GE

წარჩინებული მოსწავლეების კომპიუტერები უკვე შეძენილია – მათ სკოლიდან დაუკავშირდებიან

ის მოსწავლეები, ვინც 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლებში წარჩინებით დაამთავრა ცხრა კლასი, დღემდე ელიან კომპიუტერების გადაცემას. ათასობით მოსწავლე, საჩუქრის დაგვიანების მოლოდინში უკვე XI და XII კლასში გადავიდა.

ივლისის პირველ რიცხვებში, რამდენიმე საჯარო სკოლამ, თავისი მოსწავლეების საყურადღებოდ, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მათთვის კომპიუტერების გადაცემა „ამ დღეებში მოხდება“. EDU.ARIS.GE-მ ინფორმაციის გადასამოწმებლად, დღეს, 6 ივლისს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა და გაარკვია, რომ დაუსრულებელი მოლოდინი, სახელმწიფოსგან კუთვნილი საჩუქრის მიღებისა, მალე დასრულდება და კომპიუტერების გადაცემა მოსწავლეებისთვის, მაქსიმუმ 2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისში დამთავრდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ კომპიუტერები უკვე შეძენილია, თუმცა არ იციან, დაიწყო თუ არა ტექნიკის დარიგება.

„ეტაპობრივად უნდა დაიწყოს დარიგება. დარიგდა თუ არა რომელიმე სკოლაში, ეს ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ კომპიუტერები უკვე შეძენილია და გადაეცემათ მალე. არ ვიცით, ზაფხულში თუ დაურიგებენ… სკოლიდან დაუკავშირდებიან მოსწავლეებს. უფრო სექტემბრიდან უნდა დაიწყოს დარიგება და ამავე თვის ბოლომდე დასრულდეს“, – გვითხრეს სამინისტროში.

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი კი ადასტურებს, რომ  წარჩინებულთა ლეპტოპები უკვე სკოლაში აქვთ, ის ძალიან კარგი ხარისხის არის და მოსწავლეებს კვირის ბოლომდე გადასცემენ.

წარჩინებული მოსწავლეებისათვის კომპიუტერების შეძენის ამბავი სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ იმ მოხსენებაშიც მოხვდა, რომელიც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ივნისის დასაწყისში წარმოადგინა. სახელმწიფომ კომპიუტერები იმ 9 ათასამდე მოსწავლისთვის შეისყიდა, რომლებიც 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების ცხრაკლას დამთავრებულები არიან.

აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებენ კომპიუტერებს ისინი, ვინც IX კლასის საფეხური წარჩინებით წელს დაამთავრა.

პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“ საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მოსარგებლეები არიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (VII-VIII-IX კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). პროგრამის მიზანს კი, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. საკითხავი ის არის, სახელმწიფოსგან დაპირების მრავალწლიანი შეუსრულებლობა და უსასრულო ლოდინი, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას იწვევს თუ პირიქით, – სწავლის ხალისის დაკარგვას.

ასევე იხილეთ:

„ეს არის საშიში იდეოლოგია“ – მეგრელიშვილი განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური