GE

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტმა სამოქალაქო ჩართულობის პროექტების კონკურსში გაიმარჯვა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ტარიელ ხურციძემ სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობის პროექტების კონკურსში გაიმარჯვა.

საჯარო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტმა (ხელმძღვანელი : ქეთევან კუხიანიძე) პროექტი: ,,საზოგადოება მიუსაფარი ძაღლებისთვის: პრობლემები და გამოწვევები’’ წარადგინა. კონკურსში სტუდენტები შვიდი უმაღლესი სასწავლებლიდან მონაწილეობდნენ. განსახილველად 18 პროექტი იყო წარდგენილი.

,,სტუდენტური ცხოვრება ადრე მეგონა მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეში სიარული, თუმცა რაც სხვადასხვა აქტივობებში ჩავერთე, ვფიქრობ სწორი პროფესიული არჩევანი გავაკეთე. სხვადასხვა პროექტებში ვმონაწილეობ და ვთვლი,რომ ეს დამეხმარება ჩამოვყალიბდე ნამდვილ მოქალაქედ. ჩემმა ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ქეთევან კუხიანიძემ როცა ამ კონკურის შესახებ მითხრა, ბევრი არ მიფიქრია და გადავწყვიტე პროექტი გამეკეთებინა მიუსაფარ ცხოველებზე. პროექტი მიმართული იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ და პროექტის სახელიც აქედან მოდის ,,მიუსაფარი ძაღლები და საზოგადოება: პრობლემები და გამოწვევები. მიხარია, რომ ჩემი პროექტი ხუთ გამარჯვებულს შორის მოხვდა. ამით მომეცა საშუალება მიუსაფარი ძაღლების პრობლემებზე, მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ხმამაღლა და საჯაროდ მესაუბრა. სამომავლოდაც შევეცდები წვლილი, შევიტანო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში“,- ამბობს სტუდენტი ტარიელ ხურციძე.

სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობის პროექტები სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ორგანიზებით, საუნივერსიტეტო კურსის ,,დემოკრატია და მოქალაქეობის’’ ფარგლებში მომზადდა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში და ყოველწლიურად წარმატებებს აღწევენ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური