წელს პირველკლასელი 60 000-მდე ბავშვი გახდება – რა თხოვნით მიმართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ სამინისტროს
საკანონმდებლო ორგანო დღეს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს დაამტკიცებს, რომელიც პირველ კლასში შესვლის ასაკის ცვლილებას ეხება და საკანონმდებლო ორგანო მას დაჩქარებული წესით განიხილავს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ 2023-2024 სასწავლო წელს პირველკლასელი 60 000 – მდე ბავშვი გახდება.
პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ
როგორც დღეს, 3 მაისს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა განაცხადა, სისტემა არამხოლოდ კანონში შესული ცვლილების შემდეგ დამატებული პირველკლასელების მიღებისთვის არის მზად, არამედ წელს, სასკოლო ასაკის ბავშვების რაოდენობა სასკოლო ასაკის ცვლილებამდეც იყო რამდენიმე ათასი ბავშვით გაზრდილი და მათ მისაღებად სამინისტროს აბსოლუტური მზაობა გააჩნდა.
„კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ზოგადი განათლების დაწყების საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს, ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, სწავლის დაწყების თარიღის ჩათვლით უსრულდება და ამასთანავე პირი, რომელსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან პირველ ნოემბრამდე უსრულდება, უფლებამოსილია, რომ მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, დაიწყოს სწავლა.
„ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომ გასულ წელს, 51 000 პირველკლასელი შევიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. მიმდინარე წელს, ცვლილების ეს პროექტი სულ რომ არ წარმოგვედგინა, 55 000 პირველკლასელი შედის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და ამას კიდევ ემატება შესაბამისი ხუთი ათასი (4 800 ავტ.) ამ გადაწევის შემთხვევაში. მე იმას მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქ საუბარია სისტემის სერიოზულ მზაობაზე. ოთხი ათასიანი სხვაობა ჩვენ ისედაც გვქონდა“, – განაცხადა კანონის პროექტის მეორე მოსმენით წარდგენისას თამარ მახარაშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, სამინისტროს წარმომადგენლებს სთხოვა, რომ სასკოლო ასაკის 31 დეკემბრის ჩათვლით გადაწევის მზაობისთვის სამინისტრომ მალევე დაიწყოს სისტემური, სრულფასოვანი კვლევა, რამდენად მზად იქნებიან ამისთვის სკოლები, რომ ცვლილება უკვე მომავალ წელს განხორციელდეს და საკითხზე მსჯელობა პარლამენტს მომავალ წელსაც დაჩქარებულ ტემპში არ მოუხდეს. გივი მიქანაძემ აღნიშნული სამუშაოების შედეგების მიღებისთვის ოპტიმალურ ვადად 2023 წლის შემოდგომა დაასახელა.
2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს, პირველი ეტაპის ფარგლებში, პირველ კლასში 708 პირი დარეგისტრირდა. ამჟამად მიმდინარეობს მეორე ეტაპი და 15 მაისის ჩათვლით სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:
ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია;
გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.
III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
რაც შეეხება IV ეტაპს, რეგისტრაცია 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე.
მოქმედი კანონით, საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.
განახლება: სასკოლო ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებული, ზოგადი განათლების შესახებ კანონის პროექტი, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო და ის ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნება.
ასევე იხილეთ:
„საბოლოო ჯამში, 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვები შეძლებენ სკოლაში წასვლას“
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება