„წინასწარ გათვლა რთულია და რომელიმე უნივერსიტეტის დადანაშაულება არასწორი“ – სტუ-ის რექტორი კორონავირუსის გავლენაზე
„კონკრეტულად კორონავირუსისთვის არათუ მსოფლიოს რომელიმე უნივერსიტეტი, სახელმწიფოებიც კი არ იყვნენ მომზადებულნი, რადგან ეს, გარკვეულწილად, მოულოდნელი მოვლენა გახლდათ”, -ასე პასუხობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი EDU.ARIS.GE-ს კითხვას იმის შესახებ თუ რა გაკვეთილი ისწავლა კორონავირუსის გამო გამოწვეული კრიზისიდან ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რა სახის დისტანციური სწავლება შესთავაზა სტუდენტებს და რამდენად გამართულია ის.
დავით გურგენიძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე საუბრობს და ამბობს, რომ მიმდინარე კრიზისის დაწყებამდე, უნივერსიტეტს, უკვე ჰქონდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტუდენტებისთვის ლექცია-სემინარებისა და გამოცდების ელექტრონული ფორმით ჩატარების გამოცდილება. სწორედ ამ გამოცდილებას დაეფუძნა და სპეციალურად ფართომასშტაბიანი დისტანციური სწავლებისთვის განახლდა აქამდე არსებული საუნივერსიტეტო ელექტრონული პლატფორმა elearning.gtu.ge, რომელიც Moodle-ის სისტემას ეფუძნება.
„იმის გათვლა, თუ რა ეპიდემიოლოგიური, ბუნებრივი ან სხვა ტიპის კატასტროფა წარმოიშვება, წინასწარ რთულია და რომელიმე უნივერსიტეტის ან სახელმწიფოს დადანაშაულება მოუმზადებლობაში, არასწორად გვეჩვენება. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმოკლეს დროში ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები. ელექტრონული სწავლების პლატფორმა, დღეისათვის, გამართულად ფუნქციონირებს და მასზე შეუფერხებლად წვდომა სამივე საფეხურის ყველა სტუდენტისთვისაა შესაძლებელი. რაც მთავარია, ჩვენს ელექტრონულ პორტალს მძლავრი ტექნიკური უზრუნველყოფა აქვს და კარგად უძლებს სტუდენტთა დიდი რაოდენობის ერთდროულად შესვლას.
„ტექნიკურ უნივერსიტეტის ელექტრონულ პლატფორმაზე ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სალექციო კურსებისა და დავალებების ატვირთვის პარალელურად, ონლაინ ლექციები 30 მარტიდან მიმდინარეობს და მათი რაოდენობა, მოცემულ ეტაპზე, 4 500-ს აღემატება. ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს ონლაინ ლექციები Zoom და BBB ვებ-საკონფერენციო აპლიკაციების საშუალებით უტარდებათ.
“ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შეიმუშავა პროექტი და უკვე შესაძლებელია ელექტრონულ ფორმატში პრაქტიკული და ლაბორატორიული (ვირტუალური) მეცადინეობების ჩართვა. რაც შეეხება სასაწავლო-საწარმოო პრაქტიკასა და იმ ლაბორატორიულ-პრაქტიკულ მეცადინეობებს – ხატვა, კლაუზურა და სხვა, რაც პედაგოგისა და სტუდენტის უშუალოდ ჩართვას მოითხოვს, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდგომ განხორციელდება.
„მნიშვნელოვანი ეტაპია ელექტრონული შეფასების სისტემის დანერგვა – თითოეულ სასწავლო კურსს, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი შეფასების სისტემა აქვს, რომელიც აუცილებლად აისახება შეფასების ელექტრონულ სისტემაში და მოიცავს შეფასების კომპონენტებს, შეფასების მეთოდებს, რაც შეფასების კრიტერიუმებით იზომება. შეფასების ფორმაში გათვალისწინებულია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შეფასება ხდება იმავე სემესტრში, რომელშიც სწავლება ხორციელდება”, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება