„წელსვე თუ ვერ ჩავაბარეთ, არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დასრულდა“ – აბიტურიენტი, რომელიც გამოცდებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოეთიშა
უკვე რამდენიმე დღეა ქვეყანაში საგამოცდო ციებ-ცხელება დაიწყო და მოვლენების ეპიცენტრში აბიტურიენტები მოექცნენ. მათ მთელი 12 და განსაკუთრებით კი, ბოლო ერთი წლის შრომის შედეგი გამოცდაზე უნდა აჩვენონ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ამ დღეებს განსაკუთრებულად ელოდნენ, მაგრამ ახლა პროცესის შორიდან ყურება უწევთ.
აბაშელი ნინო კაჭარავა, რომელსაც დაახლოებით ერთი თვის წინ ვესაუბრეთ, სამომავლო გეგმებს ისევე აწყობდა, როგორც მისი თითოეული თანატოლი – სწავლის გაგრძელებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე აპირებდა, თუმცა მოულოდნელმა პროცესებმა მისი გეგმები თავდაყირა დააყენა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ნინოს ამ გეგმების ერთ წლით გადადება აიძულა.
საქართველოში, მოსწავლე სკოლის დასრულების შემდეგ პირდაპირ უნივერსიტეტში თუ არ გადაინაცვლებს, ეს, მინიმუმ, უსიამოვნო ფაქტად აღიქმება. ზოგისთვის კი ბევრად რთულად – ტრაგედიადაც კი. უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით მშობლების თაობისათვის, რომლებსაც იმის თქმას, რომ მათმა შვილმა ვერ, ან არ ჩააბარა, ყველაფერი ურჩევნიათ.
მსგავს მოსაზრებებთან, თანაგრძნობით სავსე სახეებთან და უტაქტო კითხვებთან გამკლავება ნინოსაც მოუწია. თუმცა თავად ოპტიმისტურად არის განწყობილი და სულაც არ ფიქრობს, რომ ერთი წელი დაკარგა. ნინო მიიჩნევს, რომ სამყაროში უამრავი საინტერესო რამ არსებობს, რითი დაკავებაც ამ ერთი წლის განმავლობაში შეიძლება და თანატოლებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, წელს, უნივერსიტეტების გარეთ დარჩებიან, მოვლენების იგივენაირად აღქმისკენ მოუწოდებს.
ნინო კაჭარავა: ივნისის დასაწყისში სწავლას ძალიან ოპტიმისტურად ვაგრძელებდი, თუმცა მოხდა ისეთი რამ, რამაც გამოცდაზე გასვლაში ხელი შემიშალა – მარჯვენა ხელი დამიზიანდა ძალიან მცირედ და სათანადო ყურადღება არ მიმიქცევია.
-როგორ დაგიზიანდა?
-პატარა ჭრილობა იყო, რომელშიც შემდეგ ინფექცია შემეჭრა. მე ამ საკითხში ჩახედული არ ვიყავი, სერიოზულად ვერ აღვიქვი, სანამ მართლა ძალიან ცუდად არ გავხდი. შემდეგ სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ. ისე ცუდად ვიყავი, ვერანაირად ვერ ვმშვიდდებოდი, მეგონა მოვკვდებოდი. საავადმყოფოში გადამიყვანეს და შემიძლია ვთქვა, რომ ასე არასდროს შემშინებია.
ანთებითმა პროცესმა მთელი მარჯვენა ხელის მტევანი მოიცვა. ხელს ვერ ვხრიდი გაშეშებული მქონდა. ნემსებით გამიყუჩეს. საბოლოოდ ყველა პროცედურა ჩამიტარდა – ხელი სამ ადგილას გაჭრეს, დამიმუშავეს, გადასხმები გამიკეთეს და ანტიბიოტიკების კურსი დაიწყეს.
ამის შემდეგაც საკმაოდ რთული და მტკივნეული ეტაპები გავიარე. ღია ტიპის ჭრილობის დამუშავება-გადახვევა ძალიან მტკივნეული ყოფილა. შემდეგ ანთებაც დამემართა, თითები საერთოდ გამიშეშდა, შეშუპება, სიცხე… მოკლედ, საშინელება იყო. ახლა ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესში ვარ.
-როდის გაიგე, რომ გამოცდაზე ვერ გახვიდოდი და რამდენად განიცადე ეს?
-თავიდანვე გაცნობიერებული მქონდა, რადგან საქმე სერიოზულად იყო. სასწრაფომ რომ გადამიყვანა ტირილი დავიწყე – ეროვნულებს ვეღარ დავწერ-მეთქი. ძალიან განვიცადე. ძალიან ემოციური ვარ და შესაბამისად, შესაგუებლად დრო დამჭირდა. ისე ვემზადებოდი, ისე ველოდი და ვერაფრით წარმოვიდგენდი რომ გამოცდებამდე ცოტა ხნით ადრე ასეთი რამ შემემთხვეოდა. თუმცა, ვიცი, ცხოვრებაში რაღაცები უმიზეზოდ არ ხდება. სწორედ ამიტომ, დანებებას არ ვაპირებ. კარგი მაგალითები მაქვს – მყავს ადამიანები, რომლებიც ცხოვრების უკუღმართობას ტაქტით, ჭკუითა და მართალი ცხოვრების გზით ებრძვიან, წინ მიდიან.
-გარშემომყოფებიც ასე ოპტიმისტურად შეხვდნენ ამ ამბავს?
-არა, იყო უტაქტო კითხვები, უსიამოვნო შემთხვევები. მე უფრო ვცდილობდი ამ საუბრისგან თავი ამერიდებინა, ვიდრე ისინი.
-ფიქრობენ, რომ ერთი წლის „ჩავარდნა“ ტრაგედიაა?
-კი, ძალიან დიდი ტრაგედია. საბედნიეროდ, ჩემი ოჯახი არ ფიქრობს ასე. ძალიან მეხმარებიან და მხარში მიდგანან.
-რის კეთებას აპირებ ამ წელს?
-სწავლა, სწავლა და ისევ სწავლა. პროგრამას კარგად გადავიმეორებ, უცხო ენების ცოდნის განმტკიცება არ მაწყენდა. ასევე, საინტერესო ლიტერატურას წავიკითხავ. ბოლო წელი ვერ ვახერხებდი რაიმე არაპროგრამული წამეკითხა.
-როგორც ვიცი, ახლაც საკმაოდ აქტიურად მეცადინეობ. ცდილობ დაწერო ის ესეები, რომლებიც წლევანდელ გამოცდებზე აბიტურიენტებს შეხვდათ…
-ჯერ სრულფასოვნად მეცადინეობას ვერ ვახერხებ, თუმცა ვცდილობ. ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს. ხელი იმდენად დიდ ხანს მქონდა შეხვეული, რომ ნერვული დაბოლოებები გამიღეზიანდა, რთული პროცესები გაიარა და მტკივდება. გუშინ ვცადე ესეს დაწერა და გვერდნახევარი დავწერე. შემდეგ ტკივილი დამეწყო.
-ნინო, არიან ბავშვები, რომლებიც გამოცდებზე, სხვადასხვა მიზეზით, ვერ გავიდნენ – ზოგი ისევ ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ზოგს დააგვიანდა, იქნებიან ისეთებიც, რომლებიც გავიდნენ, მაგრამ ჩაიჭრებიან. ჩვენს ქვეყანაში, სკოლის შემდეგ მაშინვე უნივერსიტეტის მერხს თუ არ მიუჯექი, პრობლემად ითვლება. განიცდიან ბავშვებიც და გარშემომყოფებიც. რას ეტყოდი მათ? ფიქრობ, რომ ერთი წელი „გეკარგებათ“?
-არანაირად. დიდი პატივისცემით ვუდგები ჩვენს უფროს თაობას, ეს ის ხალხია, ვინც საკუთარი ჯაფით შვილებს ყველაფერს აძლევს, ტანჯვით ზრდიან, ამიტომ თითქოს გასაგებიც არის მათი სურვილი და რეაქციები, მაგრამ არჩაბარება, მშობლისთვის, აპოკალიფსს არ უნდა უდრიდეს.
ბავშვებო, არ დაკარგოთ მოტივაცია. გვაქვს პრობლემები და ესეც ერთგვარი თავგადასავალია, რომელიც აუცილებლად შემართებით უნდა გადავლახოთ. არ მიაქციოთ ყურადღება ხალხს, შექმენით თქვენი პიროვნება. მე ასე ვაპირებ. წარმატებებს ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს. წელსვე თუ ვერ ჩავაბარეთ, არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დასრულდა.
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება