წარმატებული პედაგოგი – როგორ დავამყაროთ მშობლებთან კარგი ურთიერთობა
დერიკ მეადორი – ექსპერტი, მასწავლებელი
სწავლების ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ასპექტი მშობლებთან პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებაა, რაც აუცილებელია წარმატებული პედაგოგისათვის. მოსწავლე გაცილებით მონდომებული იქნება სკოლაში, თუ მას ეცოდინება, რომ მის მასწავლებელს რეგულარულად აქვს კონტაქტი მშობლებთან, რომლებიც მას ენდობიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვეს შეუძლია, რომ მშობელი მასწავლებლის წინააღმდეგ განაწყოს.
ბევრი პედაგოგი სათანადოდ ვერ აფასებს მშობლებთან ურთიერთობის მნიშვნელოვნებას. მშობლები, შეიძლება, თქვენი საუკეთესო მეგობრები, ან მტრები გახდნენ.
წარმოგიდგენთ ხუთ რჩევას, რომელიც მშობლებთან მყარი და კეთილგანწყობილი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ:
მოიპოვეთ მათი ნდობა
მშობლების ნდობის მოპოვება ხშირად ხანგრძლივი პროცესია. პირველ რიგში, მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათი შვილისათვის მხოლოდ საუკეთესო გსურთ. ამისთვის პირველი ნაბიჯია, მისცეთ მათ საშუალება, უფრო ახლოს გაგიცნონ. ნუ შეგეშინდებათ მათთან საკუთარ სკოლის-გარე ინტერესებსა და ღირებულებებზე თავისუფლად და შინაურულად საუბრის. იქნებ, საერთო ინტერესებიც აღმოგაჩნდეთ. თუ მშობელი თქვენთან თავისუფლად საუბარს შეძლებს, თქვენი ურთიერთობა უფრო სასიამოვნო და მყარი გახდება.
ნუ დაიშურებთ ძალისხმევას მოსწავლის დასახმარებლად. ეს ნდობისა და პატივისცემის სწრაფად მოპოვებაშიც დაგეხმარებათ. მშობელს მცირედი ყურადღებაც ახარებს. მაგალითად ზარი იმ მოსწავლის მოსაკითხად, რომელმაც ავადმყოფობის გამო რამდენიმე დღე გააცდინა.
მოუსმინეთ მათ
მშობელს, შესაძლოა, კითხვები ან უკმაყოფილება გაუჩნდეს რაიმე საკითხთან დაკავშირებით. ნუ იქნებით თავდაცვით პოზიციაში. ეს მას აფიქრებინებს, რომ რაღაცას მალავთ. კარგად მოუსმინეთ მათ, ნუ შეგაშინებთ ნებისმიერი საკითხის განხილვა და გარკვევა, მაგრამ, ეს აუცილებლად მშვიდი და პროფესიონალური მანერით გააკეთეთ.
იქონიეთ ხშირი კავშირი
ეფექტური კომუნიკაცია დროს მოითხოვს, მაგრამ იგი გარდაუვალია. დღეს კომუნიკაციის მრავალი ფორმის გამოყენება შეგიძლიათ: აღნიშვნები რვეულში, წერილები, ტელეფონი, იმეილი, პირადი შეხვედრა სკოლაში ან მშობელთა კრება. კარგ პედაგოგს ხშირი კავშირი აქვს მშობლებთან.
ბევრ მშობელს ბეზრდება მუდმივად უარყოფითის მოსმენა საკუთარ შვილზე. შეარჩიეთ 3-4 მოსწავლე ყოველ კვირაში და დაეკონტაქტეთ მათ მშობლებს რაიმე პოზიტიური ამბის გასაცნობად. ეცადეთ, ასეთ დროს, უარყოფითზე არ ისაუბროთ. თუნდაც, როდესაც ნეგატიური ამბის შეტყობინებას აპირებთ, ჯობს, საუბარი პოზიტიურ ნოტაზე დაასრულოთ.
აღრიცხეთ მშობლებთან ყოველი შეხვედრა
არ შეიძლება, არ გაითვალისწინოთ შეხვედრების აღრიცხვის მნიშვნელოვნება. სიღრმისეული ჩანაწერი სულაც არ არის აუცილებელი. მხოლოდ თარიღი, მშობლის/მოსწავლის სახელი და მოკლე მიმოხილვა. ეს, შეიძლება, არასოდეს დაგჭირდეთ, მაგრამ, შესაძლოა, ძალიანაც დაგეხმაროთ. მაგალითად, მშობელი შეიძლება გაანაწყენოს თქვენმა გადაწყვეტილებამ ბავშვის კლასში დატოვების, ან დაბალი საბოლოო შეფასების შესახებ. მშობელმა, შეიძლება, ამტკიცოს, რომ მასთან ამ პრობლემაზე არასოდეს გისაუბრიათ. მაგრამ, თუ თქვენ ჩანიშნული გექნებათ, რომ წლის განმავლობაში მას ამ საკითხზე 4-ჯერ ესაუბრეთ, მათ შეწიანააღმდეგების საფუძველი აღარ ექნებათ.
მოაჩვენეთ თავი, როცა საჭიროა
ფაქტია, რომ ყოველთვის ყველა ბავშვის მშობელი ვერ მოგეწონებათ. შეიძლება, მასთან პიროვნული კონფლიქტი აღმოგაჩნდეთ, ან, უბრალოდ არ გქონდეთ მსგავსი ინტერესები. თუმცა, თქვენ თქვენი სამუშაო უნდა შეასრულოთ და არ შეიძლება, მშობელთან კონტაქტი ამ მიზეზების გამო თავიდან აიცილოთ. ეს ბავშვს კარგს არაფერს მოუტანს. ზოგჯერ, მოგიწევთ გაღიმება თქვენი სურვილის წინააღმდეგ და ამას უნდა შეეგუოთ. სიყალბე ნამდვილად არ არის მოსაწონი, თუმცა, მშობელთან პოზიტიური ურთიერთობა მოსწავლისათვის სარგებლის მომტანი იქნება.
წყარო: teaching.about.com