სასწავლო წლისთვის გადაიწიოს – სამინისტროს პასუხი

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პარალელურად, დღითიდღე მზარდია იმ სკოლების რიცხვი, რომლებიც ვირუსის შემთხვევების გამო იხურება და დისტანციურ სწავლებაზე გადადის. განათლების სამინისტრომ ყოფილი წარჩინებული მოსწავლეებისთვის წლობით დაგვიანებული მედლების დამზადებისთვის ტენდერი გამოაცხადა, თუმცა მოლოდინის რეჟიმში რჩებიან წარჩინებული მაღალკლასელები, რომელთაც კომპიუტერები უნდა გადასცემოდათ. მოსწავლეები გვწერენ, რომ მათთვის არავის მიუწოდებია ინფორმაცია და შესაბამისად, გაურკვეველია, როდის გადაეცემათ კომპიუტერები, რომელიც შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, ჯერ კიდევ შემოდგომაზე უნდა მიეღოთ და 2020-2021 სასწავლო წლის დასრულებამდე ერთი თვით ადრეც, ამაზე არაფერი იციან.

მოსწავლეთა მრავალრიცხოვანი კითხვების პასუხად, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის გარკვევას კიდევ ერთხელ შევეცადეთ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით ისევ აცხადებს, რომ კომპიუტერების გადაცემის თარიღები ჯერ დადგენილი არ არის და როცა ცნობილი გახდება, ბენეფიციარებს პირადად შეატყობინებენ.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემა აუცილებლად მოხდება, თუმცა ეს პროცესი მიმდინარე სემესტრში განხორციელდება თუ ახალი სასწავლო წლისთვის გადაიწევს, უცნობია.

„წარჩინებულ მოსწავლეებს აუცილებლად გადაეცემათ კომპიუტერები, თუმცა დრო ჯერ დაზუსტებული არ არის. შესაძლებელია ამ სემესტრშივე მოხდეს, ან გადაიწევს და 2021 წლის ბოლომდე და ყველა წარჩინებული მოსწავლე მიიღებს კომპიუტერს. დროსთან დაკავშირებით ინფორმაციას წინასწარ გავავრცელებთ“, – განაცხადეს განათლების სამინისტროში.

EDU.ARIS.GE-სთან საუბარში მშობლები აღნიშნავენ, რომ საკითხის გარკვევისას მათ განუცხადეს, რომ პროცესი პანდემიის გამო შეფერხდა.

„მივწერე და ასე მიპასუხეს, მოგესალმებით, გარკვეული პროცესები შეფერხდა პანდემიის გამო, მათ შორის კომპიუტერების გადაცემა წარჩინებულებისთვის. ამის გამო გიხდით ბოდიშს და სამწუხაროდ, პროცესი შემდეგი სასწავლო წლისთვის გადაიწევს. სამწუხაროდ, უგვიანებენ, არადა ზუსტად ახლა ესაჭიროებათ ბავშვებს კომპიუტერები, ეს ხომ უსამართლობაა“, – გვითხრა ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ერთ-ერთმა მშობელმა.

მოსწავლეებისთვის კომპიუტერებით უზრუნველყოფის პროგრამას განათლების სამინისტროს სსიპ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო კურირებს. EDU.ARIS.GE-მ აღნიშნულ უწყებასაც მიმართა კითხვებით, როდის დაიწყება ტექნიკის გაცემა საჯარო სკოლებში და რამდენი ბენეფიციარია ამ ეტაპზე აღრიცხული, თუმცა ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიგვიღია და უწყების წარმომადგენლები არც სატელეფონო ზარებს პასუხობენ.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მოსარგებლეები არიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). პროგრამის მიზანს კი, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის 8000-ზე მეტი ოქროს და ვერცხლის მედალი დამზადდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური