წარმატებული კარიერა 23 წლის ასაკში და სკოლის დამთავრებამდე აღებული დიპლომი – „იტვეტის“ სტუდენტების წარმატების ისტორიები
აკაკი 23 წლისაა, გიორგი – 16-ს. პირველი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ კურსდამთავრებულია, მეორე – სტუდენტი. მცირე ასაკის მიუხედავად, მათ უკვე შეძლეს არა მხოლოდ ის, რომ უნივერსიტეტისა და სკოლის პარალელურად პროფესიული განათლება მიეღოთ, არამედ შეესწავლათ საქმე, რომელიც მათ საკმაოდ სოლიდური შემოსავალს მოუტანდა. აკაკი „ახალი ქსელების“ ინტერნეტ ქსელის მხარდაჭერისა და მონიტორინგის სამსახურის მენეჯერია. გიორგი კი, სწავლის დასრულების შემდეგ კერძო შეკვეთებზე მუშაობას აპირებს.
ორივეს ტექნოლოგიებისადმი ინტერესი და შესაბამისად „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ აერთიანებთ, რომელმაც მათი მომავალი განსაზღვრა – „კოლეჯში რამდენიმე თვის გატარება ბევრად ნაყოფიერი და შედეგიანი იყო, ვიდრე უნივერსიტეტში რამდენიმე წლის გატარება“, – ამბობს ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი.
აკაკი რუხაძე
აკაკი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, თუმცა მან უკვე მოასწრო სკოლის დასრულების შემდეგ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში“ სამი პროგრამის გავლა, თსუ-ში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დასრულება და მაგისტრატურაზე ჩაბარებაც. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს განათლებაში მაგისტრის ხარისხის მოპოვების პროცესშია, ამბობს, რომ მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია პროფესიული კოლეჯი და ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც აქ მიიღო, რადგან მისი ცხოვრება, საქმიანობა, კარიერა სწორედ ამან განსაზღვრა.
კომპიუტერი და პროგრამირება სკოლის პერიოდშივე აინტერესებდა. მოყვარულის დონეზე იყო დაინტერესებული და მუდმივად ცდილობდა საკუთარი ძალებით ესწავლა. საბოლოოდ გადაწყვიტა პროფესიული სასწავლებლისთვის მიემართა და მოკლე, სამ თვიანი კურსი გაევლო, რათა საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებში გარკვეულიყო.
თავდაპირველად IT სპეციალისტის მოსამზადებელი კურსით დაინტერესდა, რომელზეც ზოგადი საგნები ისწავლებოდა – კომპიუტერის არქიტექტურა, პროგრამული გამართულობა და ა.შ.
იხილეთ ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის პროგრამები
აკაკი ყვება, რომ კოლეჯით მოიხიბლა, რადგან იქ მეგობრული გარემო, პროფესიონალი ლექტორები და სრული ტექნიკური აღჭურვილობა დახვდა. თუკი სხვა სასწავლებლებში სტუდენტები ვირტუალურ პროგრამებში სწავლობდნენ, მათ ჰქონდათ ფუფუნება რეალურ ლაბორატორიებში, რეალურ აპარატურასთან ემუშავათ. თეორიასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც იუმჯობესებდნენ, რაც ამ სფეროში უმნიშვნელოვანესია.
კურსმა იმდენად გაიტაცა, რომ დასრულების შემდეგ ახალი პროგრამის გავლა გადაწყვიტა, შედარებით ვიწრო სპეციალიზაციით.
„მეორედაც ჩავაბარე და ვისწავლე ერთწლიან კურსზე – კომპიუტერული ქსელები და სისტემები. უფრო ფართო კურსი იყო და მეცადინეობა ყოველ დღე გვქონდა. სიღრმისეულად შევისწავლეთ კომპიუტერის არქიტექტურა, სისტემური ადმინისტრირება, ქსელის ადმინისტრირება, რა მიმართულებითაც კიდევ გავაგრძელე სწავლა- მესამედ ჩავაბარე და კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირების 8 თვიანი კურსი გავიარე (Cisco აკადემიის სასწავლო კურსი).
„ამ დროის განმავლობაში საჭირო ცოდნა და გამოცდილება მივიღე, რაც შემდგომ სამსახურის დაწყებაში ძალიან დამეხმარა. კოლეჯიდან დღემდე ძალიან კარგი მოგონებები და თბილი გარემო მომყვება“, – ამბობს აკაკი.
კარიერა
მუშაობა სწავლის პარალელურად დაიწყო. მაშინ 21 წლის იყო. თავდაპირველად „სილქნეტში“ IT მიმართულებით ტექნიკური პრობლემების მოგვარების სპეციალისტად მუშაობდა. სწავლის დასრულებამდე გადავიდა ახალ სამსახურშიც, სადაც დღემდე მუშაობს – „ახალი ქსელების“ ქსელის მონიტორინგის სამსახურში, რაც მისი უშუალო სპეციალობაა. ამბობს, რომ აქ მოსახვედრად საჭირო გასაუბრებები მარტივად დაძლია, ვინაიდან კოლეჯიდან შესაბამისი ცოდნა ჰქონდა.
ორი წელია „ახალ ქსელებში“ მუშაობას და რამდენჯერმე დაწინაურდა კიდეც. ამ ეტაპზე უკვე მენეჯერულ პოზიციაზეა.
„მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია ინტერნეტსერვისის პროვაიდერია. აბონენტებს ვაწვდით პროდუქტს ტელევიზიისა და ინტერნეტის სახით. ჩვენი სამსახურის მოვალეობაა მთელი საქართველოს მასშტაბით კომპანიის კუთვნილი აპარატურის კონტროლი, როგორც პროგრამული ისე ფიზიკური გამართულობა. ასევე, მუდმივი მონიტორინგი მთავარ გამანაწილებელ აპარატურაზე, რომლებიც აბონენტებისათვის სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფენ. ვზრუნავთ ინტერნეტის ხარისხზე, აბონენტების პრობლემების მოგვარებაზე და ა.შ“, – ამბობს აკაკი.
მისივე თქმით, კოლეჯში მიღებული ცოდნა არა მხოლოდ გასაუბრებების ეტაპზე, არამედ მუშაობისასაც დაეხმარა. იქ მიღებულმა უნარ-ჩვევებმა მას ყველანაირი სირთულე დააძლევინა.
ამბობს, რომ სფერო კარგად ანაზღაურებადია. რაც უფრო ზევით ადიხარ კარიერულ საფეხურზე, ანაზღაურებაც უკეთესი ხდება. აკაკის თქმით, მისი ჯგუფელებიდან ყველა დასაქმებულია – სხვადასხვა კომპანიაში საკმაოდ კარგ პოზიციებზე მუშაობენ.
პროფესიული განათლების მნიშვნელობა
„მოძველდა სტერეოტიპი იმის შესახებ, თითქოს პროფესიული სასწავლებლებში ისინი აბარებენ, ვინც უმაღლესში ვერ მოხვდა. ახალგაზრდობა ხვდება, რომ პირიქითაა. ამის მაგალითი მე ვარ. კოლეჯის პარალელურად უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი, თსუ-ში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. ახლა უკვე მაგისტრატურაზეც ვსწავლობ, თუმცა ჩემთვის პრიორიტეტი ადრეც და ახლაც კოლეჯია. ვფიქრობ, რომ კოლეჯში რამდენიმე თვის გატარება ბევრად ნაყოფიერი და შედეგიანი იყო, ვიდრე უნივერსიტეტში რამდენიმე წლის გატარება. მე ვნახე რა ხარისხის ცოდნას აძლევენ ახალგაზრდებს კოლეჯში. ამიტომაც ჩემს მეგობრებს ყოველთვის ვურჩევ პროფესიული განათლება აირჩიონ. ჩემს ცხოვრებაში პროფესიულმა განათლებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა. მომცა ცოდნა, განათლება, თვითრწმენა და გზის გაკვლევის საშუალებაც. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ რამდენიმეთვიანი კურსი უფრო შედეგის მომცემია, ვიდრე ბაკალავრიატის ან თუნდაც მაგისტრატურის წლები“, – მიიჩნევს აკაკი.
ამბობს, რომ მისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომები გასაუბრებებზეც კი არავის მოუთხოვია, რადგან ესაა სფერო, სადაც ყურადღება ექცევა იმას, თუ რა იცი და არა იმას, გაქვს თუ არა დიპლომი.
იხილეთ ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის პროგრამები
გიორგი ქვილითაია
გიორგი 16 წლისაა და თბილისის 99-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელია. კოლეჯში კი იგი ვებ-ინტერფეისის დეველოპერის პროგრამას ეუფლება. ამბობს, რომ ვებგვერდების შექმნა და დიზაინი პატარა ასაკიდანვე აინტერესებდა. პროფესიულ განათლებაზე კი დედის რჩევის შემდეგ დაფიქრდა, რომელიც ერთ-ერთ პროფესიულ კოლეჯში სწავლობდა. ინტერესების სფეროდან გამომდინარე მისი არჩევანი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაზე“ შეჩერდა.
გიორგი ფიქრობს, რომ არაჩვეულებრივი შანსია, როცა ადამიანს ორ სხვადასხვა ადგილას ერთდროულად სწავლა შეუძლია და შესაძლებლობა აქვს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი ჯერ კიდევ მანამ აიღოს, სანამ სკოლის ატესტატს მიიღებდეს – „რატომ უნდა ვუცადო სკოლის დამთავრებას, როცა შემიძლია პარალელურადაც ავიღო დიპლომი?!“ – ამბობს ის.
კოლეჯში სწავლა მას არც სკოლის განრიგში უშლის ხელს – კოლეჯში მეორე სმენაა, ამიტომ არც გაკვეთილების გაცდენა უწევს და საღამოს მათ მოსამზადებლადაც რჩება დრო.
სწავლას წლის ბოლოს ასრულებს. ამ ეტაპზე იგი კოლეჯის ბაზაზე პრაქტიკებს გადის. სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში იგივე მიმართულებით აპირებს. არ გამორიცხავს, რომ კოლეჯში სხვა პროგრამებზეც ჩააბაროს. პარალელურად კი, კერძო შეკვეთებზე მუშაობას გეგმავს, რაც მას საკმაოდ მომხიბლავ შემოსავალს გაუჩენს.
„ჩემი აზრით, პროფესიული განათლება უკვე უმაღლეს განათლებასაც უწევს კონკურენციას. კოლეჯები უფრო სწრაფად ამზადებენ ადამიანებს, აძლევენ ცოდნას და მუშაობის დაწყების შესაძლებლობას. ჩემ კლასელებს და მეგობრებსაც ვურჩიე აქ ჩაბარება, ვისაც პროგრამირება აინტერესებს. ვუთხარი, რომ ამით სამომავლოდ საქმეს გაიმარტივებდნენ. ჩემი რჩევა გაითვალისწინეს და წელს გამოცდებზეც გავიდნენ,“ – ამბობს გიორგი.
კოლეჯი, სადაც სტუდენტების 90% უმაღლესდამთავრებულია – IT აკადემია დასაქმების 100%-იანი მაჩვენებლით
- ITVET-ში სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს by საზოგადოებრივი კოლეჯი "ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია"
- ახალი პროგრამები და ახალი შესაძლებლობები შრომით ბაზარზე ITVET-ის სტუდენტებისთვის by საზოგადოებრივი კოლეჯი "ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია"
- ITVET-ის სტუდენტების რეალობად ქცეული ბიზნესპროექტი, რომელსაც IT house ეწოდება by ARIS.GE-განათლება