GE

წლების შემდეგ გახსენებული სასკოლო ტრავმები

ფსიქოლოგები ხშირად გვახსენებენ, რომ ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ფორმით ვლინდება და განსაზღვრავს ჩვენს ქცევებს –  თითქოს უმნიშვნელო ქმედებამაც კი, შესაძლოა, ღრმა კვალი დატოვოს ჩვენში, ან მთლიანად შეცვალოს ის.

ადამიანთა გონებაში დალექილი მატრავმირებელი ისტორიების ნაწილი სკოლას უკავშირდება. მეტიც, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში, წლების შემდეგაც კი, ადამიანები ადვილად იხსენებენ იმ ისტორიებს, რომლებმაც თავის დროზე ისინი ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად ან/და მორალურად დააზიანა.

კატო ქოთოლაშვილი (სკოლა დაამთავრა 2002 წელს):

unnamed (6)ხაზვა მაინტერესებდა. ძალიან მინდოდა რომ მცოდნოდა, მაგრამ მასწავლებელი ნორმალურად არ გვასწავლიდა და საგაკვეთილო დროს ფუჭად ხარჯავდა. მერე კი, სახლში დავალებებს გვაძლევდა, რომელთა შესრულებაც ყოველთვის მიჭირდა. ერთხელ ავდექი და დედაჩემს ვთხოვე დახმარება – დედას საინჟინრო აქვს დამთავრებული და მარტივად დამეხმარა, ამიხსნა ყველაფერი და დამახაზინა.

ის ფურცელი დღემდე შენახული მაქვს. მახსოვს, მეორე დღეს სიხარულით წავიღე შესრულებული დავალება გაკვეთილზე, ნახა მასწავლებელმა და შენ დახაზეო, მკითხა. ვუთხარი, რომ  კი, დედაჩემმა კარგად ამიხსნა და ასე დავხაზე-მეთქი. არ დამიჯერა და დაფასთან გამიყვანა, დამაყენა და გაბრაზებული ტონით მომთხოვა, გამემეორებინა –  ვერაფრით გამომივიდა, უფრო რთული აღმოჩნდა მასშტაბების აღება, თან ძალიან დავიბენი და დავიძაბე. ჰოდა, მიმიყვანა თავის მაგიდასთან, დამალაგებინა იმ ჩემს საცოდავ ნახაზზე ხელები და სახაზავი ჩამარტყა ორჯერ. ძალიან ვინერვიულე, ბევრი რამის გამო. ჯერ ერთი, იმის გამო, რომ რაღაც გავაკეთე  და არ დამიფასდა; მეორე – ტყუილი დამაბრალეს და მესამე თავი ვერ დავიძვრინე მაგ სიტუაციიდან. ეგ იყო და ეგ, მის გაკეთილზე აღარასოდეს შევსულვარ. ვერავინ მაიძულა გადაფიქრება.

unnamed (2)რეზო ნადირაძე (სკოლა დაამთავრა 2002 წელს):

ჩემს  ოჯახს ახლაც უჭირს და მაშინაც, მოგეხსენება, როგორ უჭირდა ხალხს. სკოლაში ფონდის ფულს გვთხოვდნენ ხოლმე, თუ სწორად მახსოვს, 5 ლარს.

მე ვერ მიმქონდა, რასაც ძალიან განვიცდიდი. თან, ფულის შეგროვება რომ იწყებოდა, რეგულარულად კითხულობდნენ იმათ გვარ-სახელებს, ვისაც მისატანი გვქონდა – 29 ბავშვი, ვისაც ეს ფული უკვე მიტანილი ჰქონდა, რამდენიმე თანაკლასელს გვახსენებდა, რომ ჩვენც დროულად მიგვეტანა. ხანდახან ამის გამო სკოლაში არ წავსულვარ.

თინათინ მანია (სკოლა დაამთავრა 2003 წელს):

ერთხელ დაფაზე რაღაცას ვჯღაბნიდი და კლასის ერთ-ერთმა „ყოჩმა“ – სოსო ერქვა – წამოიძახა, ეს თიკო რობოტს არ ჰგავსო? გაიცინეს ვიღაცებმა და ცოტა ხანი მეძახდნენ ასე.

არ ვიცი, რითი ვგავდი რობოტს, მაგრამ რომ გავიგონე, გული შემეკუმშა. ხუმრობით არ იყო ეს ნათქვამი, არც მეგობრულად – სულ ასე მკბენდა ხოლმე ბოროტულად.  წლების მერეც კი,  სიტყვა „რობოტზე“ მძაფრი რეაქციები მქონდა. ახლაც მექნება, მგონი, ვიღაცამ რომ დამიძახოს.

unnamed (3)იქრია გელაშვილი (სკოლა დაამთავრა 1996 წელს)

მახსოვს ჩემს კლასში ძალიან ბევრი ბავშვი იყო, ვის „მამიკოებსაც“ ფული ჰქონდათ. ხოდა, ეცვათ გამორჩეულად,  მასწავლებლებზე უკეთესადაც კი. მოკლედ, კლასი კასტებად იყო დაყოფილი.

ეხლა ცოტა მეცინება, მაგრამ მაშინ ძალიან დიდი ტრამვა იყო ჩემთვის. იმდენად დიდი, რომ ერთხელ თოვლის პაპას დავუწერე მოხარშული ჯინსის შარვალი მინდა-მეთქი.

თან ისიც მივაყოლე, კოოპერატივის არ იყოს-მეთქი. მაშინ ბევრი ბავშვი ამ კუთხით იღებდა ტრავმებს, ბავშვებიც რიყავდნენ ამის გამო ერთმანეთს.

 მიხეილ ჯაფარიძე (სკოლა დაამთავრა 2004 წელს):

დაწყებით კლასში ვიყავი. შემთხვევით მოვისმინე, მასწავლებელი როგორ ამბობდა ერთ ერთ ბავშვზე, მთელი ყურადღებით, თვალებგაფართოებული მისმენსო, კარგი ბავშვიაო.

unnamed (1)ცოტა ხანში მეც ვცადე იგივეს გაკეთება – იმავე მასწავლებელს ვუსმენ შეგნებულად, განზრახ გაფართოვებული თვალებით.

მგონია, რომ შემაქებს, და უცებ მესმის ხმა, დაჯექი წესიერად, თორემ გადმოგაყრევინებ მაგ დაჭყეტილ თვალებსო. ახლა შესაძლოა, სასაცილო ჩანდეს ეს ამბავი, მაგრამ მაშინ ასე არ ყოფილა.

რასთან ასოცირდება სკოლა მაღალკლასელ მოსწავლეებში

მოამზადა გვანცა დოლუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური